ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი

გარდაიცვალა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე

სურათი

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი და  ქრისტიანული კულტურის კვლევის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელი ბიჭიკო დიასამიძე. ბიჭიკო დიასამიძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოს ისტორიის შესწავლის საქმეში. მისი სამეცნიერო ინტერესის სფერო იყო საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ისტორია და სტუდენტთა მსოფლმხედველობის ფორმირების საკითხები, რომელთაც მკვლევარმა 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 10 მონოგრაფია მიუძღვნა.

ბიჭიკო დიასამიძე დაიბადა 1940 წლის 25 დეკემბერს, შუახევის რაიონის სოფელ კვიახიძეებში. აქვე დაამთავრა რვაწლიანი სკოლა და ჩაირიცხა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში. 1960 წელს, პედსასწავლებლის დასრულების შემდეგ, მუშაობა დაიწყო გოგინაურის დაწყებით სკოლაში, 1964 წელიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში ჩაირიცხა. 1991-1997 წლებში იგი ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელია,  პარალელურად მუშაობდა უნივერსიტეტის პრორექტორის თანამდებობაზე (2005 წლის სექტემბრამდე) და 2001-2005 წლებში იყო საქართველოს ისტორიის კათედრის გამგე.
უნივერსიტეტში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობას ხელი არ შეუშლია აქტიური სამეცნიერო საქმიანობისათვის. ბიჭიკო დიასამიძე წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სოციოლოგიური კვლევის ლაბორატორიას. მომავალ სპეციალისტთა პროფესიული ორიენტაციისა და ეროვნული მსოფლმხედველობის ჩამოყალიბების საკითხებს მიუძღვნა 10-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 2 მონოგრაფია. განსაკუთრებით საინტერესოა გამოკვლევები, რომლებიც ქრისტიანობის ისტორიის საკითხებს ეძღვნება. აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებულ ნაშრომებში გაანალიზებული და ახლებურად გააზრებულია ქრისტიანობის გავრცელებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების, სახელმწიფო-საკანცელარიო და საეკლესიო ღვთისმსახურების ენის, უძველესი საეკლესიო ცენტრების წარმოშობისა და მათი ფუნქციის საკითხი ეგრისის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში, ეგრის-აფხაზეთის სამეფოსა და შემდგომ საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის ჩამოყალიბებაში ეკლესიის როლისა და ადგილის პრობლემა. ამ საკითხებს ავტორმა მიუძღვნა 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის სამი მონოგრაფია.
ნაშრომისათვის ,,ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში” ბიჭიკო დიასამიძეს მიენიჭა ტბელ აბუსერისძის სახელობის სახელმწიფო პრემია.
აღნიშნული პრობლემების მეცნიერული შესწავლა საფუძვლად დაედო მკვლევარის სადოქტორო დისერტაციას, რომელიც წარმატებით დაიცვა 1999 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში და მიენიჭა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იმავდროულად, ბიჭიკო დიასამიძე აირჩიეს საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტად. იგი დააჯილდოვეს ღირსების ორდენითა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის საპატიო სიგელით. ასევე მინიჭებული ჰქონდა საპატიო მარეთელისა და შუახევის საპატიო მოქალაქის წოდებები.

პროფესორი ბიჭიკო დიასამიძე გამორჩეული იყო საზოგადოებრივი საქმიანობის თვალსაზრისითაც. მის კალამს ეკუთვნოდა არაერთი პუბლიცისტური სტატია რეგიონულ და ზოგადქართულ პრობლემატიკაზე, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე. 1988 წლიდან იგი რუსთაველის საინსტიტუტო საზოგადოების, 1990 წლიდან კი აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა