ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე „აფხაზები აჭარაში“. მკვლევარებმა სესიაზე მოხსენებები წარმოადგინეს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „აფხაზები აჭარაში“ ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგებზე. სამეცნიერო პროექტის მიზანია აჭარაში აფხაზთა თავდაპირველი გადმოსახლების, მიგრაციის, აჭარაში ცხოვრების ისტორიული, ეკონომიკური თუ სხვა ხასიათის თავისებურებების გაანალიზება. კვლევა ასევე ითვალისწინებს მოახალშენეთა და ადგილობრივთა თანაცხოვრების იმ კულტურულ–ეთნოგრაფიულ პლასტების შესწავლას, რომლებიც ხალხურ მეხსიერებაში არსებობს.
აფხაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეთნიკურ მოზაიკაში. XIX საუკუნეში მათი მიგრაციის ისტორია კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან და რუსეთ-ოსმალეთის ომებთან იყო დაკავშირებული. მუჰაჯირი აფხაზები სახლდებოდნენ როგორც ოსმალეთის შიდა პროვინციებში, ასევე განაპირას, სამშობლოსთან ახლოს. აჭარა მაშინ ოსმალეთის შემადგენლობაში იყო და ლტოლვილი აფხაზების ნაწილი აქ დასახლდა.
სამეცნიერო პროექტს „აფხაზები აჭარაში“ ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის მკვლევართა ჯგუფი ახორციელებს.
უკან |