ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II”

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო პიკნიკის „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში, სამეცნიერო კონფერენცია „შავიზღვისპირეთი ცივილიზაციათა გზაჯვარედინზე II” გაიხსნა. ორდღიანი კონფერენცია გახსნეს და მონაწილეებს მიესალმნენ ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი, ქალაქ ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზაზა მარუაშვილი, ვარშავის უნივერსიტეტის (პოლონეთი) პროფესორი დავით ყოლბაია და ოსტრავას უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორი ვინცენტ კოპეჩაკი.

სამეცნიერო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნის 200-ზე მეტი მონაწილე მოხსენებებს წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონის ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ფილოლოგიის, ენათმეცნიერების, ფოლკლორის, ტურიზმის, ეკოლოგიის, ტოპონიმიკის, რელიგიათმცოდნეობის, ფილოსოფიის, არქიტექტურის, სამართალის და სხვა მიმართულებით.

პიკნიკის „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან ქოქრაშვილმა ქალაქ ბათუმის მერს არჩილ ჩიქოვანს საპატიო სიგელი გადასცა მეცნიერების პოპულარიზაციის მხარდაჭერისათვის და  ბსუ-ს წარმატებული მკვლევრები დააჯილდოვა შემდეგ ნომინაციებში:

 

ევროპულ საგრანტო პროექტებში აქტიური ჩართულობისათვის:

  • მარინე აროშიძე -ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
  • მადონა მიქელაძე - ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

 მაღალციტირებადი პუბლიკაციისათვის:

  •  ზოია სიხარულიძე - ბსუ-ს  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
  • ალეკო კალანდია - ბსუ-ს აგრარული და მემბრანული ტექნოლოგიების ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი.

 

ქართველოლოგიურ მეცნიერებათა განვითარებაში  შეტანილი წვლილისათვის:

ნანული ნოღაიდელი - ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი.

 

კონფერენციის მიზანია შავიზღვისპირეთის რეგიონის ქვეყნებში სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინებში განხორციელებული უახლესი კვლევების წარმოჩენა და გაზიარება საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისათვის; აგრეთვე, საერთო მიმართულებით მომუშავე მეცნიერთა დაახლოება, რაც მომავალში ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. განსაკუთრებული აქცენტები გაკეთდება ევროკომისიის მიერ წამოყენებული და მხარდაჭერილი „შავი ზღვის სტრატეგიული კვლევისა და ინოვაციების დღის წესრიგის“ (SRIA) ფარგლებში მომზადებულ მოხსენებებზე.

კონფერენციის სამუშაო პროგრამაში გათვალისწინებულა SRIA-ს ძირითადი მიმართულება: შავი ზღვის ფუნდამენტური კვლევის გამოწვევებზე რეაგირება – „შავი ზღვის ცოდნის ხიდი“; შავი ზღვის ლურჯი ზრდისთვის პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შემუშავება და კლასტერების ჩამოყალიბება – შავი ზღვის ლურჯი ეკონომიკის საკითები.

სამეცნიერო კონფერენცია იმართება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით.

კონფერენციის მხარდამჭერები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუმინეთის მეცნიერებათა აკადემია, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი და ჩეხეთის ოსტრავას უნივერსიტეტი.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა