Horizon Europe - საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისი

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გაიხსნა

სურათი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა ბსუ-ში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი გახსნეს. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რექტორმა მერაბ ხალვაშმა პროექტის აქტუალობაზე ისაუბრა,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამინისტროს ხელშეწყობით უნივერსიტეტში არაერთი სამეცნიერო პროექტი ხორციელდება. მათ შორის მნიშვნელოვანი პროექტებია: „ცოდნისა და აკადემიური კულტურის გაცვლა ჰუმანიტარულ სფეროში შავი ზღვის რეგიონში, XVIII-XXI საუკუნეების ბოლოს“ და „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით”.

ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და მეცნიერებს საგრანტო ოფისის გახსნა მიულოცა და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრის მოადგილის თქმით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში საგრანტო ოფისების დაფუძნების უმთავრესი მიზანია ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადების პროცესში, რაც ევროკავშირის საგრანტო კონკურსებში მათ წარმატებულ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.

Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლები ისარგებლებენ ზუსტად ისეთივე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.

საგრანტო ოფისის საზეიმო გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა ჯაბა სამუშიამ, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის კოორდინატორმა შოთა როდინაძემ და უნივერსიტეტის აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა.

Horizon Europe, 95,5 მილიარდი ევროს ბიუჯეტით, უპრეცედენტო მოცულობის საგრანტო პროგრამას წარმოადგენს, რომელიც ქართველ მეცნიერებსა და ინოვატორებს აძლევს შესაძლებლობას, ჩაერთონ მასშტაბურ სამეცნიერო პროგრამებში და ევროპელ კოლეგებთან ერთად  სხვადასხვა პროექტი განახორციელონ.

2021 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უშუალო ჩართულობით, საქართველო ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ახალი ჩარჩო პროგრამის, Horizon Europe-ის წევრი გახდა. ასოცირების საერთაშორისო შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა და ინოვაციის, კვლევების, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდობის საკითხებში ევროკომისარმა მარია გაბრიელმა. სწორედ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე დაფუძნდა საქართველოში Horizon Europe-ის ეროვნული ოფისი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა