მემბრანული ტექნოლოგიის განყოფილება ერთადერთია საქართველოში, რომელიც მუშაობს უახლესი მემბრანული ტექნოლოგიების შემუშავების, სრულყოფის და გამოყენების მიმართულებით. განყოფილებაში შემუშავებულია ელექტრომემბრანული, ბარომემბრანული და სორბციული ტექნოლოგიური სქემები, აპარატურა, სინთეზირებულია მემბრანები, რომლებიც გამოიყენება ქიმიური, ფარმაცევტული, სამედიცინო, კვების, ბუნების დაცვის, გადამამუშავებელი მრეწველობის, აგროსამრეწველო სფეროს ცალკეულ დარგებსა და ფირმებში.
ბათუმში მემბრანული აპარატებისა და პროცესების კვლევების ცენტრის ჩამოყალიბების იდეა ეკუთვნის პროფესორ კირილე სალდაძეს. მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა იონგაცვლითი მემბრანები, რამაც დასაბამი მისცა მრეწველობის სხვადასხვა დარგში მემბრანული პროცესებისა და აპარატების გამოყენებას იონგაცვლით ფისებთან ერთად, განსაკუთრებით, სპეციალური ტექნიკის დარგებში (ატომური და თბოენერგეტიკის).
მემბრანული ტექნოლოგიური პროცესებისა და აპარატების შექმნას და გამოცდას სჭირდებოდა სხვადასხვა სითხის (ხსნარების) ძალიან დიდი რაოდენობა. პროფესორ კირილე სალდაძემ მიაგნო უნივერსალურ ხსნარს - ზღვის წყალს, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იყო ნებისმიერი ექსპერიმენტის ჩატარება. მისი ხელშეწყობით 1968 წელს ბათუმში ფუნქციონირება დაიწყო მოსკოვის პლასტმასების ინსტიტუტის საცდელმა საზღვაო სტენდმა, რომლის ბაზაზე 1973 წელს ჩამოყალიბდა მოსკოვის საკავშირო პლასტმასების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ბათუმის №113 ლაბორატორია. ამ პერიოდისათვის აქ მუშაობდა 110 მეცნიერ-თანამშრომელი და დამხმარე პერსონალი.
1984 წელს ბათუმის №113 ლაბორატორია გარდაიქმნა მოსკოვის საკავშირო პლასტმასების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის №23 განყოფილებად. განყოფილების შემადგენლობაში იყო ოთხი ლაბორატორია და საცდელი საამქრო. ეს იყო ერთადერთი კვლევითი ორგანიზაცია საბჭოთა კავშირში, რომელიც კომპლექსურად იკვლევდა მემბრანულ-სორბციულ პროცესებს, ტექნოლოგიებსა და აპარატებს, ქმნიდა ახალი თაობის სხვადასხვა დანიშნულების აპარატებსა და იონგაცვლითი ფისების მოდიფიკაციებს სპეციალური დანიშნულებისათვის. შედეგად საკავშირო ჟურნალებში გამოქვეყნდა ათობით სტატია, დაცული იქნა მრავალი საკანდიდატო დისერტაცია, თანამშრომლებს მიღებული ჰქონდათ ათობით საავტორო მოწმობა გამოგონებებზე.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ №23 განყოფილება ჩამოყალიბდა ბათუმის მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად.
2006 წლიდან საქართველოს მთავრობის დადგენილებით მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი შეუერთდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
ინსტიტუტში მიმდინარეობდა კვლევები შემდეგი მიმართულებით:
- თერმო და ქიმიურად მდგრადი, მოდიფიცირებული მემბრანების სინთეზი, გამოკვლევა და მათი პარამეტრების განსაზღვრა;
- სასმელი წყლის გაუსნებოვნება მემბრანული ფილტრაციის მეთოდით;
- მინერალური წყლებიდან მშრალი ფხვნილების მიღება კომპლექსური მემბრანული ტექნოლოგიების გამოყენებით;
- ღვინის გაკამკამება და სტერილიზაცია;
- მემბრანული ფილტრაციის აპარატების შემუშავება თხევადი ნარევების დაყოფა-დაწმენდა-კონცენტრირებისათვის;
- ხილის და ბოსტნეულის წვენების წარმოების ნარჩენებიდან პექტინური ნივთიერებებისა და P ვიტამინის მიღება ტრადიციული და ელექტრომემბრანული ტექნოლოგიების კომბინირებით;
- კომპლექსური (ტრადიციული და მემბრანული) ტექნოლოგიების გამოყენებით სოფლის მეურნეობის პროდუქტების და ნარჩენების გადამუშავება ბიოაქტიური ნივთიერებების მისაღებად;
- ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ჩამდინარე წყლების გაწმენდა სორბციული და სხვადასხვა გაფილტვრის მეთოდებით ;
- საწარმოთა ჩამდინარე წყლების გაწმენდა მძიმე მეტალებისაგან (ზღვრულად დასაშვებ კონცენტაციამდე) ელექტრომემბრანული და სორბციული მეთოდებით;
- ბუნებრივ სორბენტებზე ზღვის წყლიდან, მიწისქვეშა წყლებიდან მიკროელემენტების ექსტრაგირება.
მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს მიღებული აქვს 1 საერთაშორისო და 2 საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი.
საერთაშორისო გრანტი- ISTC G1302 „ზღვის წყლიდან ნატურალური კალიუმის სასუქის მიღების ტექნოლოგია“. 2006-2009 წწ.
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი - CNSF / STO 7/7 -250 – „მძიმე ლითონების (უპირატესად სპილენძის) იონების შემცველი ჩამდინარე და გამრეცხი წყლების გაწმენდა ელექტროდიალიზის მეთოდით- ტექნოლოგიის შემუშავება, რეკომენდაციებისა და საწყისი მონაცემების გაცემა ელექტროდიალიზური აპარატების პროექტირებისათვის“, 2008-2009წწ.
საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი- GNSF FR/164/3-200/13 „თხევადი კვების პროდუქტების წარმოებებში მემბრანული ტექნოლოგიის მრავალჯერადად გამოყენებისათვის მემბრანების რეგენერაციის ტექნოლოგიური პროცესებისა და სარეგენერაციო ხსნარების ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციის შემუშავება“. 2014-2017 წწ.
2012 წლიდან ელექტრომემბრანული ტექნოლოგიის, ბარომემბრანების სინთეზის და ტექნოლოგიის განყოფილებები გაერთიანდა და სორბციული პროცესების, ანალიზური ქიმიისა და მიკრობიოლოგიური ანალიზის ლაბორატორიასთან ერთად განაგრძობს ფუნქციონირებას მემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების სახით აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის შემადგენლობაში. ანყოფილების ექსპერიმენტული ლაბორატორიები, საპილოტე მემბრანული და სორბციული დანადგარები, ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზის მოწყობილობები წარმოადგენს საუკეთესო ბაზას ხარისხითა და ცოდნის დონით პრაქტიკულ საქმიანობაზე ორიენტირებული მომავლის სპეციალისტების (მაგისტრანტებისა და დოქტორანტების) მომზადებისათვის.
სამეცნიერო თემატიკაუკან |