ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა სემინარი გამართა თემაზე: „საერთაშორისო კონვენცია არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“. 2003 წელს იუნესკომ კულტურული მემკვიდრეობის მანამდე არსებული გაგება გააფართოვა და იგი გაავრცელა არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობაზე. კონვენციის მიღებას წინ უსწრებდა UNESCO–ს მიერ 2001 წლის 18 მაისს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ხელთუქმნელი შედევრების ნუსხის დამტკიცება, რომლებიც გლობალიზაციის საფრთხის წინაშე მყოფი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ტრადიციების დაცვისკენ და ამ გზით კულტურული მრავალფეროვნებისა და იდენტობის შენარჩუნებისკენ იყო მიმართული.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობა ცოცხალი ტრადიციაა, რომელიც თავის თავში მოიცავს მუდმივ ინტერპრეტაციას და მისი დაცვის მექანიზმიც განსხვავებულია. კონვენცია „დაცვაში“ ძირითადად მოიაზრებს კვლევას და ინვენტარიზაციას, საზოგადოებაში პოპულარიზაციას და უმთავრესად, ფორმალური და არაფორმალური სწავლების ხელშეწყობას, რაც თავის მხრივ, განაპირობებს თაობიდან თაობაზე გადაცემას და ტრადიციის სიცოცხლისუნარიანობას.
კონვენცია აღიარებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განსაკუთრებულ როლს სოციალური კავშირების მდგრადობის, განსხვავებული კულტურული იდენტობის მიმართ პატივისცემის ამაღლების, კონფლიქტების პრევენციისა და მოგვარების მიმართულებით. შესაბამისად, კონვენცია არ აღიარებს ტრადიციებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, ასევე უარყოფს ყოველგვარ იერარქიას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტებს შორის.
არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვა ორ – ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ხორციელდება. ეროვნულ დონეზე, კონვენციის წევრი ქვეყანა უზრუნველყოფს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის შემადგენელი ელემენტების იდენტიფიცირებას; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, ინსტიტუციების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვასა და აღორძინებაში.
იუნესკოს კონვენციას არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ საქართველო შეუერთდა 2007 წელს, რითაც სახელმწიფომ აღიარა არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობა და იკისრა კონვენციიით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს: არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის იდენტიფიკაციას, დოკუმენტირებას, კვლევას, შენახვას, დაცვას, აღორძინებას, პოპულარიზაციას, ფორმალური და არაფორმალური განათლების მეშვეობით ახალგაზრდა თაობისთვის მის გადაცემას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სხვადასხვა ასპექტის აღორძინებას.
საქართველოდან იუნესკოს კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით ნუსხაში შეტანილია: ქართული პოლიფონიური სიმღერა (2008); ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი (2013); ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა (2016), ქართული ჭიდაობა (2018).
უკან |