ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების კვლევა-ძიების შედეგების წარდგინება

სურათი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და დეპარტამენტების მიერ ბოლო ერთი წლის განმავლობაში წარმოებული კვლევა-ძიების შედეგების წარდგინება გაიმართა. შეხვედრაზე მკვლევრებმა საქართველოს მეცნიერებთა ეროვნული აკადემიის ანგარიში წარმოადგინეს. შეფასების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა და დეპარტამენტების კვლევებმა მაღალი შეფასება დაიმსახურა, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მიერ მიღებული უმაღლესი შეფასება. კვლევითი ინსტიტუტი რამდენიმე სამეცნიერო პროექტს ახორციელებს. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის სამწლიანი სამეცნიერო პროექტის - „სტამბულის ქართული სავანის ეპისტოლურ და მემუარული მემკვიდრეობა“ ფარგლებში მკვლევრები უახლოეს მომავალში თურქეთში გაემგზავრებიან. სექტემბერში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით მეცნიერები საქართველოს ისტორიული მხარეების - ტაო-კლარჯეთის კვლევას განაგრძობენ. 
 
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 2013 წელს მეცნიერებმა დაიწყეს კვლევა-ძიება ხუთწლიანი პროექტის - “აჭარის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები“ ფარგლებში. დაგეგმილია აჭარის მუნიციპალიტეტების ისტორიულ-არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, ფოლკლორულ-დიალექტოლოგიური შესწავლა. ინსტიტუტის მკვლევართა ჯგუფი ასევე მუშაობს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნიერო გრანტის ფარგლებშიც. მეცნიერები იკვლევენ ართვინის ვილაიეთის (კლარჯეთი) ქართული მოსახლეობის ყოფას (სამეურნეო-საოჯახო, საზოგადოებრივი ყოფა, წეს-ჩვეულებები და სხვ.). 
 
ბოლო პერიოდში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს 3 მონოგრაფია (ნ. კახიძე, ს. გოგიტიძე, ნ. ნოღაიდელი), 1 კოლექტიური მონოგრაფია „აჭარული საუნჯე, I“ შუშანა ფუტკარაძის რედაქტორობით, უჩა ოქროპირიძის ნაშრომი (ფოტოალბომი) „აჭარა ქართულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში“ (1988-1993). გარდა ამისა, ინსტიტუტმა გამოსცა ბათუმის III საერთაშორისო კონფერენციის მასალების III ტომი და სამეცნიერო სტატიების ტრადიციული კრებული - „ჩვენი სულიერების ბალავარი“, V ტომი. მკვლევრებმა სხვადასხვა გამოცემაში გამოაქვეყნეს 45 სამეცნიერო სტატია, მონაწილეობა მიიღეს 30 რესპუბლიკურ და საერთაშორისო კონფერენციაში.

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა