ქართველოლოგიის ცენტრი

მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე (აჭარაში დასახლებულ აფხაზთა მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მუჰაჯირთა შთამომავლებთან აჭარაში მცხოვრები აფხაზების ურთიერთობის 21-ე საუკუნის რეალობა)

სამეცნიერო პროექტი - მუჰაჯირობიდან მუჰაჯირობამდე (აჭარაში დასახლებულ აფხაზთა მუჰაჯირობა  მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და მუჰაჯირთა შთამომავლებთან აჭარაში მცხოვრები აფხაზების ურთიერთობის 21-ე საუკუნის რეალობა)

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი ჯემალ კარალიძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: რევაზ დიასამიძე (კოორდინატორი), ასოცირებული პროფესორი ლილე თანდილავა, ასოცირებული პროფესორი ნატალია ლაზბა, პროფესორი მურმან გორგოშაძე, ფილოლოგიის დოქტორი მარიამ ჩოხარაძე, ფილოლოგიის დოქტორი მანანა თავდგირიძე

პროექტის ხანგრძლივობა: 2022-2025წწ.

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა: საკვლევი თემის საგანია ერთი მხრივ, აჭარაში დასახლებულ აფხაზთა მუჰაჯირობა მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში და, მეორე მხრივ,  მათ შთამომავალთა თანამედროვე ყოფა,  აჭარაში მცხოვრებ აფხაზებთან მათი ურთიერთობის 21-ე საუკუნის რეალობა.
აჭარაში აფხაზთა ინტენსიური მიგრაცია უკავშირდება რუსეთ-ოსმალეთის ომებს მე-19 საუკუნეში. სწორედ აღნიშნული საუკუნის შუა ხანებიდან მოყოლებული მშობლიური საცხოვრისიდან აყრილ აფხაზთა არაერთი ჯგუფი  დასახლდა აჭარაში.  პირველი მუჰაჯირობის დროს გადმოსახლებულ აფხაზთაგან მრავალ ოჯახს კიდევ ერთხელ მოუხდა აყრა და გადასახლება: რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომის შემდეგ რეგიონს მუჰაჯირობის ახალმა მასშტაბურმა ტალღამ გადაუარა. მიგრაციის კიდევ ერთი ნაკადი პირველი მსოფლიო ომს უკავშირდება, რომელიც აფხაზებსაც შეეხო, თუმცა, შედარებით ნაკლები მასშტაბით.

ამდენად, მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებში აჭარაში დასახლებულ აფხაზთაგან ნაწილი მუჰაჯირობის ახალ ტალღებს გაჰყვა თურქეთის შიდა რეგიონებში, ნაწილი აჭარაშივე დარჩა და მათი შთამომავლები დღემდე ცხოვრობენ ბათუმსა და მახლობელ მუნიციპალიტეტებში.

თავისთავად ცხადია, რომ დაგეგმილია მრავალი მეცნიერული სიახლის შემცველი მასშტაბური ინტერდისციპლინარული, კომპლექსური კვლევა. ხოლო თუ შევეცდებით პრობლემის უფრო კონკრეტულად ფორმულირებას, უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელება გულისხმობს წყაროებსა და  საისტორიო ლიტერატურაში, კოლექტიურ მეხსიერებაში, საველე ექსპედიციების გზით შეგროვებულ ზეპირ ისტორიებში, ელექტრონულ სივრცეში, მხატვრულ ლიტერატურაში ასახული აჭარიდან და საზოგადოდ, ჭოროხის აუზიდან აფხაზი მიგრანტების მუჰაჯირობასთან და მუჰაჯირობისშემდგომი ყოფის დეტალებთან დაკავშირებული სრულიად ახალი მასალების მოძიებას, მეცნიერულ კვლევას და შედარებით ანალიზს. საბოლოოდ კომპლექსური მონოგრაფიის დასრულებას და გამოცემას.

ამდენად, კვლევის პროცესში შევეხებით  აფხაზთა მუჰაჯირობის მიზეზებსა და დინამიკას, გადასახლების სტრატეგიას, აჭარიდან მიგრირებულ აფხაზთა განსახლების გეოგრაფის, ახალ საცხოვრებელ ადგილზე დამკვიდრების პრობლემებს, ქართულ-აფხაზური ურთიერთობებს მუჰაჯირთა პირველ თაობაში და მათ შთამომავლებში, მუჰაჯირობის ნარატივებს საქართველოში და აფხაზ მუჰაჯირთა დასახლებებში; წასულთა და დარჩენილთა სანათესაო ურთიერთობებს და ამ  ურთიერთობათა თანამედროვე რეალობას... აღვნიშნავთ, რომ პროექტის განხორციელების გზები და კვლევის მეთოდოლოგია სრულ შესაბამისობაშია პროექტის მიზნებთან და გეგმა-გრაფიკთან.

ჩვენი კვლევის აქტუალობას მრავალი მიზეზი განაპირობებს. მათგან უპირველესი ალბათ პოსტსაბჭოთა პერიოდის საქართველოს ურთულესი რეალობაა. ამ რეალობის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული გამოვლინება კი აფხაზეთის საკითხია.  ასეთი კვლევები კი აღნიშნულ რეალობაში, გარდა მაღალი სამეცნიერო ღირებულებისა, დიალოგის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების გარკვეულ შანსსაც შეიცავს, რაც გამოჰკვეთს პროექტის სპეციფიკურ ხასიათს და განსაკუთრებულ აქტუალობას სძენს მას...


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა