ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

სახელმწიფო ორგანოები აჭარაში 1921-1940 წლებში

სურათი

ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა ოთარ თურმანიძემ სემინარი გამართა თემაზე: „სახელმწიფო ორგანოები აჭარაში 1921-1940 წლებში“. სახელმწიფო ორგანოების რაციონალურად მოწყობას, მისი ყველა ნაწილის ნორმალურ ფუნქციონირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარებისათვის. ამ კუთხით საინტერესოა საქართველოს, კერძოდ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების ფორმირებისა და განვითარების ისტორია.

მართალია, 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოები მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების სტანდარტების დონეზე იყო მოწყობილი და იმდროინდელი ეპოქის მოთხოვნებს პასუხობდა, მაგრამ აჭარა საქართველოს რესპუბლიკის იურისდიქციაში 1920 წლის 20 ივლისს შევიდა და მოკლე დროში ვეღარ მოხერხდა ეროვნული სახელმწიფო ორგანოების სრულყოფილად ჩამოყალიბება.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული ხელისუფლება 1921 წლის თებერვალ- მარტში საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმით შეიცვალა. ამის შემდეგ დაიწყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ორგანოების დემონტაჟი და კლასობრივ სიძულვილზე აგებული ახალი რეჟიმის ჩამოყალიბება.

აჭარაში საბჭოთა სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ პირობებში მიმდინარეობდა და მთელი რიგი თავისებურებით გამოირჩეოდა. აჭარაში საბჭოთა ხელისუფლება მოგვიანებით, 1921 წლის 18 მარტს გამოცხადდა და აქედან მოკიდებული მიმდინარეობდა საბჭოთა სახელმწიფო ორგანოების ჩამოყალიბება. აჭარაში სახელმწიფო ორგანოების 1921-1940 წლების ისტორია, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა. პირველი ეტაპი მოიცავს 1921 წელს [18 მარტიდან], მეორე ეტაპი - 1922-1940  წლებს.

მნიშვნელოვანი თვისობრივ-რაოდენობრივი ცვლილებები განხორციელდა XX საუკუნის 30-იანი წლების მეორე ნახევარში. საბჭოთა კავშირის 1936 წლის კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს და აჭარის 1937 წლის კონსტიტუციებით არსებითად შეიცვალა სახელმწიფო ორგანოების ფორმირების წესი. საბჭოების არჩევნები გახდა ფარული, პირდაპირი და თანასწორუფლებიანი. მართალია, ეს ყველაფერი ფორმალური და მოჩვენებითი იყო, მაგრამ ამ ფორმალობასაც მნიშვნელობა ჰქონდა.

გარდაქმნების შედეგად შეიცვალა საბჭოების სახელწოდებაც. ახალი წესით ეწოდა „მშრომელთა დეპუტატების საბჭოები“. გაუქმდა საბჭოების ყრილობები და მათ ნაცვლად დაწესდა აჭარის უზენაესი საბჭო, რომლის არჩევნები ყოველ 4 წელიწადში ტარდებოდა. ახალი წესით აჭარის უზენაესი საბჭოს პირველი არჩევნები 1938 წლის 12 ივლისს ჩატარდა. უზენაესი საბჭო 63 დეპუტატისაგან შედგებოდა. პირველ სესიაზე, რომელიც ივლისში გაიმართა, აირჩიეს უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი და სამი კომისია: სამანდატო, საკანონმდებლო განზრახულობათა და საბიუჯეტო. დამოუკიდებელ სახელმწიფო ორგანოდ ჩამოყალიბდა სახალხო კომისართა საბჭო, რომელშიც საგეგმო კომისია, 9 კომისარიატი და 4 სამმართველო შედიოდა.

ახალი წესით 1939 წელს ჩატარდა ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების - საბჭოების პირველი არჩევნები, სადაც აირჩიეს ერთი საქალაქო, ოთხი რაიონული, ერთიც სადაბო და 49 სასოფლო საბჭო. როგორც საოლქო, ისე ადგილობრივი სახელმწიფო ორგანოების ფორმირების ახალი წესი და სტრუქტურები თითქმის შენარჩუნებული იყო ომისა და ომისშემდგომ პერიოდში.


 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა