ქართველოლოგიის ცენტრი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი

ქართველოლოგიის ცენტრის ისტორია

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ამჟამად ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სამეცნიერო საბჭოს 1998 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილების (ოქმი #8) საფუძველზე 2000 წლის 30 აგვისტოს შეიქმნა ,,მემედ აბაშიძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი (შემდეგ – სამეცნიერო ცენტრი) სამი განყოფილებით: 1. დიალექტოლოგიისა და ფოლკლორის, 2. ისტორიისა და ეთნოგრაფიის და 3. ქართული კულტურის.

დამტკიცდა სამეცნიერო ცენტრის დებულება და სტრუქტურა. დებულებით განისაზღვრა მისი საქმიანობის პრიორიტეტები, კერძოდ:

1. შესაბამის კათედრებთან ერთად სამეცნიერო ცენტრმა ხელი უნდა შეუწყოს უნივერსიტეტში ჰუმანიტარული კვლევების განვითარებას;

2. შეაგროვოს და შესაბამისი მეცნიერული აპარატურით გამოსცეს დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოგრაფიული მასალები, იზრუნოს მათ მეცნიერულ დამუშავებაზე;

3. საქართველოსა და უცხოეთის არქივებსა წიგნთსაცავებში მოიძიოს და მეცნიერულ მიმოქცევაში შემოიტანოს საქართველოს შესახებ დაცული მასალები;

4. სამეცნიერო ცენტრთან ჩამოყალიბდეს მუდმივმოქმედი ექსპედიცია, რომლის საქმიანობაში თანამშრომლებთან ერთად ჩაბმული იქნებიან სტუდენტები და ადგილობრივი კორესპოდენტები.

გამოცხადდა კონკურსი სამეცნიერო ცენტრის განყოფილებათა გამგეების თანამდებობების დასაკავებლად, მეცნიერ-მუშაკები კი დაინიშნენ რექტორის ბრძანებით.

უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს 2000 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი #2) განყოფილებათა გამგეებად არჩეული იქნენ: დოც. მამია ფაღავა (დიალექტოლოგიისა და ფოლკლორის განყოფილება), დოც. მალხაზ ჩოხარაძე (ქართული კულტურის განყოფილება), დოც. ბიჭიკო დიასამიძე (ისტორიისა და ეთნოგრაფიის განყოფილება. 2001 წლიდან ბიჭიკო დიასამიძე შეცვალა დოც. ჯემალ კარალიძემ).

სამეცნიერო ცენტრის დირექტორად დაინიშნა პროფ. ნური ვერძაძე, მოადგილეებად მამია ფაღავა (სამეცნიერო მუშაობის დარგში) და მალხაზ ჩოხარაძე (საერთო საკითხებში). 2004 წლიდან სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელია პროფ. მამია ფაღავა, მოადგილე, როფესორი მალხაზ ჩოხარაძე.

სამეცნიერო ცენტრში მეცნიერ-მუშაკებად მოწვეული იქნენ როგორც გამოცდილი სპეციალისტები (პროფ. თედო უთურგაიძე, დოც. ნოდარ კახიძე, დოც. აზიზ ახვლედიანი (2004 წლიდან), დოც. მერი ცინცაძე, დოც. თინა შიოშვილი, დოც. ელგუჯა მაკარაძე, დოც. მალხაზ სიორიძე, დოც. ომარ მემიშიში, დოც. თამაზ ფუტკარაძე, დოც. ჯემალ კარალიძე, დოც. შოთა მამულაძე (2005 წლიდან), დოც. რამაზ ხალვაში (2004 წლიდან), პროფ. ნანა გუგუნავა (2006 წლიდან), ისე ახალგაზრდა პერსპექტიული მკვლევრები (მ/კ ზაზა შაშიკაძე, მ/კ ირაკლი ბარამიძე, მ/კ ნადიმ ვარშანიძე, მ/კ ჯუმბერ ვარდმანიძე, ვარდო ჩოხარაძე...).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ახლადდაარსებულ სამეცნიერო ცენტრში მუშაობის სურვილი გამოთქვეს ცნობილმა სპეციალისტებმა, ბატონმა თედო უთურგაიძემ (საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ქართველურ ენათა განყოფილების გამგე, პროფესორი), ქალბატონმა მერი ცინცაძემ (ბსუ ქართული ენის კათედრის დოცენტი) და სხვებმა. მსურველი როგორც უნივერსიტეტში, ისე მის გარეთ ბევრი იყო, ბუნებრივია, ყველა ვერ დაკმაყოფილდა.

2005 წელს სამეცნიერო ცენტრს შეეცვალა სახელი და ეწოდა: ,,სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი” (2008 წლიდან უწოდეს – ქართველოლოგიის ინსტიტუტი, 2012 წლიდან – ქართველოლოგიის ცენტრი).  2005 წლიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” მოთხოვნათა შესაბამისად იგი შევიდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტრუქტურაში.

გამოიკვეთა სამეცნიერო ცენტრის კვლევის პრიორიტეტები:

1. ისტორიული სამხრეთ საქართველოს (აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, ტაო, სპერი...) ფოლკლორის, ყოფის, ისტორიის, მატერიალური კულტურისა და მეტყველების კვლევა.

2. ლაზური დიალექტების, ლექსიკის და ლაზეთის კულტურისა და ყოფის კვლევა.

3. მუჰაჯირთა შტამომავლების მეტყველების, ფოლკლორის, ყოფისა და კულტურის კვლევა.  

დაარსდა სამეცნიერო ცენტრის გამოცემა - ,,კრებული” (დღემდე გამოცემულია ,,კრებულის” 13 ტომი) და მისი დამატება ,,ხერთვისი” – სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი (გამოიცა მხოლოდ ერთი ნომერი 2005 წელს), რომლის მიზანი იყო მკითხველისათვის მიეწოდებინა ინფორმაციები თურქეთის საქართველოს მკვიდრთა და მუჰაჯირი ქართველების შთამომავალთა შესახებ. დასანანია, რომ უსახსრობის გამო ჟურნალმა არსებობა ვეღარ გააგრძელა.

დღიდან დაარსებისა სამეცნიერო ცენტრთან არსებულმა მუდმივმოქმედმა ექსპედიციამ საველე-შემკრებლობითი სამუშაოები ჩაატარა აჭარაში (2001 წელი – ხიხაძირის ხეობა, 2002 წელი – ღორჯომი), შავშეთში (2005 და 2009 წლები), კლარჯეთი (2007, 2013, 2014, 2015 წწ.), ლაზეთში (2007, 2014, 2015 წწ), ტაოსა და სპერში (2004, 2009, 2010, 2017, 2018, 2019 წლები) მუჰაჯირთა შტამომავლებთან (2012, 2013, 2014, 2015, 2018 წწ) მოპოვებულია ძვირფასი დიალექტოლოგიური, ფოლკლორული და ეთნოლოგიური მასალები, შექმნილია უნიკალური ფოტო და ვიდეომასალების არქივი. მიმდინარეობს თურქეთის საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების არქეოლოგიური შესწავლა... სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა გამოაქვეყნეს არაერთი ნაშრომი, რომლებშიც შესწავლილია თურქეთის საქართველოს ისტორიის, მატერიალური კულტურის, ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, მეტყველების პრობლემები.

კომპლექსური ექსპედიციის მიერ შეგროვებული მასალები პერიოდულად იბეჭდება სამეცნიერო ცენტრის ,,კრებულში”.

სამეცნიერო ცენტრში მომზადდა დოკუმენტური ფილმები: 1. იმერხევი; 2. ჩვენებურთა მონატრება (ავტორი მ. ჩოხარაძე, რედაქტორი მ. ფაღავა). დაგროვებულია მნიშვნელოვანი ვიდეომასალა და მომზადებულია პირობები ჭოროხის აუზის შესახებ საერთო იდეით დაკავშირებული სამეცნიერო-პოპულარული ფილმების ერთგვარი ციკლის შესაქმნელად.

ჩანართი: ,,კრებულის” IV ტომში დაიბეჭდა ,,ტაოური მეტყველების ნიმუშებილექსიკონითურთ (. ფაღავა, . ცინცაძე, . მაკარაძე, . დიასამიძე, . თანდილავა,). მასალები მკვლევართა ჯგუფმა შეკრიბა 1995 წლის ზაფხულში (30 აგვისტო – 14 სექტემბერი) ტაოში საველე ექსპედიციის დროს.

მკითხველისათვის ალბათ საინტერესო იქნება აღვნიშნოთ, რომ 1994 წელს შეიქმნა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური კვლევის ლაბორატორია ორი განყოფილებით: . ფოლკლორისა და დიალექტოლოგიის და . ისტორიის, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის. ლაბორატორია ჩამოყალიბდა უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის, დოც. აზიზ ახვლედიანის ინიციატივით, გამგედ დაინიშნა დოც. მამია ფაღავა. მის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდნენ: პროფ. . კახიძე, დოც. ნური ვერძაძე, დოც. აბელ სურგულაძე, დოც. შოთა მამულაძე... შედგა ლაბორატორიის სამუშაო გეგმა. ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოიყო ისტორიული სამხრეთ საქართველოს კვლევა. მახსოვს, როგორი პასუხისმგებლობითა და რუდუნებით ეკიდებოდა ყველა საინტერესო წამოწყებას. რექტორთან იმართებოდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები, ზუსტდებოდა ცალკეული დეტალები.... 1994 წლის 12 იანვარს უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ დაამტკიცა ლაბორატორიის სამუშაო გეგმა. 1995 წელს ლაბორატორიამ მოაწყო საქართველოში პირველი კომპლექსური ექსპედიცია ტაოში, რომლის მუშაობაში მონაწილეობდნენ: დოც. მამია ფაღავა (ხელმძღვანელი), დოც. მერი ცინცაძე, დოც. ელგუჯა მაკარაძე, დოც. ლილე თანდილავა, დოც. რევაზ დიასამიძე, მძღოლი ტარიელ ნიჟარაძე. 1996 წელს სხვადასხვა მიზეზით ლაბორატორიამ შეწყვიტა არსებობა. შეჩერდა კარგად დაწყებული საქმე...

    2002 წლიდან სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამეცნიერო სემინარი (ხელმძღვანელი პროფესორი მ. ფაღავა), რომლის სხდომებზე განხილული იქნა ხუთ ათეულზე მეტი მოხსენება.

სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობენ საერთაშორისო, რესპუბლიკურ და საუნივერსიტეტო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში. ჩატარდა სამეცნიერო ცენტრის 16 კონფერენცია. სამეცნიერო ცენტრმა უმასპინძლა დიალექტოლოგთა XXI რესპუბლიკურ კონფერენციას (მასალები დაიბეჭდა: იხ. სამეცნიერო ცენტრის ,,კრებული, ტ. II, 2002 წელი.).

2008 წელს სამეცნიერო ცენტრის თანამშრომლებმა გაიმარჯვეს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ კონკურში და მოიპოვეს ორწლიანი სამეცნიერო გრანტი (თემის ხელმძღვანელი, პროფ. მამია ფაღავა, მენეჯერი ასოც. პროფ. მალხაზ ჩოხარაძე. მეცნიერ-მუშაკები: პროფ. თინა შიოშვილი, მ/კ მერი ცინცაძე, ასოცირებული პროფესორები: შოთა მამულაძე, ზაზა შაშიკაძე, თამაზ ფიტკარაძე, მ/კ ნუგზარ ცეცხლაძე, დოქტორანტი ვარდო ჩოხარაძე). 2011 წელს დაისტამბა ვრცელი მონოგრაფია ,,შავშეთი’’ (გამოკვლევით, შავშური დიალექტისა და ფოლკლორის მასალებითა და ლექსიკონით) და მ. ფაღავას ,,შავშური ჩანაწერები’’. Mომდევნო წლებში დაისტამბა მონოგრაფიები: ,,სარფი” (2015 წ. წიგნის ავტორები: მ. ჩოხარაძე, ლ. თანდილავა, მ. ფაღავა, ო. მემიშიში, მ. ბარამიძე, ჯ. ვარშალომიძე, ნ. მგელაძე, ზ. შაშიკაძე, ჯ. კარალიძე, თ. შიოშვილი, მ. თავდგირიძე, ც. ნარაკიძე, ჯ. მიქელაძე), ,,კლარჯეთი” (2016 წ. ავტორები: მ. ფაღავა, მ. ცინცაძე, მ. ბარამიძე, მ. ჩოხარაძე, თ. შიოშვილი, შ. მამულაძე, რ. ხალვაში, ნ. მგელაძე, ზ. შაშიკაძე, ჯ. კარალიძე), ,,კლარჯული ჩანაწერები’’ (2016 წ. ავტორი მ. ფაღავა), ,,ტაო’’ (2020 წ. ავტორები: მ. ფაღავა, მ. ცინცაძე, მ. ბარამიძე, მ. ჩოხარაძე, თ. შიოშვილი, რ. ხალვაში, ნ. მგელაძე, ზ. შაშიკაძე, მ. ხალვაში, ჯ. ჩხვიმიანი, ჯ. კარალიძე), ,,მარადიდი” (2020 წ, ავტორები: მ. ჩოხარაძე, მ. ფაღავა, ნ. ფარტენაძე, თ. შიოშვილი, ზ. შაშიკაძე, რ. ბარამიძე, თ. ჩოხარაძე), ,,სამხრული კილოები – ბრუნებისა და უღლების ძირითადი ტაბულები’’ (2017 წ. ავტორები: მ. ფაღავა, ნ. ცეცხლაძე), ,,ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი, აჭარა” (ბათუმი, 2019, ავტორები: ნ. მგელაძე, თ. ტუნაძე, ლ. მელიქიშვილი, თ. ცაგარეიშვილი, თ. ლომთათიძე, ჯ. ვარშალომიძე, ე. ნადირაძე, ნ. შოშიტაიშვილი, ჯ. მიქელაძე, მ. ჯანჯღავა, ნ. სტამბოლიშვილი, ზ. ახვლედიანი, ლ. ასლანიშვილი).

2012 წლიდან ქართველოლოგიის ინსტიტუტის კოლექტივი მუშაობს პრობლემაზე ,,მუჰაჯირები’’ (პროგრამა ხორციელდება აჭარის არ მთავრობის დაფინანსებით). დაგეგმილია გამოცემა ხუთწიგნეულისა ,,ქართველ მუჰაჯირთა შტამომავლები თანამედროვე თურქეთში”, გამოიცა სერიის პირველი წიგნი ,,მაჭახლელი მუჰაჯირები” (ბათუმი, 2017 წ. ავტორები: მ. ფაღავა, მ. ცინცაძე, მ. ჩოხარაძე, თ. შიოშვილი, მ. ბარამიძე, ზ. შაშიკაძე,მ ნ. მგელაძე, რ. ბარამიძე), ასევე დაისტამბა მ. ფაღავას მუჰაჯირთა შთამომავლებთან” (ბათუმი, 2016 წ.)

ცენტრის თანამშრომლებმა დაარსებიდან დღემდე სხვადასხვა გამოცემებში ქართულ და უცხოურ ენებზე გამოაქვეყნეს ათეულობით სტატია, ადილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე წაიკითხეს 100-მდე სამეცნიერო მოხსენება.

დაარსებიდან ,,ქართველოლოგიის ცენტრმა’’ გარკვეულ წარმატებებს მიაღწია. ყველაზე დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს ის, რომ მან გამონახა თავისი კვლევის ობიექტი – ისტორიული სამხრეთ საქართველო, ლაზეთი და მუჰაჯირთა შტამომავლების ყოფა და კულტურა  და გარკვეული წარმატებითაც იკვლევს მას. გაკეთდა ცოტა, გასაკეთებელი ძალზე ბევრია. სამომავლოდ ქართველოლოგიის ცენტრმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს ლაზეთის კვლევას. ქართული მეცნიერება ლაზეთის წინაშე ვალშია და მისი გადახდა ჩვენმა თაობამ უნდა დაიწყოს. ბარემ ვიტყვით, რომ ლაზეთი მეტ-ნაკლებად შესწავლილია ენათმეცნიერულად (თუმცა ჯერ კიდევ არა გვაქვს ვრცელი ლაზური ლექსიკონი, რაც ქართული ენათმეცნიერების დიდი ნაკლია), მაგრამ ძალზე ცოტა ვიცით ლაზეთის ეთნოგრაფიის, ისტორიისა და ფოლკლორის შესახებ. ქართველოლოგიის ამ ხარვეზის შევსება ბათუმის უნივერსიტეტმაც უნდა სცადოს...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა