ქართველოლოგიის ცენტრი

აფხაზები აჭარაში (FR/414/1-10/14)

სამეცნიერო პროექტის დასახელება - აფხაზები აჭარაში (FR/414/1-10/14)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი- ასოცირებული პროფესორი ჯემალ კარალიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი - ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრი - ასოც. პროფესორი რევაზ დიასამიძე (პროექტის მენეჯერი), ასისტენტ პროფესორი ნატალია ლაზბა, ასისტენტ პროფესორი ქეთევან შოთაძე, აკადემიური დოქტორი გიორგი მახარაშვილი, აკადემიური დოქტორი მარინა შალიკავა, აკადემიური დოქტორი მანანა თავდგირიძე, დოქტორანტი გუგული კუკულაძე, დოქტორანტი მარიამ ჩოხარაძე, მოწვეული სპეციალისტი, მეცნიერ-კონსულტანტი პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე.


გრანტის დაფინანსების წყარო - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
სამეცნიერო პროექტის  განხორციელების ვადა - 2015-2018 წწ.

სამეცნიერო პროექტის მიზანი - აფხაზებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ საქართველოს ეთნიკურ მოზაიკაში. XIX საუკუნეში მათი მიგრაციის ისტორია კავკასიაში მიმდინარე პროცესებთან და რუსეთ-ოსმალეთის ომებთან იყო დაკავშირებული. მუჰაჯირი აფხაზები სახლდებოდნენ როგორც ოსმალეთის შიდა პროვინციებში, ასევე განაპირას, სამშობლოსთან ახლოს. აჭარა მაშინ ოსმალეთის შემადგენლობაში იყო და ლტოლვილი აფხაზების ნაწილი აქ დასახლდა,


აფხაზებმა აჭარაში  ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული ფასეულობები ჩამოიტანეს, რომლებიც ტრადიციულ სოციალურ ურთიერთობათა სისტემაში, სამეურნეო ყოფაში, მატერიალურ და სულიერ კულტურაში, დარგობრივ ლექსიკაში გამოიხატებოდა. დროთა განმავლობაში, აჭარაში  - ქართულ ეთნიკურ გარემოში აფხაზურმა მოსახლეობამ საკუთარი კულტურა განავითარა და, შესაბამისად, ადგილობრივ გარემოზეც გავლენა მოახდინა. ამასთან აფხაზებმა, კულტურული თვალსაზრისით, დამხვდური ლოკალური გარემოცვისგანაც ბევრი რამ შეითვისეს.
ფაქტია, რომ აჭარაში აფხაზთა განსახლების გეოგრაფია ვრცელი და მრავალფეროვანი იყო. ისინი ადგილობრივ სამეურნეო ცხოვრებაში იმთავითვე აქტიურად ჩაებნენ და წარმატებულ სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდნენ.

პროექტის მიზანია აჭარაში  აფხაზთა  თავდაპირველი გადმოსახლების, საზოგადოდ, მიგრაციის, აჭარაში ცხოვრების ისტორიული, ეკონომიკური თუ სხვა ხასიათის თავისებურებების გაანალიზება და ყურადღება გამახვილება მოახალშენეთა და ადგილობრივთა თანაცხოვრების იმ კულტურულ–ეთნოგრაფიულ პლასტებზე, რომლებიც ხალხურ მეხსიერებაში არსებობს. .აჭარაში მცხოვრებ აფხაზთა  ისტორიის და კულტურის კვლევა ჩვენ საშუალებას მოგვცემს, ადგილობრივი მოსახლეობის ტოლერანტულობის ხასიათს უფრო სიღრმისეულად ჩავწვდეთ და სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების თანაარსებობის პერსპექტიული მოდელი განვსაზღვროთ. კვლევის ეს მიმართულება მით უფრო აქტუალური ხდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობის თანამედროვე ურთულეს ეტაპზე.

სამეცნიერო პროექტის შედეგები - პროექტის განხორციელებით შეიქმნება აჭარაში მცხოვრები აფხაზების შესახებ კომპლექსური - ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა. კვლევის შედეგები აისახება მონოგრაფიაში, მონოგრაფიას ციფრული სახით დაერთვება ფოტო და ვიდეომონიტორინგის ამსახველი მასალა. მონოგრაფია სასარგებლო იქნება დარგის სპეციალისტებისათვის. განსაკუთრებით იმ მაგისტრებისა და დოქტორანტებისათვის, რომლებიც საქართველოს ეთნიკური პორტრეტის შესწავლით არიან დაინტერესებულნი.
 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა