საველე ცდების მოწყობა
წაღვერის პუნქტის საცდელ ნაკვეთებზე ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის გამძლეობის გენეტიკის განყოფილების თემატიკის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კვლევების საერთაშორისო ცენტრებთან (CIMMYT, ICARDA) თანამშრომლობის ეგიდით, სხვადასხვა სახეობის მცენარე დაირგო. 28-29 ოქტომბერს ინფექციის ბუნებრივ ფონზე შეფასების მიზნით ხორბლის დაავადებების საერთაშორისო „ხაფანგი“ სანერგეები (300 ნიმუში) დაითესა, ხოლო მოსავლის მიღების მიზნით - საქართველოში გავრცელებული ხორბლის კომერციული ჯიშები „ბეზოსტაია 1“, „ლომთაგორა 123“ და საკონტროლო დაავადებებისადმი მიმღები ჯიში „მოროკო“. 6 ნოემბერს ქობულეთში, ინსტიტუტის საცდელ ნაკვეთებზე დაირგო მარცვლოვანთა ახალი საერთაშორისო სანერგეები და 80 გამძლეობის გენების შემცველი იზოგენური ხაზისგან შედგენილი საერთაშორისო ნაკრები. გარდა ამისა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს სასოფლო სამეურნეო კვლევების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ხორბლის, ქერის, ჭვავის, ტრიტიკალეს ჯიშების (სულ 50 ჯიში) ნერგები დათესეს მკვლევრებმა დაავადებებისადმი გამძლეობის დონისა და სხვა მნიშვნელოვანი თავისებურებების შესწავლის მიზნით.