ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ რაულ გოცირიძის 60 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა შოთა რუსთაველის დარბაზში. ბატონ რაულ გოცირიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში მემბრანული ტექნოლოგიების განვითარებაში. მკვლევარი ავტორია 74 სამეცნიერო ნაშრომისა და მონოგრაფიისა: „ადამიანის ყოფიერება და წყალი”. მეცნიერს მიღებული აქვს 11 საავტორო მოწმობა და 4 პატენტი.
რაულ გოცირიძე დაიბადა 1955 წლის 17 მარტს ქ. ბათუმში. 1972-1973 წ.წ. წარჩინებით დაამთავრა ქუთაისის ტექნიკური სასწავლებელი და მიენიჭა ელექტრო გამმართველის მე-4 თანრიგი. 1973 წელს ჩააბარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალში, ქიმიურ-ტექნოლოგიურ ფაკულტეტზე. 1974 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქუთაისის ფილიალის ბაზაზე გაიხსნა ნ. ი. მუსხელიშვილის სახელობის ქუთაისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტი. სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები დაიწყო 1975 წელს პროფესორ ნოდარ ლეკიშვილის ხელმძღვანელობით. მის მიერ სინთეზირებული იქნა ახალი სახის დისაზოსაღებარები, რომელიც დაინერგა ქუთაისის აბრეშუმის კომბინატის გამომყვან წარმოებაში. 1978 წელს აღნიშნული თემა მან წარადგინა ქ. ტალინში, ახალგაზრდა მეცნიერთა საკავშირო სამეცნიერო კონფერენციაზე და აიღო პირველი ადგილი.
1978 წელს წარჩინებით დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი და მიენიჭა ინაჟინერ-ქიმიკოს ტექნოლოგის კვალიფიკაცია. ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტი იყო, მეცნიერ-თანამშრომელი, პარლელურად კითხულობდა ლექციებს: „ქიმიური ტექნოლოგიის პროცესები და აპარატები“ და „გამომყვანი წარმოების ქიმიურ ტექნოლოგია“-ში. სტუდენტობის დროს ქუთაისის აბრეშუმის კომბინატის ძაფსაღებ წარმოებაში დანერგა აბრეშუმის ძაფის ეგრეთ წოდებული ცივად ამოღების ტექნოლოგია, რამაც უზრუნველყო როგორც მუშების შრომითი პირობების გაუმჯობესება, ასევე გაზრდა აბრეშუმის ძაფის ამოღება 7-10 პროცენტით. აღნიშნული გამოგონება დაპატენტდა 5 ქვეყანაში.
1983 წელს სწავლა განაგრძო მოსკოვის პლასტმასების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში ასპირანტურის განყოფილებაში, რომელიც დაამთავრა 1987 წელს და მიენიჭა ქიმიის მეცნიერებათა კანდიდატის წოდება, მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის სპეციალობით. ამ პერიოდში ქ. მოსკოვის #3 ხელსაწყოთ მშენებელ ქარხანაში სინთეზირებული უკუოსმოსური მემბრანები დანერგა. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტის ბათუმის 11.3 ლაბორატორიაში უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე. 1987 წლიდან 1990 წლამდე 11.3 ლაბორატორიაში ეკავა უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, სექტორის უფროსის თანამდებობა. ამ წლებში ის ასრულებდა ორ მნიშვნელოვან სამხედრო შეკვეთას. კერძოდ, კოსმონავტებისათვის სასმელი წყლის მიღებასა და მათ მიერ გამოყენებული წყლის კვლავ გამოსაყენებელ კონდიციამდე მიყვანაზე მუშაობდა.
1991 წელს განყოფილების ბაზაზე შეიქმნა ბათუმის მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი, რომლის დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში და ბარომემბრანული ტექნოლოგიების განყოფილების უფროსად დაინიშნა რაულ გოცირიძე. 1991-1997 წლებში მის მიერ სინთეზირებული მიკროფილტრაციული, ულტრაფილტრაციული და უკუოსმოსური მემბრანებით დამზადებული დანადგარები დაინერგა სხვადასხვა წარმოება დაწესებულებებში, როგორც ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო სასმელების, ასევე სხვადასხვა სახის წყლის ფილტრაციისათვის.
1997 წლის ივნისიდან რაულ გოცირიძე დაინიშნა ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, ხოლო 1998 წელს აირჩიეს ბათუმის მემბრანული ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარედ.
2006 წელს ბათუმის მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო -კვლევითი ინსტიტუტი შეუერთდა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს. რაულ გოცირიძე შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, 2009 წელს აირჩიეს შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიური ფაკულტეტის მემბრანული ტექნოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად და მთავარ მეცნიერ თანამშრომელად. 2011 წელს უნივერსიტეტში რეორგანიზაციის შემდეგ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის დირექტორის მოადგილეა აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელია. 2013 წლიდან რაულ გოცირიძე არის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
რაულ გოცირიძეს მოპოვებული აქვს 1 საერთაშორისო და 4 საქართველოს ეროვნული ფონდის სამეცნიერო გრანტი.
უნივერსტიტეტში 2012 წლამდე ის კითხულობდა ლექციებს შემდეგ დისციპლინებში:
- მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმია
- ელემენტორგანულ ნაერთთა ქიმია
- ორგანულ ლიგანდთა ქიმია
- მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიურ ტექნოლოგია
მემბრანული პროცესების თეორიულ საფუძვლები
უკან |