ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის 60 წლის იუბილე აღინიშნა. საიუბილეო სამეცნიერო სესია გახსნა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების 60-წლიანი კვლევა-ძიების შედეგებზე ისაუბრა ინსტიტუტის დირექტორმა, ისტორიის დოქტორმა როინ მალაყმაძემ. მკვლევარებს მნიშვნელოვანი დღე ასევე მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ კარანაძემ, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, ფიტოფათოლოგიისა და ბიომრავაფეროვნების ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მარიკა მეტრეველმა და კოლხეთის ტორფნარების და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების გამგემ იზოლდა მაჭუტაძემ, თსუ-ს ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, პროფესორმა როლანდ თოფჩიშვილმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. საიუბილეო საღამოს ფარგლებში მოეწყო ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ექსპედიციებისა და სამეცნიერო კვლევა-ძიების ამსახველი ფოტოგამოფენა.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებს მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპატიო სიგელები გადაეცათ, ხოლო ინსტიტუტის დირექტორი როინ მალაყმაძე ბსუ-ს რექტორმა მერაბ ხალვაშმა შოთა რუსთაველის მედლით დააჯილდოვა.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი 1958 წელს დაარსდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა აჭარისა და მისი მომიჯნავე რეგიონების, მათ შორის თურქეთის სახელმწიფოს საზღვრებში მოქცეული ქართველებით დასახლებული რაიონების მეცნიერულ შესწავლას. ინსტიტუტი გადაიქცა ქართველოლოგიური, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების კვლევის ძირითად კერად სამხრეთ–დასავლეთ საქართველოში. ამ ხნის განმავლობაში მკვლევარებმა შეისწავლეს აჭარისა და მისი მეზობელი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ისტორიის, ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის, სოციოლოგიის მნიშვნელოვანი პრობლემები.
ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი ნაყოფიერად განაგრძობს მუშაობას აჭარისა და მისი მეზობელი ისტორიულ–ეთნოგრაფიული რეგიონების შესასწავლად.
უკან |