ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ოთარ თურმანიძე - 80

სურათი
ღვაწლმოსილი მეცნიერისა და პედაგოგის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლის ოთარ თურმანიძის 80 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო სხდომა გაიმართა შოთა რუსთაველის დარბაზში. მკვლევარს იუბილე მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და მის ღვაწლზე ისაუბრეს უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ, ინსტიტუტის დირექტორმა როინ მალაყმაძემ, კოლეგებმა, საზოგადოების წარმომადგენლებმა და მეგობრებმა. პროფესორი ოთარ თურმანიძე ავტორია 150 ნაშრომის, მათ შორის 9 მონოგრაფიისა და ათეულობით საგაზეთო სტატიისა. მცნიერის კვლევის ინტერესებში შედის სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური, სოციალურ–ეკონომიკური და კულტურის ისტორია. მნიშვნელოვანია მისი წვლილი სამხრეთ–დასავლეთ საქართ¬ვე¬ლოს ისტორიის ნარკვევების ოთხტომეულის შექმნაში.
 
ოთარ თურმანიძე დაიბადა 1934 წლის 15 ნოემბერს ხულოს (ამჟამად შუახევის) რაიონის სოფელ სამოლეთში. 1953 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა უჩამბის საშუალო სკოლა, 1957 ხოლო წელს – წარჩინებით დაასრულა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. 1957–1960 წლებში მუშაობდა შუახევის რაიონის წაბლანისა და უჩამბის საშუალო სკოლებში ისტორიისა და გერმანული ენის მასწავლებლად. 1960-1972 წლებში შუახევის რაიონის ცინარეთის სკოლის დირექტორია. მისი ხელმძღვა¬ნელობით აშენდა სკოლის ახალი შენობა, შეიქმნა მატერიალურ–ტექნიკური ბაზა, თვისებრივად გარდაიქმნა სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი. 
 
სკოლაში მუშაობის პარალელურად ოთარ თურმანიძემ წარმატებით ჩააბარა საკანდი¬დატო მინიმუმი, 1972 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „კაპიტალიზმის განვითარება აჭარის სოფლის მეურნეობაში (1878–1920 წწ.)“ და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. ამავე წელს მუშაობა დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. 1991 წლიდან მიჰყავდა საქართველოს ისტორიის სალექციო კურსი,  1972 წლიდან პარალელურად მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმისა დ ფოთის ფაკულტეტებზე. 1974 წელს ოთარ თურმანიძე დანიშნეს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის უფროს მასწავლებლად, 1975 წელს აირჩიეს დოცენტის თანამდებობაზე, ხოლო 1977 წელს მიანიჭეს დოცენტის წოდება. იგი წლების განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობდა ლექციებს პოლიტიკურ დისციპლინებსა და საქართველოს ისტორიაში. 
 
ოთარ თურმანიძემ 1988 წელს  დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემზე: „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ომის შემდგომ პერიოდში (1965–1965 წწ.)“. 1990 წელს აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფაკულტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის პროფესორის თანამდებობაზე, ხოლო 1991 წელს მიანიჭეს პროფესორის სამეცნიერო წოდება. ოთარ თურმანიძის, როგორც მეცნიერის ჩამოყალიბებაში, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სამეცნიერო ხელძღვანელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორს პროფესორ ავთანდილ იოსელიანს, აკადემიკოს იური კაჭარავას, პროფესორებს ალექსანდრე ბენდიანიშვილს, გრიგოლ  ბრეგაძეს, გრიგოლ მარგიანსა და იური სიხარულიძეს.
 
პროფესორი ოთარ თურმანიძე 1990–2006 წლებში ხელმძღვანელობდა ბათუმის პოლიტიკური ინსტიტუტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრას, 1993–2009 წლებში პარალელურად იყო სამედიცინო–ეკოლოგიური ინსტიტუტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა კათედრის გამგე. მისი ინიციატივით შეიქმნა ახალი სპეციალობები: სახელმწიფო მართვის თეორია და პრაქტიკა, საერთაშორისო და რეგიონული კონფლიქტები, მთარგმნელ–რეფერენტი. ოთარ თურმანიძის ხელმძღვანელობით რამდენიმე მაგისტრანტმა დაიცვა სამაგისტრო ხარისხი.
 
ბატონ ოთარს მუშაობა მოუხდა ორი თვისებრივად განსხვავებული წყობის დროს. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა რეჟიმი ჩანასახშივე ახშობდა კომუნისტური იდეოლოგიისაგან განსხვავებულ შეხედულებას. ცხადია, საბჭოთა წყობილების დროს გამოცემული ნაშრომებისათვის შესამჩნევია კონიუქტურის გავლენა. ამის მიუხედავად, შეძლო საკვლევი საკითხების ორიგინალური მეცნიერული ანალიზი. სამეცნიერო წრეებში შემოიტანა მოსკოვის, სანკტ–პეტერბურგის (ლენინგრადის), თბილისის, ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ არქივებში, მუზეუმებსა და ბიბლიოთეკებში დაცული ახალი, მანამდე უცნობი საარქივო წყაროები და დოკუმენტური მასალა.
 
პროფესორ ოთარ თურმანიძის მიერ გამოქვეყნებული ნაშრომებიდან განსაკუთრებით საყურადღებოა სოციალურ–ეკონომიკური ხასიათის მონოგრაფიები და სტატიები. მან ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის კვლევის მიმართულებას. საბჭოთა ხელისუფლების დროს გამოქვეყნებულ ნაშრომებში, კონიუნქტურის გავლენის მიუხედავად, სიღრმისეულადაა შესწავლილი აჭარის სოფლის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა 1878–1920 წლებში: სავაჭრო მიწათმოქმედების განვითარება, გლეხთა მდგომარეობა და სოციალური მოძრაობა. 
 
სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის მეცნიერულ შესწავლაში განსაკუთრებით საყურადღებოა ის მონოგრაფიები და სტატიები, რომლებიც ოთარ თურმანიძემ გამოაქვეყნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ. 2001 წელს ოთარ თურმანიძემ გამოსცა წიგნი „საადგილმამულო ურთიერთობანი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში ოსმალთა ბატონობის ხანაში“. ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული ოსმალური დოკუმენტების ანალიზის საფუძველზე შესწავლილია მიწისმფლობელობა–მიწათსარგებლობის ოსმალური ფორმები, დადგენილია მიწის მესაკუთრეთა კატეგორიები, დახასიათებულია ოსმალური საგადასახადო სისტემა, ნაჩვენებია ეროვნულ–განმათავისუფლებელი და სოციალურ–ეკონომიკური მოძრაობა. 
 
პროფესორმა ოთარ თურმანიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს 1878–1928 წლების საადგილმამულო ურთიერთობის, აგრარული მოძრაობისა და სოფლის მეურნეობის ისტორიის შესწავლაში. მის ნაშრომებში ახალი ხედვითაა გაშუქებული ცარიზმის აგრარული პოლიტიკის თავისებურებანი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში, რუსული კოლონიური ახალშენები, მიწათმფლობელობა–მიწათსარგებლობის ფორმები, განსაზღვრულია სასოფლო–სამეურნეო ზონები, სამიწათმოქმედო იარაღები, სასოფლო–სამეურნეო წარმოების ხალხური წესები, ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების გავრცელების მასშტაბები, განხილულია სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგები, წარმოების კაპიტალისტური სექტორის თავისებურებანი.
 
ბატონი ოთარი საქართველოს უახლესი ისტორიის თვალსაჩინო მკვლევარია. მან ახალი ხედვით ფუნდამენტურად შეისწავლა 1921–1940 და 1946–1990 წლების აჭარის სოციალურ–ეკონომიკური და პოლიტიკური ისტორია. საბჭოთა ისტორიოგრაფიისაგან განსხვავებით, მოგვცა ამ პროცესების ახლებური შეფასება. მკვლევარის შეფასებით, ამ  რეფორმებმა ქვეყანა, კერძოდ, აჭარა ააცდინა ბუნებრივი განვითარების გზას, დაინერგა სახელმწიფოებრივი მართვის მბრძანებლურ–ადმინისტრაციული მეთოდები, შემზადდა მასობრივი რეპრესიების პოლიტიკური და იდეოლოგიური საფუძვლები. მდიდარი საარქივო და სტატისტიკურ მასალებზე დაყრდნობით მის მიერ შესწავლილია ომის შემდგომი პერიოდის (1946–1990) სოციალურ–ეკონომიკური ისტორიის ისეთი საკვანძო საკითხები, როგორიცაა: მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა, სამეცნიერო–ტექნიკური პროგრესი, ინდუსტრიული კადრების ტექნიკური შემოქმედება. მონოგრაფიაში დახასიათებულია აჭარის დემოგრაფიული ვითარება, სოციალური ურთიერთობები, შესწავლილია მოსახლეობის ცხოვრების პირობები და სხვა საკითხები.
 
ბატონი ოთარი წარმატებით იკვლევს აჭარის პოლიტიკური და კულტურის ისტორიის საკითხებს. მან განავითარა ორიგინალური შეხედულება აჭარის ავტონომიის შექმნის მართლზომიერებისა და სამართლებრივი სტატუსის შესახებ. მის შრომებში დახასიათებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიტიკური სისტემა, გაშუქებულია მასობრივი რეპრესიები და სხვა აქტუალური საკითხები. მასობრივი პოლიტიკური რეპრესიების შესახებ 1997 წლიდან მუშაობს და დღემდე 4 სამეცნიერო ნაშრომი და ათობით საგაზეთო სტატია აქვს დასტამბული. გაზეთი „აჭარა“ 2014 წლის აგვისტოდან პერიოდულად აქვეყნებს მის წერილებს 1937–1938 წლებში პოლიტიკურ რეპრესირებულთა შესახებ.
 
პროფესორი ოთარ თურმანიძი არის სამხრეთ–დასავლეთ საქართ¬ვე¬ლოს ისტორიის ნარკვევების მესამე და მეოთხე ტომების ერთ–ერთი წამყვანი ავტორი. მისი რედაქტო¬რობით 2012 წელს გამოვიდა სამხრეთ–დასავლეთ ისტორიის ნარკვევების მეოთხე ტომი. ღვაწლმოსილი მეცნიერი არის არაერთი ნაშრომის რეცენზენტი და რედაქტორი, სარედაქციო კოლეგიისა და სარედაქციო–საგამომცემლო საბჭოს წევრი. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა