27 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით, სტამბოლის ქართული კათოლიკური სავანის საარქივო მასალებზე მუშაობის პროექტის ფარგლებში, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრები (ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე, ფოლკლორის, დიალექტოლოგიისა და ემიგრანტული ლიტერატურის კვლევის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ელზა ფუტკარაძე და ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი სულხან მამულაძე) სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ რუმინეთში.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი უკვე წლებია თანამშრომლობს რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და კონსტანცას უნივერსიტეტის მკვლევრებთან. შესაბამისად, ამ ეტაპზე თანამშრომლობა ითვალისწინებდა უდიდესი ქართველი მოღვაწის, ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევას. რუმინეთში მივლინების მიზანი იყო, სწორედ, სტამბოლის ქართული სავანის არქივში ანთიმოზ ივერიელის მოღვაწეობის შესახებ რუმინეთში გაგზავნილი წერილებისა და სხვადასხვა ინფორმაციის შეჯერება - სრულყოფა იქ დაცულ მასალებთან. მკვლევრებს შეხვედრები ჰქონდათ რუმნიკუ ვულჩას ეპარქიის წარმომადგენლებთან, ასევე მოინახულეს ამავე ეპარქიაში არსებული მონასტრები (ბისტრიცა; გოვორა; ოსტროვა და ჰურეზი). მოძიებული იქნა ეპარქიაში, მონასტრების ბიბლიოთეკებსა და საცავებში არსებული უნიკალური ლიტერატურა და წყაროები, რომლებიც ეტაპობრივად დამუშავდება. საინტერესოა ისიც, რომ აღნიშნული მასალების დიდი ნაწილი დღემდე შეუსწავლელია.
ვიზიტის მიმდინარეობისას, მკვლევრებს შეხვედრები ჰქონდათ რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრებთან. შედგა შეთანხმება, რომ რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას უნივერსიტეტის წარმომადგენლების ერთობლივი კვლევითი პროექტის ფარგლებში მომზადდება ფუნდამენტური კვლევა/მონოგრაფია ანთიმოზ ივერიელის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
უკან |