სამეცნიერო პროექტის დასახელება - მარადიდი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი - პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი - პროფესორი მამია ფაღავა (პროექტის კოორდინატორი), ასოცირებული პროფესორი ნათელა ფარტენაძე, პროფესორი თინა შიოშვილი, დოქტორანტი თამარ ჩოხარაძე
გრანტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა - 2016 - 2019 წწ.
სამეცნიერო პროექტის მიზანი - პროექტის მიზანია გაყოფილი და ორი სახელმწიფოს ფარგლებში მოქცეული სოფლის მეტყველების, ფოლკლორის, კოლექტიურ მეხსიერებაში ასახული ყოფის დეტალების, ისტორიის, მატერიალური კულტურისა და ონომასტიკის მასალების მოძიება და მეცნიერული კვლევა. საბოლოოდ მომზადება მონოგრაფიისა ,,მარადიდი“ (ფოლკლორული, დიალექტოლოგიური და ეთნოლოგიური მასალებითა და ფოტომასალით).
მარადიდი ისტორიული კლარჯეთის ერთ-ერთი განაპირა სოფელია. მას შემდეგ, რაც ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიების უმეტესი ნა¬წი¬ლი თურქეთის შემადგენლობაში მოექცა. ახალმა საზღვარმა შუაზე გაკვეთა სოფელი მარადიდი და ამიერიდან ადგილობრივი მოსახლეობის, ნათესავების, ერთი კულტურისა და ცნობიერების ხალხის ცხოვრება ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გზით წარიმართა.
გადაჭარბებული არ იქნება, თუ ზემოხსენებულ რეალობას კულტურათა ურთიერთობის უნიკალურ შემთხვევას ვუწოდებთ. დღეს არის მარადიდის ორივე ნაწილის ერთიანად და მრავალი მიმართულებით კვლევის, შედარებითი ანალიზის, ერთობ საინტერესო და მეცნიერებისთვის ღირებული სურათის დახატვის შესაძლებლობა.
არანაკლებ არსებითია, რომ, პროექტი ითვალისწინებს კვლევითს საქმიანობას არა მხოლოდ საკუთრივ მარადიდის ქართულ და თურქულ ნაწილებში, არამედ მარადიდელ მუჰაჯირთა შთამომავლებით დასახლებულ სოფლებში.
არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მეტად საშურ საქმედ აქცევს პროექტით დასახული ამოცანების შესრულებას: გაღმა-გამოღმა მარადიდის აქტუალური თემაა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, კაშხალი და ჩაძირული თუ ჩასაძირად განწირული უბნები, რაც, ბუნებრივია, რადიკალურად ცვლის აქამდე არსებულ სურათს.
ამდენად, პროექტის განხორციელება გულისხმობს Kორად გაყოფილი სოფლის, ასევე, მარადიდელ მუჰაჯირთა შთამომავლების დასახლებათა წარსული და თანამედროვე სურათის კვლევას და შედარებით ანალიზს; ისტორიის, ქართული მეტყველების, ონომასტიკის შესწავლას, ფოლკლორული მასალის შეგროვებას და შესწავლას, თანამედროვე მოსახლეობის კოლექტიური მეხსიერების კვლევას; აგრეთვე აუდიო, ვიდეო და ფოტომასალების მოპოვებას და სისტემატიზაციას.
შედეგები აისახება სამეცნიერო კონფერენციებზე წარდგენილ მოხსენებებსა და პუბლიკაციებში, საბოლოოდ კი - კომპლექსურ მონოგრაფიაში
წარმოდგენილი პროექტით გაგრძელდება სასაზღვრო რეგიონის, საზღვრით გაყოფილი სოფლებისა და ხეობების კვლევა, არსებითად, პროექტი კვლევის მეორე საფეხური იქნება (პირველი საფეხური იყო შოთა რუსთაველის ეროვნული ფონდის მიერ დაფინანსებული და წარმატებით განხორციელებული პროექტი „სარფი“ (2014-2015 წ.). პროექტის დასრულების შემდეგ მომზადდება საფუძველი ახალი საფეხურისთვის.
უკან |