ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ბსუ-ში შუშანა ფუტკარაძის დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 55 წლის იუბილე აღინიშნა

სურათი

ბსუ-ში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი  ენათმეცნიერის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომლის შუშანა ფუტკარაძის დაბადებიდან 80 და სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან 55 წლის იუბილე აღინიშნა. ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ცნობილ მეცნიერს იუბილე მიულოცა, მის ღვაწლზე ისაუბრა  და სამეცნიერო და საგანმანთლებლო საქმიანობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის უნივერსიტეტის საპატიო ჯილდო - შოთა რუსთაველის მედალი გადასცა. ღონისძიებაზე მეცნიერს იუბილე მიულოცეს, დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ქალაქ ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა,  თურქეთის ქართული დიასპორების წარმომადგენლებმა, მკვლევრებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.

ქალბატონი შუშანა ფუტკარაძე რამდენიმე ათეული წელია იკვლევდა ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მხარეების - აჭარის, ტაო-კლარჯეთის, ფოცხოვ-ჩილდირის, ერუშეთის ისტორიას, ეთნოგრაფიას, ფოლკლორს, ონომასტიკას, აქაურთა ქართულ მეტყველებასა და დიალექტებს, უცხოეთში (კერძოდ, თურქეთში) არსებულ ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას. მისი ხელმძღვანელობით შესწავლილ იქნა და აღიწერა სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი 83 000 ერთეულით და 10 000 -ზე მეტი ერთეულის მქონე ამავე სავანის არქივი.

ცნობილმა პროფესორმა შუშანა ფუტკარაძემ პირველმა შეისწავლა ტაო-კლარჯული დიალექტებისა და მუჰაჯირი ქართველების მეტყველების თავისებურებანი და ცალკე დიალექტურ ერთეულებად გამოჰყო ოთხი ახალი ქართული კილო - იმერხეული, ტაოური, ნიგალური და მაჭახლური.

მისი ავტორობით შეიქმნა ორი მონოგრაფია: „ჩვენებურების ქართული“ და „სტამბოლის ქართული სავანე“. თურქულ ენაზე გამოვიდა მნიშვნელოვანი გამოკვლევა “Istanbul gürcü ocagı”. გამოსცა მონოგრაფია „ჩვენებურების ქართული“ (მეორე ტომი), ნაშრომების კრებული „ლიტერატურულ-ენათმეცნიერული ეტიუდები“, მესხეთ-ჯავახეთსა და აჭარაში შეკრებილი ისტორიულ-ენათმეცნიერული ჩანაწერები - „ხალხური მარგალიტები“, „საბერძნეთისა და ოსმალეთის სამეფო კარის ქართველი დედოფლები“, „ჰოი, დედანო, მარად ნეტარნო“, „ტაო-კლარჯული კილოები“. მისი ხელმძღვანელობით გამოსაცემად მომზადდა და დაიბეჭდა მონოგრაფიების – „აჭარული  საუნჯე“ (ტ. I, II, III), „გამონათლევი“  (ტ. I,), „წერილები სტამბოლის ქართული სავანიდან“ (ტ. I, II).

აღსანიშნავია შუშანა ფუტკარაძის ღვაწლი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიის კვლევაში. მის მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად წარმოჩნდა ამ მხარის ბევრი ისტორიული პირის ვინაობა. მათ შორის აღსანიშნავია: გიორგი ჯვარელი (შავშეთელი მოღვაწე, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ამშენებელი), იოანე შავთელი (შავშეთელი დიდი პოეტი, შოთა რუსთველის თანამედროვე, სოფელ შავთის მკვიდრი), მართა იერუსალიმელი, წამებული წმ. თევდორე აჭარელი (პირველი, საკუთარი სახელით ცნობილი წამებული აჭარიდან), ახმედ და აბას ათაბაგები - თავისუფლებისათვის წამებულნი (ფოცხოვიდან), დუდი-ხანუმ ბეჟანიძე (შერიფ ხიმშიაშვილის დედა), ენვერ, ფიქრიე და მელაათ ხიმშიაშვილები, ისკენდერ-ეფენდი ცივაძე და სხვა მრავალი.

შუშანა ფუტკარაძე არის წმ. ტბელ აბუსერისძის პრემიის ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი, ხალხთა შორის მეგობრობის განმტკიცებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოებულია გევონდ ალიშანის საპატიო მედლით და სხვადასხვა უწყებების მიერ გაცემული საპატიო სიგელებით.

შუშანა ფუტკარაძე ამჟამად არის ბათუმის უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორი, უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი. იგი ხელმძღვანელობს ინსტიტუტის „სტამბოლის ქართული სავანის ბიბლიოთეკისა და არქივის შემსწავლელ განყოფილებას“. მისი ხელმძღვანელობით მიმდინარეობს სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა ეკლესიის ბიბლიოთეკისა და არქივის შესწავლა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა