ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრებმა სტამბოლის ქართულ სავანეში, სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ფონდთან შექმნილ ბიბლიოთეკასა და არქივში სამეცნიერო ექსპედიცია აწარმოეს. ინსტიტუტის ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლები: შუშანა ფუტკარაძე (განყოფილების ხელმძღვანელი), ნარგიზ ახვლედიანი, ციალა ნარაკიძე და დოქტორანტი შორენა ფუტკარაძე სავანეში ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. ექსპედიციის წევრებმა შეისწავლეს და აღწერეს სავანეში დაცული ბიბლიოთეკა (5135 წიგნი), აღმოჩნდა ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ, ლათინურ ენებზე შექმნილი ლიტერატურა საქართველოს შესახებ, რომელთა დიდი ნაწილი უცნობია ქართველი მკითხველისათვის.
ექსპედიციის წევრები ასევე აგროვებდნენ ფოლკლორულ–დიალექტოლოგიურ მასალებს ქართველი მუჰაჯირების შთამომავლების დახმარებით. მკვლევრებმა საინტერესო ისტორიული წყაროები მოიპოვეს ცნობილი ქართველების–გაზი ოსმან ფაშისა და დედოფალ მიჰრიშაჰ სულთნის შესახებ.
სამეცნიერო ექსპედიცია სტამბოლის ქართულ სავანეში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის, ბატონ სიმონ ზაზაძისა და მისი ოჯახის ფინანსური დახმარებით განხორციელდა.
უკან |