სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლის ქართულ სავანეში
4 დეკემბერი 2014 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა სტამბოლის ქართულ სავანეში, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ფონდთან შექმნილ ბიბლიოთეკასა და არქივში სამეცნიერო ექსპედიცია აწარმოეს. ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლები: შუშანა ფუტკარაძე (განყოფილების ხელმძღვანელი), ნარგიზ ახვლედიანი, ციალა ნარაკიძე და დოქტორანტი შორენა ფუტკარაძე სავანეში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ექსპედიციის წევრებმა შეისწავლეს და აღწერეს სავანეში დაცული ბიბლიოთეკა (5135 წიგნი), აღმოჩნდა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ლათინურ ენებზე შექმნილი ლიტერატურა საქართველოს შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი უცნობია ქართველი მკითხველისათვის.