5 ძირითადი საფეხური „ჰორიზონტი ევროპაში“ მონაწილეობის მისაღებად:
საფეხური I – შესაბამისი საკონკურსო თემის პოვნა
ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შესახებ ინფორმაცია დაფინანსებისა და ტენდერების პორტალზე ქვეყნდება. ვებგვერდზე არსებული ფილტრი დაგეხმარებათ თქვენთვის სასურველი კონკურსი ადვილად და სწრაფად მოიძიოთ.
საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული საკონტაქტო პირების სისტემა დამატებით დახმარებას გაგიწევთ.
საფეხური II – პროექტის პარტნიორების ძებნა
კოლაბორაციული პროექტები: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების უმეტესობა კოლაბორაციული ტიპისაა. აღნიშნული გულისხმობს კონსორციუმის შექმნას, რომელიც შედგება ევროკავშირის ქვეყნებსა და/ან ჰორიზონტი ევროპის პროგრამასთან ასოცირებულ ქვეყნებში დაფუძნებული სულ მცირე სამი ორგანიზაციისგან. აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის მხარდაჭერით ფუნქციონირებს სხვადასხვა პარტნიორთა საძიებო სერვისი, რომლის მიზანია ჰორიზონტი ევროპის პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს დახმარება გაუწიოს შესაბამისი პარტნიორების მოძიებაში. აღნიშნულ სერვისებზე შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ თქვენი თანამშრომლობის შეთავაზება.
ჰორიზონტი ევროპის მიზანია, გააფართოვოს ევროკავშირის საერთაშორისო კვლევებში თანამშრომლობა, შესაბამისად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია არა-ევროკავშირის ქვეყნების მკვლევრებთან თანამშრომლობისა და მათთან ერთად პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობების გაფართოება.
საფეხური III – პროფილის შექმნა მონაწილეთა პორტალზე
თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ დაფინანსებისა და ტენდერის პორტალზე როგორც მომხმარებელი, შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი პროფილი საპროექტო წინადადებების წარდგენისათვის.
თუ ჯერ არ გაქვთ შექმნილი პირადი პროფილი, შეგიძლიათ დააჭიროთ მონაწილეთა პორტალის ძირითად მენიუში, მარჯვნივ მდებარე რეგისტრაციის ღილაკს და გაიაროთ რეგისტრაცია.
საფეხური IV – ორგანიზაციის რეგისტრაცია
პირველ რიგში, სარეგისტრაციო გვერდზე შეამოწმეთ დარეგისტრირებულია თუ არა თქვენი ორგანიზაცია. მხოლოდ იმ შემთხვევაში დაარეგისტრირეთ თქვენი ორგანიზაცია, თუ მას ვერ იპოვით ძებნის შედეგად ჩამოშლილ ჩამონათვალში. ორგანიზაციის დარეგისტრირებისთვის დააჭირეთ შესაბამის ღილაკს: Register Organization.
ევროკომისიას აქვს იმ ორგანიზაციების ონლაინ რეესტრი, რომლებიც ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამებში მონაწილეობენ. აღნიშნული რეესტრი უზრუნველყოფს მასში დარეგისტრირებული ორგანიზაციების ოფიციალურ მონაცემებზე წვდომას და თავიდან გვაცილებს ერთსა და იმავე ინფორმაციაზე მრავალჯერად მოთხოვნას.
თუ შეთავაზებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება გსურთ მაშინ საჭიროა თქვენი ორგანიზაციის დარეგისტრირება და შესაბამისი, მონაწილის 9-ნიშნა საიდენტიფიკაციო კოდის (PIC) აღება. 9-ნიშნა კოდი თქვენი ორგანიზაციის უნიკალური იდენტიფიკატორია, რომელსაც ევროკომისია ნებისმიერი სახის ურთიერთობაში იყენებს.
საფეხური V –ევროკომისიაში საპროექტო წინადადების წარდგენა
საპროექტო წინადადების წარდგენისთვის, უნდა შეხვიდეთ თქვენ მიერ შერჩეული საკონკურსო თემის ვებგვერდზე, სექციაში - „ელექტრონული საპროექტო წინადადების წარდგენა“. საპროექტო წინადადების გაგზავნისათვის აუცილებელი სტანდარტული ფორმების შესავსებად და შემგომ თქვენი საპროექტო წინადადების ევროკომისიაში გასაგზავნად, საჭიროა, რომ გააქტიურებული (logged in) გქონდეთ თქვენი პროფილი მონაწილეთა პორტალზე.
უკან |