ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევარებმა 2017 წელს, სტამბოლის ქართულ სავანეში განხორციელებული სამეცნიერო ექსპედიციების შედეგები წარმოადგინეს. ექსპედიციის წევრებმა ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის ეკლესია-მონასტერთან არსებულ ბიბლიოთეკასა და არქივში დღემდე უცნობი, თურქეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის უახლესი ისტორიისათვის საინტერესო წყაროები აღმოაჩინეს. მათგან აღსანიშნავია დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მიერ შექმნილი ოფიციალური ხასიათის ბარათები, მუსლიმან ქართველთა ლეგიონთან დაკავშირებული ისტორიული წყაროები, სიმონ მდივნის დღიურები და 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებასთან არსებული ჩანაწერები.
მოპოვებული ისტორიული წყაროების მეცნიერული ღირებულება დიდია იმ მხრივაც, რომ მათი საშუალებით ნათელი ხდება საქართველოს (კერძოდ, აჭარიდან და ისტორიული ტაო-კლარჯეთიდან) თურქეთის რესპუბლიკაში (ოსმალეთში) იძულებით გადასახლებული ქართველების განსახლების სურათი, მათი ოჯახების სოციალური მდგომარეობა, გერმანიისა და ოსმალეთის გეგმები.
ექსპედიციის წევრებმა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორ პავლე ზაზაძის თანადგომით გადაიღეს საარქივო მასალა.
სამეცნიერო ექსპედიცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი მიზნობრივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა.
უკან |