ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიების - ,,ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის” ფარგლებში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე III” მიმდინარეობს. ორდღიანი კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ბსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მერაბ ხალვაშმა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ქეთევან ქოქრაშვილმა, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩხარტიშვილმა, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორმა, როინ მალაყმაძემ დასაქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, მირიან ხოსიტაშვილმა.
კონფერენციაზე წარმოდგენილია მოხსენებები შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართალის და სხვა მიმართულებით. ფორუმში მონაწილეობს 14 ქვეყნის 200-ზე მეტი მეცნიერი აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, საბერძნეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან და თურქეთიდან. კონფერენციაზე ასევე მოწვეულნი არიან ფერეიდანში მცხოვრები ეთნიკური ქართველები, მათ შორის მხატვარ-კალიგრაფი ჰელენ იოსელიანი, რომელმაც ღონისძიების ფარგლებში გამოფენა გამართა.
სამეცნიერო კონფერენციის მიმდინარეობისას გაიმართება ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრის, პროფესორ ლელა სარალიძის წიგნის -,,ბათუმი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში (1918-1921 წ. წ.)“ პრეზენტაცია.
სამეცნიერო კონფერენცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ორგანიზებით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.
უკან |