საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების (შუშანა ფუტკარაძე, როინ მალაყმაძე, ელზა ფუტკარაძე, ნაილა ჩელაბაძე, თამილა ლომთათიძე) საგრანტო პროექტი დააფინანსა, რომელიც სავანეში დაცული ეპისტოლური და მემუარული მემკვიდრეობის შეწავლას ითავლისწინებს. პროექტის ფარგლებში მკვლევართა მივლინება სტამბოლის ქართველთა სავანეში ორჯერ განხორციელდა.
სტამბოლის ქართველთა სავანე, ქართული კულტურის მნიშვნელოვანი კერაა რომლის დამფუძნებელი იყო ახალციხელი მამა პეტრე ხარისჭირაშვილი. მან სტამბოლის უბანში ფერიქოიში (ანგელოზთა სოფელი) 1861 წელს ააშენა ეკლესია და დააფუძნა დედათა და მამათა მონასტრები. 1870 წლისათვის გაიხსნა ქართული სტამბა, შემდეგ კი ქართულ -ფრანგული, ქართულ-ბერძნული ქალთა და ვაჟთა სასწავლებლები. სავანეში 1908 წელს გაიხსნა აკაკი წერეთლის სახელობის ბიბლიოთეკა, სადაც დღემდე დაცულია უნიკალური ქართული და უცხოური გამოცემები. წლების განმავლობაში აქ იგზავნებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ემიგრანტული ლიტერატურა. ბიბლიოთეკაში წიგნები და ჟურნალ-გაზეთები 17 ენაზეა დაცული.
სავანის აღზრდილები არიან ცნობილი მეცნიერები, მწერლები, საზოგადო მოღვაწეები: ივანე გვარამაძე (ვინმე მესხი), მიხეილ თამარაშვილი, მიქელ თარხნიშვილი, შალვა ვარდიძე, ელისაბედ ბეჟანიძე, პეტრე მერაბიშვილი და სხვ. სავანეს 1921 წლის მარტში თავი შეაფარა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარგარეთ გახიზნულმა მთავრობამ.
1966 წელს ეკლესია-მონასტრის მოვლა-პატრონობისათვის შეიქმნა ფონდი, რომლის თავმჯდომარედ აირჩიეს პავლე ზაზაძე. მისი გარდაცვალების შემდეგ კი, სავანეს მემკვიდრეები სიმონ და პავლე (პოლ) ზაზაძეები პატრონობენ.
უკან |