განყოფილების შესახებ
1964 წლის 4 თებერვალს ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალში (ამჟამად ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი) დაფუძნდა იმუნიტეტის გენეტიკის ლაბორატორია. ლაბორატორიის ძირითადი სამეცნიერო მიმართულება იყო ამიერკავკასიაში გავრცელებული ხორბლის ჟანგოვანი და სეპტორიოზული დაავადებების, ბრინჯის ბლასტის გამომწვევი მიკროორგანიზმების შიდასახეობრივი მრავალფეროვნების შესწავლა და დაავადებების მართვის სხვადასხვა საშუალებების სკრინინგი.
მარცვლოვანთა პარაზიტების შიდასახეობრივი პოლიმორფიზმის, პოპულაციების შიგნით მიმდინარე ევოლუციური პროცესების მიმართულებისა და კანონზომიერების კვლევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მთელ მსოფლიოში და საქართველოში, როგორც მარცვლოვანთა წარმოშობის ერთ-ერთ სამშობლოში, სადაც მარცვლოვანი კულტურების და მათი პათოგენების ევოლუცია ერთდროულად მიმდინარეობდა. აღნიშნული კვლევების შედეგად მიღებული ინფორმაცია უდევს საფუძვლად დაავადებებისადმი გამძლე გენოტიპების მიღებისა და არსებული გამძლეობის გაუმჯობესების მიზნით განხორციელებულ სელექციურ კვლევებს.
1964 წლიდან პირველად საქართველოში დაიწყო ხორბლის ღეროს ჟანგას გამომწვევის, ხოლო 1968 წლიდან ხორბლის ყვითელი ჟანგას და მურა ჟანგას გამომწვევის ბიოლოგიური და ეკოლოგიური ასპექტების, გავრცელების და განვითარების თავისებურებების, პათოგენთა პოპულაციების რასობრივი, ბიოტიპური და პათოტიპური სტრუქტურის კვლევა, პათოგენთა ბუნებრივ და ხელოვნურ ფონზე ადგილობრივი და ინტროდუცირებული სასელექციო მასალის გამოცდა და გამძლეობის ეფექტური წყაროების გამოვლენა.
1976 წლიდან ლაბორატორიაში დაიწყო ბრინჯის ძირითადი დაავადების - ბლასტის, ხოლო 1994 წლიდან - მარცვლოვანთა ნაცრების პოპულაციურ-გენეტიკური კვლევა. ზემოთ აღნიშნულ პათოგენთა გავრცელების არეალის დადგენის მიზნით კვლევითი სამუშაოები მოიცავდა მთელ ამიერკავკასიას და ჩრდილოეთ კავკასიას.
ქობულეთის გარემო პირობები უნიკალურია დაავადებათა ხელოვნური ინფექციური ფონის გამოყენებით საველე ცდების ჩასატარებლად, რაც განპირობებულია საცდელი კულტურების კომერციული ნათესებისაგან ბუნებრივი იზოლაციით და სოკოვანი პათოგენების განვითარებისთვის ხელსაყრელი, თბილი და ნოტიო კლიმატით.
პათოგენთა მუდმივი ცვალებადობის გამო პოპულაციების გენეტიკური სტრუქტურა განუწყვეტლივ იცვლება, რაც განაპირობებს შიდაპოპულაციური ცვლილებების სისტემატური მონიტორინგის აუცილებლობას. ამდენად, მარცვლოვანთა ძირითადი პათოგენების პოპულაციების შიდასახეობრივი სტრუქტურის შესწავლა კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური მეთოდებით დღესაც გრძელდება განყოფილებაში.
2011 წლიდან რსუ-ს სამეცნიერო ცენტრის დაარსებასთან დაკავშირებით, აღნიშნული ლაბორატორია რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების სამეცნიერო მიმართულების შემადგენლობაში შევიდა. რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის სამეცნიერო საბჭოს 2011 წლის 21 ოქტომბრის № 2 სხდომის დადგენილებით ლაბორატორია იწოდება გამძლეობის გენეტიკის განყოფილებად. ამჟამად, გამძლეობის გენეტიკის განყოფილება ფუნქციონირებას აგრძელებს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში.
სამეცნიერო თემატიკა
გამძლეობის გენეტიკის განყოფილება მუშაობს 3 ძირითადი მიმართულებით:
- სასოფლო-სამეურნეო კულტურათა დაავადებების მონიტორინგი: კარტოფილის, მარცვლოვანი და ბოსტნეული კულტურების დაავადებების მონიტორინგი საქართველოს სხვადასხვა აგროკლიმატურ ზონაში მცენარეთა ნათესების გამოკვლევის, დაავადებათა გავრცელებისა და განვითარების ინტენსიობის დადგენის, დაავადების ნიმუშების შეგროვების გზით.
- პოპულაციური გენეტიკა: მარცვლოვანთა ძირითადი დაავადებების გამომწვევ მიკრორგანიზმთა შიდასახეობრივი ცვალებადობის შესწავლა; პათოგენების ვირულენტობის გენოფონდისა და პათოტიპური სტრუქტურის იდენტიფიკაცია, კარტოფილის საკარანტინო დაავადების - კარტოფილის კიბოს რასობრივი შემადგენლობის, პათოგენთა შიდაპოპულაციური ცვლილებების მიმართულების განსაზღვრა, გავრცელებულ პათოგენთა რასების რისკის განსაზღვრა და სხვა.
- იმუნოლოგიური შეფასება: ადგილობრივი და ინტროდუცირებული სასელექციო მასალის გამძლეობის დონის შეფასება სხვადასხვა პათოგენის მიმართ სათბურისა და მინდვრის პირობებში, ბუნებრივი და ხელოვნური ინფექციური ფონის გამოყენებით; დაავადებებისადმი ეფექტური გამძლეობის გენებისა და ახალი გამძლეობის წყაროების გამოვლენა სასელექციო პროგრამებში ჩართვის მიზნით.
- მნიშვნელოვანი ბოსტნეული კულტურების საქართველოში გავრცელებული ჯიშების იმუნოლოგიური შეფასება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებებისადმი.
- დაავადებათა კონტროლის ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებების ეფექტურობის დადგენა
- ფიტოპათოგენთა კულტურათა კოლექციის შევსება.
გამძლეობის გენეტიკის განყოფილება წარმატებით თანამშრომლობს შემდეგ ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციებთან:
- სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი;
- მინესოტას უნივერსიტეტის მარცვლოვანთა დაავადებების ლაბორატორია;
- ხორბლისა და სიმინდის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრი CIMMYT;
- სოფლის მეურნეობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი მშრალი რეგიონებისთვის ICARDA;
- მარცვლოვანთა ჟანგების გლობალური მონიტორინგის ბორლაუგის პროგრამა-BGRI;
- ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთის აგრარული უნივერსიტეტი, მარცვლეულთა სტრესის ბიოლოგიის ლაბორატორია;
- ნიდერლანდების მცენარეთა დაცვის ეროვნული ორგანიზაცია (NPPO);
- ვაგენინგენის უნივერსიტეტი, ნიდერლანდები;
- პოლონეთის სელექციის და აკლიმატიზაციის ინსტიტუტი;
- უკრაინის მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი;
უკან |