ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის „ჰორიზონტი 2020“ ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ციფრული ინოვაციების დანერგვა სკოლებში რეგიონული ინოვაციური ჰაბებისა და მენტორინგის მოდელის საშუალებით“ („iHubs4Schools - Accelerating Digital Innovation in Schools through Regional Innovation Hubs and a Whole-School Mentoring Model“) ერთ-ერთი პარტნიორია. 7-8 იანვარს გამართულ პროექტის კონსორციუმის პირველ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს პროექტში ჩართულმა პერსონალმა. პროგრამის პარტნიორები შეხვედრაზე პროექტის განხორციელებისა და მართვის დეტალებს გაეცნენ და სამომავლო გეგმები დასახეს.
პროექტის iHubs4Schools (პროექტის ნომერი - DT-TRANSFORMATIONS-21-2020) მიზანია, დაეხმაროს და ხელი შუწყოს პროექტში ჩართული 5 ევროპული ქვეყნის 75 სკოლასა და 600 მასწავლებელს, როგორც სკოლებში, ასევე სკოლებს შორის მენტორინგის სქემის დანერგვასა და გავრცელებაში რეგიონული ინოვაციური ჰაბების საშუალებით. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს სკოლებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას ციფრული ინოვაციების დანერგვის კუთხით. მენტორინგის მოდელი გულისხმობს სკოლების უწყვეტ მეთოდოლოგიურ მხარდაჭერას შეფასების უახლესი მიდგომებისა და სწავლის ანალიტიკური სტრატეგიების გამოყენებით.
პროექტის მდგრადობას უზრუნველყოფს სასკოლო თემის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და პროფესიული ასოციაციების აქტიური ჩართულობა. გადამზადებული პედაგოგები შეძლებენ მენტორინგის სქემის ფარგლებში მიღებული ცოდნის საკუთარ სკოლებში დანერგვას და კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარებას.
ბსუ, როგორც iHubs4Schools პროექტის ერთ-ერთი პარტნიორი, ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტებსა და ორგანიზაციებთან ერთად, 2021-2023 წლებში განახორციელებს პროექტს და საჯარო სკოლებს შესთავაზებს ციფრული ინოვაციების დანერგვის მექანიზმებს რეგიონული ინოვაციური ჰაბების შექმნით.
პროექტის პარტნიორები არიან:
ტალინის უნივერსიტეტი (TU) - პროექტის კოორდინატორი;
ბერგენის უნივერსიტეტი (UiB);
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი (UCL);
ჰელსინკის უნივერსიტეტი (UH);
ლოზანის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტი (EPFL);
კომპანია „STEPS SRL“, ბოლონია (STePS);
განათლებისა და ახალგაზრდობის მმართველობა, ესტონეთი (HarNo);
ვილნიუსის უნივერსიტეტი (VU);
სსიპ - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
უკან |