14-18 ივლისს ნიკო ბერძენიშვილის მეცნიერ თანამშრომლები სამეცნიერო მივლინებით ქობულეთის რაიონის სოფლებში: ხუცუბანი, სამება, კოხი, ჭახათი, ზენითი, დაგვა, ჩაქვისთავი იმყოფებოდნენ. მკვლევარებმა აღრიცხეს ამ სოფლებში არსებული მატერიალური კულტურის ძეგლები, კარ-მიდამოები, ტრადიციული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობები, ჭურჭელი, სამუშაო იარაღები, საგზაო ნაგებობები და ა.შ. ექსპედიციის მონაწილეებმა დააფიქსირეს და ჩაიწერეს მასალა ჩაქვისთავში მდებარე უნიკალური საცხოვრებელი სახლის ე.წ. ბეჟანიძეების სასახლის შესახებ. საინტერესო მასალა გამოვლინდა არამატერიალური კულტურის ისეთ ელემენტებზე როგორიცაა: ქორწინება (ნიშნობა, საქორწინო რიტუალი, ახალ პატარძალთან შეხვედრა, მზითeვი), ახალშობილის მოვლა, სახლის მშენებლობა (საძირკველში სხვადასხვა მაგიური ნივთის ჩაგდება, შესაწირავი, ბაირაღის აღმართვა, ნადი).
მკვლევრებმა ასევე დააფიქსირეს საოჯახო ყოფასთან, ხალხურ მედიცინასთან, კულინარიასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, რწმენა-წარმოდგენები და მაგიურ-რელიგიური რიტუალები, ფოლკლორული ნიმუშები. აღსანიშნავია აჭარის მუსიკალური ფოლკლორის ნიმუში ქობულეთური ნადურები, იმუშავეს მუსიკალური და საცეკვაო ფოლკლორის ცნობილ შემსრულებლებთან: ვასაძეებთან, ტაკიძეებთან. საინტერესო მასალა გამოვლინდა უძველეს გართობა-თამაშობებთან დაკავშირებით. დაფიქსირდა როგორც საბავშვო თამაშობების სახელწოდებები და წესები, ასევე, დღეს გასართობად ქცეული უძველესი წეს-ჩვეულებების გადმონაშთები.
ექსპედიციაში მეცნიერ თანამშრომლებმა ჩაწერეს მასალა სამეურნეო წლის სხვადასხვა ეტაპთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენებისა და წეს-ჩვეულებების შესახებ, გვარებთან და ცალკეულ ოჯახებთან დაკავშირებული თქმულებები და გადმოცემები, ხალხური ფოლკლორის ნიმუშები და სხვ.
უკან |