ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

ეთნო-არქეოლოგიური ექსპედიცია შუშანეთში

სურათი

20 აგვისტოდან 1 სექტემბრის ჩათვლით ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მკვლევრები: როინ მალაყმაძე (ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი), ოლეგ ჯიბაშვილი (უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი) და სულხან მამულაძე (მეცნიერ-თანამშრომელი) ეთნო-არქეოლოგიურ ექსპედიციაში იმყოფებოდნენ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის თემში მდებარე სოფელ შუშანეთში. სოფელი შუშანეთი მდინარე ჭოროხის მარჯვენა სანაპიროზეა გაშენებული და უშუალოდ ძეგლი ამავე სოფლის ცენტრალურ ნაწილში, მთის ფერდობზე მდებარეობს.

ძეგლის შესახებ გარკვეული ინფორმაცია წინა წლებში განხორციელებული დაზვერვითი ხასიათის ექსპედიციების შედეგად შეიკრიბა. დაიწყო ძეგლის გაწმენდითი საველე სამუშაოები, რომლის შედეგადაც ნათლად გამოიკვეთა მისი იერსახე. ძეგლი საგულდაგულოდ დამუშავებული, თლილი ქვებისგან, დუღაბის გამოყენებით არის ნაგები. ჩანს, რომ აქ თავდაპირველად სულ სხვა დანიშნულების (ვფიქრობთ, რომ დარბაზული ტიპის ეკლესია) ნაგებობა აუგიათ, მოგვიანებით კი მის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საწნახელი გაუმართავთ.

ამავე ძეგლის დასავლეთით, დაზვერვითი ხასიათის სამუშაოებისას მკვლევრებმა მიაკვლიეს კიდევ ერთი ქვის საწნახელს და მის შორიახლოს მდებარე შუა საუკუნეების ნამოსახლარის ნაშთებს. ამ ეტაპზე მხოლოდ  ტერიტორიის გაწმენდა-გასუფთავება მოხერხდა.

უახლოეს მომავალში დაგეგმილია ორივე ძეგლის არქეოლოგიური შესწავლა, რაც უფრო მეტ სიცხადეს შესძენს სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებულ კვლევებს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა