ფოლკლორის განყოფილება 1969 წელს შეიქმნა, სადაც მეცნიერები ზეპირსიტყვიერ შემოქმედებასთან ერთად პარალელურად იკვლევენ დიალექტოლოგიის აქტუალურ საკითხებს.
ფოლკლორისა და ლინგვისტიკის განყოფილებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერებისა და აჭარული დიალექტის შესწავლის საქმეში. განყოფილების არსებობის მანძილზე სამ ათეულზე მეტი ფოლკლორულ–დიალექტოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით, რომლის შედეგად შეიქმნა ინსტიტუტის ფოლკლორულ–დიალექტოლოგიურ ხელნაწერთა ფონდები. რომელთა მეცნიერული ღირებულება ფასდაუდებელია ქართული ზეპირსიტყვიერი შემოქმედების, ხალხური მუსიკალური კულტურისა და დიალექტოლოგიური კვლევა–ძიების საქმეში. 1958–1966 წლებში 15–მდე ექსპედიცია მოეწყო მუსიკალურ–ფოლკლორული მასალების შესაკრებად, რასაც სპეციალური მონოგრაფია მიეძღვნა.
ფოლკლორის განყოფილება გამოსცემდა ორ თემატურ კრებულს: “სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ზეპირსიტყვიერება” და “აჭარული დიალექტის დარგობრივი ლექსიკა”.
2014 წლიდან ფოლკლორის განყოფილებას დაემატა ემიგრანტული ლიტერატურის კვლევა, სადაც შეისწავლება ემიგრანტი მწერლების, პოეტებისა და სოციოლოგების ნაშრომები.
განყოფილების მნიშვნელოვან გამოცემათა შორის აღსანიშნავია კრებული „გამონათლევი“, რომელიც მიეძღვნა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის იუბილეს.
ასევე, მიმდინარეობს ინსტიტუტის ფონდებში დაცული ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური მასალის გამოქვეყნება კრებულის -„აჭარული საუნჯის“ სახით. ამჟამად გამოცემულია კრებულის ოთხი ტომი და გადაცემულია გამოსაცემად „აჭარული საუნჯის“ მეხუთე ტომი. აღნიშნულთან ერთად, განყოფილება 2018 წლიდან აქტიურად მუშაობს „აჭარულ და ტაო-კლარჯულ კილოთა სიტყვის კონის“ მომზადება-გამოცემისათვის.
დასრულდა მუშაობა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ სტამბულის ქართულ სავანეში მოპოვებული მასალების გარკვეულ ნაწილზე. მომზადდა მასალათა კრებული „სტამბოლის ქართული სავანის ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობა“, ტომი მეორე (2021 წ.). კრებულის პირველი ტომი კი, გამოიცა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო გრანტის ფარგლებში.
ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ საერთაშორისო თუ რესპუბლიკურ სამეცნიერო კონფერენციებში. მათ მიერ მომზადდა არაერთი მონოგრაფია, კრებული თუ სამეცნიერო სტატია, რომლებშიც შესწავლილია სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ფოლკლორის, აჭარული დიალექტისა და ონომასტიკის აქტუალური საკითხები. ამ მიმართებით საქმიანობა კვლავაც გრძელდება. პარალელურად, განყოფილების თანამშრომლები ჩართულნი არიან საექსპედიციო საქმიანობაშიც
უკან |