განყოფილების შესახებ
მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილება ჩამოყალიბდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის დადგენილების საფუძველზე ორი სამეცნიერო განყოფილების - მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკის და დაავადებებისგან დაცვისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილებათა გაერთიანების შედეგად.
მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და დაავადებებისგან დაცვის განყოფილება შეიქმნა ფიტოპათოლოგიის საკავშირო სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის დაარსებისთანავე, 1959 წელს და იწოდებოდა ფიტოპათოლოგიის ლაბორატორიად, ხოლო 2010 წლის მაისიდან ფუნქციონირებდა, როგორც მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და დაავადებებისაგან დაცვის განყოფილება. ლაბორატორიას შექმნის დღიდან ხელმძღვანელობდნენ: პლატონ ქვარცხავა, რეზო გუნთაიშვილი, ვლადიმერ ლებედევი, ანატოლი კლაჩკო, ედუარდ მეგრელიძე. ლაბორატორიის მიზანი იყო დაავადებების ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა; დაავადების გამომწვევთა პოპულაციების სახეობრივი შედგენილობის იდენტიფიკაცია: პათოგენთა ბიოლოგიის და კულტურალურ – მორფოლოგიური თვისებების შესწავლა.
მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია მცენარეთა იმუნიტეტის ინსტიტუტში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის დაფინანსებით (პროექტი G-1093p) 2007 წელს შეიქმნა. ლაბორატორიის თანამშრომლებმა მიკოლოგიის, ბაქტერიოლოგიის, მოლეკულური ბიოლოგიის და კულტურათა კოლექციის მიმართულებით გაიარეს სტაჟირება დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ სამეცნიერო ცენტრში (Central Scientific Laboratory York, UK).
მოლეკულური დიაგნოსტიკა, როგორც ცალკე მიმართულება, სწრაფად განვითარდა 70-იანი წლების დასაწყისში. 1985 წელს პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) აღმოჩენამ საფუძვლიანად შეცვალა მოლეკულური ბიოლოგიის არსი. PCR- ანალიზს განსაკუთრებული ადგილი უკავია თანამედროვე დიაგნოსტიკაში, PCR-მეთოდმა ლაბორატორიული დიაგნოსტიკა აიყვანა პრინციპულად მაღალ დონეზე – ნუკლეინის მჟავების (დნმ და რნმ) განსაზღვრამდე, რაც საშუალებას იძლევა პირდაპირ აღმოვაჩინოთ ინფექციის აგენტი ან გენეტიკური მუტაცია ნებისმიერ ბიოტურ და აბიოტურ საკვებ არეზე (ნიადაგი, წყალი დაა. შ.). PCR–ის დიაგნოსტიკური მგრძნობელობა და სპეციფიურობა ბევრად აღემატება კლასიკურ კულტურულ მეთოდს, რომელიც მცენარეთა ინფექციური დაავადებების დიაგნოსტიკაში ცნობილია ,,ოქროს სტანდარტად”. გარდა ამისა, PCR დიაგნოსტიკა წარმატებით გამოიყენება დაავადებებისადმი მცენარეთა გამძლეობის სელექციაში. კერძოდ, PCR ანალიზი საშუალებას იძლევა სასელექციო მასალაში გამოვლენილი იქნას კონკრეტული დაავადებისადმი გამძლეობაზე პასუხისმგებელი გენები.
განყოფილებას ეკუთვნის წაღვერის საყრდენი პუნქტი, სადაც ფიტოპათოლოგიის ინსტიტუტმა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები დაიწყო 60-იან წლებში და დღემდე გრძელდება. ვინაიდან, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი აწარმოებს საკარანტინო ობიექტების (დაავადებები, მავნებლები, სარეველები) მონიტორინგს და დიაგნოსტიკას საქართველოს ყველა რეგიონში, ამიტომ წაღვერის საყრდენი პუნქტი თავისი მიკროკლიმატური პირობებით არის მნიშვნელოვანი საკვლევი ზონა ფიტოსანიტარული მდგომარეობის მრავალწლიანი პროგნოზის შედგენისა და დაავადებებთან ბრძოლის სტრატეგიის შემუშავებისთვის.
არსებობიდან დღემდე წაღვერის საყრდენი პუნქტის საცდელ ნაკვეთზე ითესებოდა მარცვლოვანთა იზოგენური ხაზები და ჯიშები ხორბლის სხვადასხვა დაავადების მიმართ გამძლეობის დადგენისა და ჩანასახოვანი პლაზმის ბანკის შენახვა-შევსებისთვის სათესლე მასალის გაახლების მიზნით. გარდა ამისა, სამეცნიერო-თემატური გეგმით გათვალისწინებულია ტრადიციული და ინტროდუცირებული სიმინდის და კარტოფილის ჯიშებისა და ჰიბრიდების ეკოლოგიური გამოცდა წაღვერში. კვლევის მიზანია ჯიშთა ფენოფაზებსა და კლიმატს შორის კავშირის, ფიტოსანიტარული მდგომარეობისა და სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის გაფართოებული კომპლექსური შესწავლა ორ განსხვავებულ აგროეკოლოგიურ ზონაში (ქობულეთი-წაღვერი).
სამეცნიერო თემატიკა
მცენარეთა ეკონომიურად მნიშვნელოვანი დაავადებების მონიტორინგი, დიაგნოსტიკა და დაავადებათა გამომწვევი პათოგენების ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა კლასიკური და თანამედროვე მოლეკულური მეთოდებით.
ქვეთემა 1: ძირითადი ერთწლიანი ს/სამეურნეო კულტურების დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების ბიოლოგიის შესწავლა.
- კარტოფილის ბაქტერიული დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა;
- კარტოფილის სოკოვანი დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა;
- საქართველოში სიმინდის და რაიონებულ ჯიშებსა და ინტროდუცირებულ ჰიბრიდებზე გავრცელებულ დაავადებათა მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა.
ქვეთემა 2: ძირითადი მრავალწლიანი სუბტროპიკული კულტურების დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების ბიოლოგიის შესწავლა.
- ციტრუსების დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა;
- კივის და თხილის დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა;
- სხვადასხვა პერსპექტიული კულტურების (მოცვი, სტევია) დაავადებების მონიტორინგი და ძირითადი გამომწვევი პათოგენების შესწავლა.
ფიტოპათოგენთა არსებული კოლექციის გაახლება და ახალი შტამების მიღება–შენახვა.
- Phytophthora infestans არსებული კოლექციის განახლება და ახალი შტამების შენახვა;
- კარტოფილის მიკრომიცეტთა არსებული კოლექციის განახლება და ახალი შტამების მიღება-შენახვა;
- კარტოფილის ბაქტერიული პათოგენების კოლექციის შექმნა;
- სიმინდის მიკრომიცეტთა კოლექციის განახლება და შევსება;
- კივის და თხილის მიკრომიცეტთა კოლექციის განახლება და შევსება;
- ციტრუსების მიკრომიცეტთა კოლექციის განახლება და შევსება;
- მოცვისებრთა გვარის დაავადებების გამომწვევი სპათოგენების კოლექციის შექმნა.
განყოფილება თანამშრომლობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან:
- საქართველოს შემოსავლების სამსახური;
- სურსათის ეროვნული სააგენტო;
- ბაქტერიოფაგიის მიკრობიოლოგიის და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი;
- სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი;
- ისრაელის სოფლის მეურნეობის კვლევის ორგანიზაციის მცენარეთა პათოლოგიისა და სარეველების კვლევის დეპარტამენტთან (Department of Plant Pathology and Weed Research, ARO, Volcani Center, Rishon LeZion POB 15159, Israel);
- მრავალ კერძო კომპანიასა და ფერმერთან.
უკან |