ქართველოლოგიის ცენტრი

ქართველოლოგიის ცენტრის დებულება

მუხლი I. დებულების რეგულირების სფერო
ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის (შემდგომში „ცენტრი”) სტრუქტურას, მიზნებსა და ამოცანებს, აწესრიგებს ცენტრის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე ცენტრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი II. ცენტრის უფლებამოსილება
ცენტრი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდების, შინაგანაწესის, ეთიკის კოდექსის, ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დებულების, წინამდებარე დებულებისა და სხვა საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და საუნივერსიტეტო აქტების საფუძველზე.

მუხლი III. ცენტრის მიზნები და ამოცანები, საქმიანობის სფერო და ძირითადი მიმართულებანი
1. ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოს (უპირატესად სამხრეთ საქართველოს) ისტორიის, ეთნოგრაფიის, ფოლკლორის, დიალექტებისა და ქართველთმცოდნეობის სხვა მიმართულებების კვლევა, კვლევის შედეგების, ემპირიული მასალებისა და დოკუმენტების გამოქვეყნება.
2. ცენტრის ამოცანებია:
ა) შეაგროვოს და შესაბამისი მეცნიერული აპარატურით გამოსცეს სამხრული კილოების, ფოლკლორული, ეთნოგრაფიული და ქართველთმცოდნეობისთვის მნიშვნელოვანი სხვა მასალები, იზრუნოს მათ მეცნიერულ დამუშავებაზე.
ბ) საქართველოსა და უცხოეთის არქივებსა და წიგნთსაცავებში მოიძიოს და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოიტანოს საქართველოს (უპირატესად ისტორიული სამხრეთ საქართველოს) შესახებ დაცული ქართული და უცხოური მასალები.
გ) სამეცნიერო თუ პოპულარული სტატიების, კრებულების, სამეცნიერო კონფერენციების თუ სიმპოზიუმების მასალების, მონოგრაფიების სახით რეგულარულად გამოაქვეყნოს სამეცნიერო კვლევის შედეგები.
დ)  ერთი საერთო იდეით დაკავშირებული დოკუმენტური ფილმების შექმნა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს შესახებ.
3. ცენტრი ბსუ-ს შესაბამის დარგობრივ დეპარტამენტებთან ერთად
ა) ხელს უწყობს უნივერსიტეტში ჰუმანიტარული კვლევების განვითარებას;
ბ) მოიზიდავს სამეცნიერო კვლევა-ძიების ნიჭით დაჯილდოებულ ბსუ-ს სტუდენტებს (ბაკალავრებს, მაგისტრანტებს და დოქტორანტებს) და ხელს შეუწყობს მათ ჩართვას სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში;
4. ცენტრი კომპლექსური ექსპედიციის საშუალებით უზრუნველყოფს საკვლევაძიებო საქმიანობის გაფართოებას და სრულყოფას. ექსპედიციის შემადგელობაში შედიან ცენტრის საქმიანობით დაკავებული ბსუ-ს პერსონალი, შესაბამისი სპეციალობების (ბაკალავრიატის, მაგისტრატურის, დოქტორანტურის) სტუდენტები და ბსუ-ს მართვის ორგანოების აქტებით განსაზღვრული სხვა პირები.    ცენტრმა შესაძლოა მოაწყოს ექსპედიციები დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული, ფოლკლორული, არქეოლოგიური და სხვა მასალების შესაგროვებლად.
  
მუხლი IV. ცენტრის სტრუქტურა და მართვა
1. ცენტრის მმართველი ორგანოა სამეცნიერო საბჭო, რომელიც სხდომას ატარებს თვეში ერთხელ (საჭიროების შემთხვევაში მოიწვევა რიგგარეშე სხდომაც). 
2. ცენტრის საქმიანობას წარმართავს ცენტრის კოორდინატორი, მისი მოადგილე და  მიმართულებების ხელმძღვანელები.
3. ცენტრს აქვს შემდეგი მიმართულებები:
I. ფოლკლორისა დ დიალექტოლოგიის;
II. ეთნოლოგიისა და სოციოკულტურული ანთროპოლოგიის;
III. სამხრეთ საქართველოსა და აღმოსავლეთის ისტორიის;
IV. რელიგიისა და საზოგადოებრივი აზროვნების ისტორიის.
4. სამეცნიერო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ცენტრის კოორდინატორი, მიმართულებების ხელმძღვანელები და საჭიროების შემთხვევაში ფაკულტეტის სხვა აკადემიური პერსონალი;
5.  სამეცნიერო საბჭოს წევრებს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. სამეცნიერო საბჭო კი თავისი შემადგენლობიდან ირჩევს თავმჯდომარესა და მდივანს 4 წლის ვადით.
6. ცენტრის კოორდინატორს, მოადგილესა და ცენტრის მიმართულებების ხელმძღვანელებს ფაკულტეტის საბჭოს წარდგინებით ნიშნავს ბსუ-ს რექტორი. 
7.   ცენტრის კოორდინატორად, მოადგილედ და ცენტრის მიმართულებების ხელმძღვანელებად შეიძლება დაინიშნონ 65 წლამდე ასაკის ბსუ-ს პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელთაც აქვთ შესაბამისი სამუშაო გამოცდილება;
8. ცენტრის მიმართულებები სამეცნიერო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენენ კვლევის პროგრამებს;
9. ცენტრის სამეცნიერო მუშაობის გეგმას ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო;
10. ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ყველა წევრი წელიწადში ერთხელ ანგარიშს აბარებს შესაბამის მიმართულებას გაწეული კვლევითი და შემკრებლობითი მუშაობის შესახებ, ხოლო მიმართულება - სამეცნიერო საბჭოს;
11. ცენტრის მუშაობის ანგარიშს წელიწადში ერთხელ ისმენს ფაკულტეტის საბჭო, ასევე  ბსუ-ს აკადემიური საბჭო;
12. ცენტრი ყოველწლიურად აწყობს სამეცნიერო კონფერენციას და გამოსცემს შრომების კრებულს;

მუხლი V. ცენტრის დაფინანსება და ბიუჯეტი
1. ცენტრში საქმიანობა არაანაზღაურებადია;
2.  დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს:
ა) უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან  გამოყოფილი თანხა;
ბ) სახელმწიფო ან კერძო გრანტის ან შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავლები.
გ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
3.  ცენტრის  ხარჯთაღრიცხვას (უნივერსიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ და ცენტრის მიზნების განსახორციელებლად საჭირო შემთხვევებში) უნივერსიტეტის შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით  ადგენს ცენტრის კოორდინატორი და წარუდგენს  დასამტკიცებლად ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა