ქართველოლოგიის ცენტრი

ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ.

სურათი

სამეცნიერო პროექტის დასახელება:  ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ.

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი (NFR-19-7386)

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ზაზა შაშიკაძე

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:  მირიან მახარაძე (კოორდინატორი) ალკაზარ კაშია (მკვლევარი)

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადები:  2020 – 2024

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანს წარმოადგენს 1700-იან წლებში შედგენილი ორი უმნიშვნელოვანესი ოსმალური ხელნაწერი დოკუმენტის - ,,ბათუმის სადროშოს ვრცელი და მოკლე დავთრების“ მეცნიერული დამუშავება - გაშიფვრა, თარგმნა, აკადემიური კვლევა და მონოგრაფიად გამოცემა. დოკუმენტები ინახება ანკარის მიწის და კადასტრის მთავარი სამმართველოს არქივში. მათი ასლები დაცულია სტამბოლში, პრეზიდენტის საარქივო სამმართველოს ოსმალურ არქივში.

ბათუმი ოსმალეთის იმპერიაში ცალკე სადროშოს სახით იყო გაერთიანებული. იგი სხვადასხვა დროს ვილაიეთის ცენტრიც იყო. დოკუმენტებიდან ჩანს, რომ მოცემულ პერიოდში ბათუმის სადროშო, დღევანდელი ქალაქის და მიმდებარე ტერიტორიების (დღევანდელი აჭარის 20-მდე სოფელი) გარდა შედიოდა ისტორიული ჭანეთიც.

დოკუმენტები შეიცავს დიდი რაოდენობით ვრცელ ჩანაწერს, რომელთა წაკითხვა, თარგმნა და სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანა ნათელს მოჰფენს ბათუმის და მთელი რეგიონის ისტორიის ისეთ საკითხებს, რომელიც დღემდე უცნობია ქართული საზოგადოებისათვის. მათი გამოქვეყნება უთუოდ პირველწყარო იქნება საკითხით დაინტერესებულ პირთათვის.

პროექტის შესახებ:

დასრულდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევებისათვის 2019 წელს დაფინანსებული საგრანტო პროექტი - ,,ორი ოსმალური დავთარი და დოკუმენტები ბათუმის შესახებ.“

პროექტი მიზნად ისახავდა ანკარაში, თურქეთის, მიწისა და კადასტრის მთავარი საარქივო სამმართველოს არქივში დაცული, ორი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის - ,,ბათუმის სადროშოს ვრცელი“ (შიფრი 122) და ,,ბათუმის სადროშოს მოკლე“ (შიფრი 327. ძვ. 68)  1700-იან წლებში შედგენილი, დავთრების შესახებ, სადაც მრავალი სიახლეა დაცული ჩვენი ქვეყნის ისტორიოგრაფიისათვის.

პროექტის ძირითადი პერსონალი გახლდათ - შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) პროფესორი ზაზა შაშიკაძე, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი მირიან მახარაძე (კოორდინატორი) და ბსუ ასისტენტ პროფესორი ალკაზარ კაშია (ახალგაზრდა მეცნიერი).

პროექტში დამხმარე პერსონალის სახით პერიოდულად ჩართულნი იყვნენ ბსუ ასოცირებული პროფესორი ლიანა ჭყონია (თურქოლოგი), ასისტ. პროფესორი არჩილ ვარშალომიძე (ისტორიკოსი) და ასისტ. პროფესორი შოთა როდინაძე (ლინგვისტი).

პროექტის განხორციელების პრიოდში ხდებოდა მისი სხვადასხვა ფორმით გაცნობა სამეცნიერო წრეებისა და დაინტერესებული საზოგადოებისათვის. შედეგები გავიტანეთ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე. დაიბეჭდა სტატიები ადგილობრივ და მაღალრეიტინგულ გამოცემებში. პროექტის ხემძღვანელმა გააკეთა პრეზენტაციები ჩატარებული სამუშაოების შესახებ იზმირის (ეგეოსის), ანკარის (ენისა და საისტორიო გეოგრაფიის ფაკუტეტზე), ართვინის (ჭოროხის) უნივერსიტეტებში.

პროექტი ხორციელდებოდა 2019-2024 წწ-ში (გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე ფონდს ვთხოვეთ პროექტის დასრულების ერთი წლით გადავადება) ბსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფარგლებში მოქმედი ქართველოლოგიის ცენტრის ფარგლებში.

საბოლოოდ მომზადდა ვრცელი მონოგრაფია (Word A4 ფორმატის 600 გვერდი), რომელიც ამჟამად საჭიროებს საბოლოო რედაქტირებას და გამოცემას.

ინფორმაცია კვლევის შესახებ:

ბათუმის დაქვემდებარება ოსმალეთისადმი:

საქართველოს ისტორიის ძირითად წყაროში, - „ქართლის ცხო­ვრებაში“ ბათუმზე ძალზე მწირი ინფორმაცია გვხვდება და, ისიც მხოლოდ XVI ს-ს განეკუთვნება. ვახუშტი ბატონიშვილიც მხოლოდ აღნიშნულ ფაქტებს იმეორებს და ცალკე, დამატებით გვაძლევს ბათუმის შესახებ გეოგრაფიულ ცნობებს. ამიტომაც, ბათუმის ისტორიის სრულ­ყო­ფილი შესწავლ­ისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს უცხ­ოურ წყაროებს.

თურქეთის არქივებში ინახება უამრავი დოკუმენტი ბათ­უმის შესახებ. მდიდარი საისტ­ო­რიოგრაფიო ტრადიციის მქონე ოსმალეთის იმპერიაში, არც ბათუმი დარჩენილა ყურადღების მიღმა და, როგორც ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმპე­რიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილის შესახებ, საყურადღებო დოკუმენტური და ნარატიული დოკუმენტებია შექმნილი.

ოსმალურ წყაროებში ბათუმის ისტორიის ამსახველ მრავა­ლრიცხოვან და მრავალფეროვან მასალათა შორის გამოვარჩევთ „ბათუმის ლივის ვრცელ დავთარს“, რომლის ორიგინალიც ინა­ხება თურქეთის რესპუბლიკაში, ანკარის მიწისა და კადასტრის მთავარი სამმართველოს არქივში შიფრით 122. დავთარი დღე­მდე არ არის შესწავლილი, როგორც პირველწყარო უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისა და რეგიონის ისტორიისათვის.

რიკას ურთულესი ხელით დაწერილი 92 გვერდიანი დოკ­უმენტის ზომა 14x41 სანტიმეტრია. დოკუმენტის მიხედვით ბათ­უმის ლივა მოიცავს დღევანდელი ქალაქის ტერიტორიას თავის შემოგარენით და ვრცელდება დასავლეთით შავი ზღვის სანაპ­იროზე  ლაზისტანში, ათინას (დღევანდელი Pazar) ტერიტორიის ჩათვლით. თუმცა, ჩვენ ამჯერად დოკუმენტს მხოლოდ ერთი კუთხით წარმოვაჩენთ და განვიხილავთ მხოლოდ დოკუმენტის პირველ გვერდებზე არსებულ ჩანაწერებს და მათში დაცულ საინტერესო ინფორმაციას.

ოსმალთა მიერ ბათუმის დაპყრობის თარიღის შესახებ ქარ­თ­ულ და თურქულ ისტო­რიოგრაფიაში აზრთა სხვად­ასხვ­აობაა. ქვემოთ მოკლედ შევეხებით აღნიშნულ საკითხს.

ერთიანი ქართული სამეფოს დაშლის შემდეგ ბათუმი იმე­რეთის სამეფოს შემადგენლობაში, გურიელების მმართ­ველო­ბაში დარჩა.

XVI ს-ის დასაწყისში, სამცხის ათაბაგის მზეჭაბუკ დიდის გარდაცვალების შემდეგ, მისი ადგი­ლის დასაკავებლად  დაპი­რ­ისპირება დაიწყო. ოსმალეთი და სპარსეთი მარჯვედ იყენებდნენ შიდა ფეოდალურ ომს სამცხე-საათაბაგოში და „დახმა­რე­ბის“ საბ­აბით იპყრობდნენ და არბევდნენ მას.

ქართული პოლიტიკური ელიტა კარგად ხედავდა, რომ ოსმალეთის საფრთხე ადრე თუ გვიან დადგებოდა და მიზნის განსახორციელებლად ისინი სამცხის ტერიტორიებს გამო­იყენე­ბ­დნენ. ამიტომაც, 1535 წელს იმერეთის მეფე ბაგრატ III-მ, სამცხიდან ოსმალთა შემოჭრის საფრთხის გასანეიტ­რალებლად, ათაბაგის წინააღმდეგ გაილაშქრა. 13 აგვისტოს ახა­ლ­­ქალაქთან ახლოს, სოფელ მუჯახეთთან მან დაამარცხა ყვარ­ყვარე და ტყვედ ჩაიგდო იგი (ქართლის ცხოვრება, 1959:457). საათაბაგოს დიდი ნაწილი იმერეთის სამეფოს დაექვემდებარა. მხარდაჭერის სანაცვლოდ გურიელმა ჭანეთი და აჭარა მიიღო ისევ, ხოლო ქართლის მეფე ლუარსაბ I-ს (1527-1556 წწ.) ბაგ­რატმა ჯავახეთი დაუთმო. ათაბაგობა დროებით შეწყდა. ყვარ­ყვარეს მცირეწლოვანმა ვაჟმა ოთარ შალიკაშვილის დახმარებით სტამბოლში სულთანს შეაფარა თავი. 1536 წლის 4 ივლისს, არზ­რუმის ბეგლარბეგმა საათაბაგოს ტერიტორიებზე ილაშქრა და დაიპყრო ზემო ლიგანის (Livane) ხეობა, მდი­ნ­არე ჭოროხის აყოლებაზე დღევანდელი იუსუფელის მიდ­ამოებიდან სპერის მიმართულებით .

მეცნიერთა ნაწილი ფიქრობს, რომ აქედან იწყება ოსმა­ლ­ური მმართველობის შემოღება აღნი­შნულ ტერიტორიებზე. თუმცა, წყაროებიდან კარგად ჩანს, რომ ბაგრატ III-მ, რომელიც აქტიურად ებრძოდა ოსმა­ლთა საათაბაგოში დამკვ­იდ­რებას, მოახერხა ამ ადგილების დროებით დაბრუნება.

XVI ს-ის 40-იან წლებში, ტყვეობაში მყოფი ყვარყვარე III-ის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ვაჟმა ქაიხოსრომ სულთნის დახ­მარებით გადაწყვიტა ბაგრატ III-ის დამარცხება და ათაბაგობის აღდგენა. სულთანს კარგად ესმოდა, რომ მისი მხარდაჭერა გაა­ძლიერებდა სამცხეში ოსმალთა გავლენას და დახმარებაზე უარი არ უთქვამს.

1543 წელს, არზრუმის გამგებლის, მუსა ფაშას მეთა­ურ­ო­ბით საქართველოში კვლავ შემოვიდა ოსმალთა 22 ათასიანი ლაშ­­­ქარი. ფაშამ ოლთისისა და ნარმანის მიწების დაპყრობის შემ­დეგ, ალყა შემოარტყა ოლთისის ციხეს, მაგრამ ვერ აიღო. ციხ­ეში ამ დროს იყო იმერეთის მეფე ბაგრატ III, რომელსაც სამცხე წარ­თმეული ჰქონდა ათაბაგისთვის.

ბაგრატი მიხვდა, რომ პირისპირ წინააღმდეგობას ვერ გაუ­წ­ევდა მტერს და ამიტომაც ხერხს მიმართა. მეფემ, რომელსაც ისევ გურიელი ედგა გვერდში, მოტყუებით მოახერხა მტრის ჯარის ორად გაყოფა. მან საჩუქრები გაუგზავნა ფაშას და დამა­რცხება აღიარა. ამასთან შეჰპირდა, რომ ოსმალთა ჯარის უომ­რად გაბრუნების შემთხვევაში ციხეს მის ნებისმიერ წარმ­ომა­დ­გენელს გადასცემდა. მუსა ფაშა მოტყუვდა, ციხის მისადგ­ომ­ე­ბთან ჯარის ნაწილი დატოვა მის ჩასაბარებლად, თვითონ კი არზრუმისკენ გაემართა. ბაგრატმა ისარგებლა მოწინააღმდეგის ლაშქრის გაყოფით, ჯერ ოლთისთან დაამარცხა ისინი და შემდეგ მამირვანში, სოფელ ქარაღაქთან წამოეწია და გაანადგურა მუსა ფაშას ჯარი. ფაშა ბრძოლაში დაიღუპა.

ქართველთა გამარჯვებებმა განარისხა სულთანი და კვლავ გამოაგზავნა არზრუმისა და დია­რბაქირის მმართველები სალა­შქროდ. დიარბაქირის ბეგლარბეგმა, ხადიმ ალი ფაშამ რომ შეი­ტყო მუსა ფაშას სიკვდილის ამბავი, შურისძიების მიზნით სასწ­რაფოდ ამ მხარეში მოვიდა და დალაშქრა რიგი ტერიტორიებისა, თუმცა ზუსტად არ არის ცნობილი მათი დასახელება.

1545 წელს, ბასიანში სოფელ სოხოისტასთან მოხდა დიდი ბრძოლა ქართველებსა და ოსმალებს შორის. ოსმალებს მეთ­აუ­რობდა, მუსა ფაშას ადგილზე არზრუმის ბეგლარბეგად დანი­შნ­ული თემე­რუდ ალი ფაშა. ჰასან რუმლუ აღნიშნულ დაპი­რ­ი­ს­პ­ი­რებას მოიხსენიებს, როგორც ყანლი ჩემენის ბრძოლას. ბრძ­ოლ­აში ქართველები დამარცხდნენ.

საყურადღებოა, რომ შურისძიების მიზნით, სოხოისტას ბრძ­­ო­ლის შემდეგ, 1547 წელს ოსმალები თავს დაესხნენ გურ­ი­ელს. ბაგრატმა დახმარება ვერ გაუწია მას. მიუხედავად ამისა, გურ­იელმა მაინც მოახერხა ოსმალთა შემოტევის დაძლევა. ქარ­თლის ცხოვრების მიხედვით, „ამას ჟამსა გურიელს გაუწყრა ხონ­თქარი ამისთვის, რომ მაშინ ბასიანს, თუ შენ ბაგრატს არ მოჰყ­ოლოდი, იმდენს ჯარს ვერ ამომიწყუეტდაო ბაგრატი. გამოუსია ჯარი და მოვიდნენ ბათომს და დაუწყეს ციხეს შენება კატა­რღებითა და ნავებითა.“  მსგავს ცნობას გვაწვდის ვახუშტიც: „ხოლო შემდგომად მოვიდა სპა ხონ­თ­ქრისა გურიასა ზედა, რათა შური იგი აგონ, ვინაჲთგან მიჰყვა ბაგრატ მეფესა და მოსწყჳდნა სპანი ოსმალთა; მიუღეს გურიელს ჭანეთი, დაუწყეს შენება ციხისა ბათომს“.

გურიელმა შეკრიბა ჯარი და ოსმალები განდევნა ბათ­უმ­იდან. მტერი ზღვიდან ნავებით უკან გაბრუნდა. თუმცა, ადი­დ­ებული ჭოროხის გამო ქართველებმა ცხენებით ვერ შეძლეს მდინარის გადალახვა და ოსმალთა დადევნება. მტერმა გონიოს მიაღწია და ციხის გამაგრება დაიწყო, რის შემდეგაც მას წაართვეს ჭანეთი (ქართლის ცხოვრება, 1959:360). ოსმალებმა განახლ­ე­ბული გონიოს ციხე აქციეს ავანპოსტად აჭარის დასარბევად და გურიაზე ლაშქრობების მოსაწყობად. ამ დროს ბათუმი ისევ გურიელის დაქვემდებარებაში ჩანს. „ქართლის ცხო­­ვრების“ მიხედვით, აღნიშნული მოვლენების შემდეგ, ბაგრ­ატის ძმა ვახტანგი გურიელს და გურიელებს ბათუმში შეხვდა.

დღეისთვის ცნობილი ყველაზე ადრეული თურქული ცნობა, რომელშიც ბათუმი სანჯაყად არის მოხსენებული, 1549 წლით არის დათარიღებული. თუმცა, წყარო­ების ანალიზით ირკვევა, რომ ოსმალეთსა და გურიელს შორის საზღვარი გონიოსთან ახლოს მდინარე ჭოროხზე გადიოდა.

1545-1549 წლებში ტრაპიზონის სანჯაყბეგმა ბიიქლი მეჰ­მედ ფაშას ძე მუსტაფა ფაშამ გონიოს ციხე კიდევ ერთხელ შეა­კ­ეთა და გაამაგრა. ჩანს, რომ ამ დროს ბათუმიც სანჯაყად იქნა გამოცხადებული, თუმცა ზუსტი თარიღი გაურკვეველია. თურქი ისტორიკოსი დუნდარ აიდინი 1549 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ დოკუმენტზე დაყ­რდნობით, თვლის, რომ „ამ დოკუმენტში ნახსენები ბათუმის მმა­რთველი ემირ ბეგი ბათუმის პირველი სანჯაყბეგია.“

1549 წლის 15 დეკემბერს არზრუმის თიმარების დავთა­რ­დარი სულეიჰ ბეგი ბათუმის სანჯაყში დაინიშნა. ბათუმის სანჯაყბეგის რეზიდენცია გონიოს ციხე იყო. როგოც ჩანს, სწორედ იმიტომ, რომ ბათუმს ისევ გურიელი ფლობს.

მუჰიმე დავთარში დაცული 963 წლის 28 ზილკაადეს (1556 წლის 3 ოქტომბერი) ცნობის მიხედვით ტრაპიზონის სანჯაყის საზ­ღვარი მდინარე ჭოროხზე გადიოდა და ბათუმი ისევ ოსმალეთს გარეთაა.

სანჯაყად გამოცხადების შემდეგ ბათუმი, როგორც წესი, უნდა აღწერილიყო, თუმცა აღნიშნული თარიღის მსგავსი დოკუ­მენტი ჯერჯერობით არ აღმოჩენილა. უფრო მოგვიანებით, 1564 წლის 11 დეკემბრის დივანის კანცელარიის დოკუმენტში ბათუმს ისევ ვხვდებით.

1564 წელს ბათუმი როსტომ გურიელმა დაიპყრო, თუმცა იგი მცირე დროის შემდეგ ისევ ოსმალეთის შემადგენლობაში გად­ავიდა. 1578 წლიდან ირან-ოსმალეთის მორიგ ომამდე ბათ­უმი არზრუმს გამოეყო და ცალკე საბეგლარბეგო ჩამოყ­ალიბდა. ბათუმის სანჯაყის შექმნის შემდეგ, XVI ს-ის მეორე ნახევარში, გონიოს ნაჰიე, ათინა, ჰემშინი და არხავის ყაზა ბათუმს დაექვემდებარა და ბათუმისა და ტრაპიზონის სანჯაყებს შორის საზღვარი მაფავრიზე (დღევანდელი Çayeli-ს ილჩე) გადი­ოდა.

1582 წელს კი, მურად III-ის (1574-1595 წწ.) დროს, ქვეყნის ხელახალი ადმინისტრაციული მოწ­ყობის დროს ბათუმ-ტრაპ­ი­ზონის სანჯაყების ხარჯზე ერთიანი ეიალეთი შეიქმნა. ახალი ეიალეთის ბეგლარბეგი ტრაპიზონში იჯდა.

1609 წელს მამია II გურიელმა, ისარგებლა რა ოსმალეთის იმპერიაში შექმნილი მდგომარეობით, მოახერხა ოსმალების გან­დ­ევნა აჭარიდან, ჩანს, რომ საზღვარმა ისევ ჭოროხზე გადაინაცვლა.

ოსმალო ისტორიკოსებისა და ევროპელი მისიონერების ცნო­­ბების მიხედვით, ბათუმი XVII ს-ის დასაწყისში, კერძოდ 1615 წელს გურიელის მმართველობაში იყო, თუმცა, ჩანს, რომ ოსმალეთმა მალევე წაგლიჯა იგი.

1617-1648 წლებში ბათუმი კვლავ ოსმალეთის შემად­გენ­ლ­ობაში ჩანს. ამავე პერიოდის გურიის სამთავროს ისტორიული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ოსმალთა გადმოსვლა ჭოროხზე მხოლოდ ბათუმის ციხითა და მისი მიდამოებით შემოი­ფარ­გლ­ე­ბოდა. გურიის სამთავროში კი ისეთი რთული მდგომარეობა იყო, რომ გურიელს ნამდვილად არ ჰქონდა შესა­ძლებლობა, ბათუმისთვის ებრძოლა. მთელი დასა­ვ­ლეთ საქართველო (იმერეთის სამეფო) შიდა დაპირსპირებებმა ძალზე დაასუსტა. პარალელურად, იგი ხარკს უხდიდა ოსმა­ლ­ეთს.

ამ დროს გურიელი, საქართველოს მეფე - მთავრებთან ერთად, დიპ­­ლ­ომატიური გზით ცდილობდა რუსეთის დახმა­რ­ების მოპოვებას, რათა აღეკვეთა მის ტერიტორიებზე ოსმალთა თარეში. თუმცა მცდელობას თავიდან შედეგი არ მოჰყოლია.

XVII ს-ის 60-იანი წლებიდან, გიორგი III გურიელი, რომე­ლიც გამჭრიახობით გამოირჩეოდა, მოხერხებულ პოლიტიკას აწა­რ­მოებდა ოსმალეთთან. მიუხეავად იმისა, რომ იგი ხარკს უხდ­­იდა სულთნის ხელისუფლებას, მაინც შეძლო ბათუმის მხა­რის დაბრუნება. მის დროს საზღვარი ისევ ჭოროხზე გად­იოდა.

გურიელის შემადგენლობაში ჩანს ბათუმი შარდენის ჩანა­წერებშიც რომელმაც XVII ს-ის 70-იან წლებში იმოგზაურა აქ.

ბათუმის ლოკალიზაციის შესახებ ურთიერთსაწი­ნაა­ღ­მდ­ეგო ცნობებს ვხვდებით თურქულ წყაროებში. ზოგიერთი მათგ­ანის მონაცემით, ბათუმი 1582 წლიდან შევიდა ტრაპიზონის ეია­ლეთის შემადგენლობაში და XVII ს-ის შუა წლებშიც მას ეკუ­თ­ვ­ნოდა.

ფაქტია, რომ ევლია ჩელები შეცდომას უშვებს, როდესაც გად­მოგვცემს, რომ ტრაპიზონის ერთ-ერთი სახელთაგანია „ქალ­აქი ქვემო ბათუმი“. აქვე ამბობს, რომ ტრაპიზონის ვილაიეთი „ჯან­ჰას“ (სწორი ფორმაა ჭანიჭა-ზ.შ.), ზემო ბათუმის, ქვემო ბათ­­უმის, გონიოს და ტრაპიზონის სანჯაყებისგან შედგება. ვფიქრობთ, რომ ევლია ჩელების მიერ ნახსენები „ზემო ბათუმი“ დღევანდელი ორთაბათუმის თემს უნდა გული­სხმობდეს და ქვემო ბათუმი უფრო ზღვისპირა ტერიტორია. ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უფრო გვიანდელი, 1835 წლის აღწ­ერა, რომელიც ცხადყოფს, რომ ამ პერიოდშიც კი ორთაბა­თუმში ბევრად უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს (NFS.d 01170: 220-225), ვიდრე დღევანდელი ქალაქის ტერიტორიაზე, რომელიც აღწერის დოკუმენტში „სოფელ ნავსადგურად.“ არის მოხ­სენებული.

ქათიბ ჩელების მონაცემების მიხედვითაც ბათუმი გური­ე­ლის მმართველობაში ჩანს.

აშკარაა, რომ დღევანდელი ბათუმის ტერიტორია თავისი შემოგარენით, ჭოროხის ჩრდილოეთი, დიდი ხნის განმავლობაში ხელიდან ხელში გადადიოდა გურიელსა და ოსმალებს შორის. ხოლო გონიო, რომელიც XVI ს-ის პირველი ნახევრიდან დარჩა ოსმალეთს, ადმინისტრაციული ცენტრი იყო სანჯაყისა, რომე­ლიც ბათუმის სანჯაყად, ზოგჯერ კი გონიოს სანჯაყად მოიხ­ს­ენ­ი­ე­ბოდა. ეს უნდა იყოს ამ განსხვავებული ცნობების მიზეზიც. „ბათუმის სანჯაყი“ უფრო ადმინისტრაციული ტერმინი ჩანს, ვიდრე კონკრეტული გეოგრაფია.

1703 წელს (ზოგი ცნობით 1704), იმერეთის გამგებლის, გიორგი აბაშიძის მკვეთრი ანტი­ოსმ­ალური პოლიტიკის გამო, ოსმ­ა­ლთა ლაშქარი გურიის გზით იმერეთში შემოიჭრა. მამია III გურიელს ფიცი ჰქონდა მიცემული იმერეთის მმართველზე და იძულებული იყო შებრძოლებოდა მტერს. ოსმალებმა ააოხრეს გურია და გურიელიც იძულებული გახდა მორჩილება გამო­ეც­ხადებინა ფაშა­სთვის.

ამ შემოსევის შემდეგ, ბათომი, რომელიც თურქებმა დაი­პ­ყ­რეს, ჩანს, რომ საბოლოოდ გადავიდა მათ ხელში. მანამდე კი, XVII ს-ის მიწურულს, გიორგი III გურიელმა, გამაჰმ­ადია­ნებულ აჰმედ ბეგ თავდგირიძეს ჭოროხის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარე სამფლობელოები ჩამოართვა. ამან აჰმედ ბეგი და მისი ძმა მუს­ტაფა ბეგი გურიელის მოსისხლე მტრად აქცია და შემოსულ დამ­ყ­რობელს სთხოვეს დახმარება.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ბათუმი ოსმალებმა საბო­ლ­ოოდ 1703 წელს დაიპყრეს ქართულ ისტორიოგრაფიაში არის ცნობილი. აღნიშნულ მოსაზ­რ­ებას ამყარებს XVIII ს-ის პირველ წლებში შედ­გენილი „ბათუმის ლივის აღწერის დიდ დავთარში“ დაცული ცნობები. დოკუ­მე­ნტის დასაწყისში, მოცე­მულია თოთხმეტი სოფელი და მათი შემ­ოსავლები, რომელიც „გურიელის ქვეყნიდანაა“ და ბათუმის ლი­ვას დაექვემდებარა. სოფლები აღწერილია „დავთრის გარეშე“ და არზრუმის გამგებლის, კეთილშობილი ვეზირის, ჰალილ ფაშას მეცადინეობით ბეჭდით დამოწმებულ დავთარშია ჩაწე­რილი. ჩანაწერი დათარიღებულია ჰიჯრის 1116 წლის ჯემ­აზი ულ-ეველის 22 რიცხვით (1704 წლის 22 სექტ­ემბერი). ტექს­ტის შინაარსი პირდაპირ მიუთითებს ბათუმის ახალ დაპყრო­ბაზე.

დაბლა მოცემული ვრცელი დავთრის ცნობები კარგად მოგ­ვ­ითხრობს, თუ რა მდგომარეობა იყო ბათუმსა და მის მიმ­დებარე ტერიტორიაზე ოსმალთა მიერ მისი საბოლოო დაკავების შემდეგ. თუ რა ტერიტორიები დაიპყრეს ოსმალებმა ამ დროს ბათ­­უმთან ერთად და როგორ ინერგებოდა საბოლოოდ იმპერ­იული მმართველობის სისტემა.

დავთარი იწყება მინაწერით, რასაც მოჰყვება ახლად შემო­ერთებულ სოფელთა აღწერა. მეორე გვერდზე ვხვდებით ბევრად უფრო ვრცელ მინაწერს, რომელშიც დადგენილია ახალი რეგლ­ამენტაცია აღნიშნულ ტერიტორიაზე.  

ნათქვამია, რომ „დავთრის მდგომარეობა საკუთრივ ბათუ­მის ხსენებული სოფლების შემოსა­ვლ­ებისა, რომელიც გურიელის დაქვემდებარებაში იყო და დავთრის გარეშე აღიწერა და არზრ­უ­მის გამგებლის, კეთილშობილი ვეზირის, ჰალილ ფაშას მეცა­დი­ნეობით თავიდან აღწერეს და ბეჭდით დამოწმებულ დავთ­ა­რში ჩაიწერა. ხსენებული ვეზირის ცნობით, წერილითა და უზენაესი ფირმანით 1116 წლის ჯემაზი ელ-ეველის 22 რიცხვში (1704 წლის 22 სექტემბერი). სახელმწიფო ხაზინას დაექვ­ემ­დ­ებარა და მთავარ დავთარხანეში დადასტურდა და ბრძანება გამო­იცა.“

კვლევის შედეგები:

პროექტის შედეგად დამუშავებული დოკუმენტები დღემდე უცნობია არამარტო ქარული, არამედ უცხოური სამეცნიერო წრეებისთვისაც. მათი თარგმნის შედეგად, დღემდე უცნობ არაერთ ფაქტს და მოვლენას მოეფინა დღის შუქი.

დოკუმენტები გეოგრაფიულად მოიცავს ბათუმის შემოგარენში მდებარე სოფლებს, ბორჩხას მისი სოფლებით და ზღვის სანაპირო ზოლზე ვრცელდება ვიდრე დღევანდელი ფაზარის (ძვ. ათინა) ჩათვლით; ანუ იმდროინდელი ბათუმის სადროშოს ტერიტორიიის დიდი ნაწილი ამჟამად თურქეთის რესპუბლიკის შემადგენლობაშა.

დადგინდა ბათუმისა და რეგიონის ისტორიის არაერთი სიახლე, მათ შორის ოსმალთა მიერ ცალკეული ტერიტორიების ზუსტი თარიღი, ახალ სინამდვილეში იმპერიის მიერ ადგილზე გატარებული ღონისძიებები - ადმინისტრაციული, მიწათმოქმედების, საგადასახადო სისტემის დანერგვა, რამაც დროთა განმავლობაში გამოიწვია ცვლილებები ეთნიკური, დემოგრაფიული, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკურ თუ სხვა მიმართულებით.

დადგინდა, რომ ამ პერიოდში ბათუმს, გარდა შემოგარენის თოთხმეტი სოფლისა, ექვემდებარებოდა ბორჩხის, ლაზის, არხოვას, ჰემშინის და ათინას ნაჰიეები.

დადგინდა, რომ ბათუმი და მის შემოგარენში მდებარე 14 სოფელი ოსმალთა იმპერიას საბოლოო ჯამში 1700-იან წლებში დაექვემდებარა და არა XVI ს-ის შუახანებში, როგორც ეს ითვლება თურქულ ისტორიოგრაფიაშია დამკვიდრებული. XVI ს-ის 50-იანი წლებიდან ამ პერიოდამდე კი საზღვარი ქართულ სამფლობელოებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის გადიოდა მდინარე ჭოროხზე, ცხადია ვითარების პერიოდული ცვლალებადობით.

დოკუმენტებში უამრავი სიახლეა, თუმცა მათი ინფორმაციული სიმდიდრიდან გამომდინარე, მისი სკურპულოზური კვლევა და შესწავლა ძალია დიდი მოცულობის საქმეა. ამიტომაც, ამ ეტაპზე, მცირე კვლევისა და ძირითადი დახასიათების გარდა, სხვა სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი იყო. თუმცა მონოგრაფიაში ჩატარებულ კვლევაშიც მრავალი ოსმალური დოკუმენტია გამოყენებული, რომელიც ამ პერიოდის რეგიონის ისტორიას ეხება.

საბოლოო მონოგრაფიის სახით გამოცემულ წყაროებზე, მომავალში აუცილებლად დაიწერებე არაერთი სამეცნიერო, მათ შორის სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომები.

წყაროს თარგმანი:

1. ვრცელი დავთარი, დასაწყისი (სურ. 1, 2, 3).

„დავთრის მდგომარეობა საკუთრივ ბათუ­მის ხსენებული სოფლების შემოსა­ვლ­ებისა, რომელიც გურიელის დაქვემდებარებაში იყო და დავთრის გარეშე აღიწერა და არზრ­უ­მის გამგებლის, კეთილშობილი ვეზირის, ჰალილ ფაშას მეცა­დი­ნეობით თავიდან აღწერეს და ბეჭდით დამოწმებულ დავთ­ა­რში ჩაიწერა. ხსენებული ვეზირის ცნობით, წერილითა და უზენაესი ფირმანით 1116 წლის ჯემაზი ელ-ეველის 22 რიცხვში (1704 წლის 22 სექტემბერი). სახელმწიფო ხაზინას დაექვ­ემ­დ­ებარა და მთავარ დავთარხანეში დადასტურდა და ბრძანება გამო­იცა“ (TT.D122: A).

შემდეგ მოცემულია საერთო შემოსავალი:

„გამოსაღები 14 სოფლიდან 384,5  ესედი ყურუში და მეოთხედი, 28 ახჩაა“.

ნავსადგურზე თევზჭერის გადასახადი 36 ესედი ყურუში.

მდინარე ჭოროხზე ნავებით გადაადგილების საფასური

წელიწადში მოჭრილი 10 ესედი  ყურუში.

ჯამი - 430,5 ესედი ყურუში, 1 ახჩა და 27 ფარა“ (TT.D 122: A).

ხელნაწერის გაგრძელებაში წარმოდგენილია 14 სოფლის ჩამონათვალი მათზე შეწერილი

გადასახადებით:

სოფელი ანარია (სახელწოდება შესაძლებელია კიდევ დაზუსტდეს):

ღომი (Pasta) 11 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 2,5 ყურუში ესედი და 1 მეოთხედი;

სიმინდი 30 ქილა, [ფასი] 20 ჩურუქ ახჩა, 3,5 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

შირა 30 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 1,5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი, 1 ესედი ყურუში.

ჯამი 9 ესედი ყურუში.

სოფელი ახა(ლ)შენი:

ღომი (Pasta) 37 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 9 ესედი ყურუში;

სიმინდი 76 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 9,5 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

შირა 100 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 5 ესედი ყურუში;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 6 ესედი ყურუში;

ჯამი 34,5 ესედი ყურუში  და 1 მეოთხედი.

სოფელი სამების გვერდი:

ღომი (Pasta)  47 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 9 ესედი ყურუში;

სიმინდი 128 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 16 ესედი ყურუში;

შირა 137 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 7 ესედი ყურუში;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 7 ესედი ყურუში;

ჯამი 46,5 ესედი ყურუში  და მეოთხედი.

სოფელი ყოროლის სუ:

ღომი (Pasta)  40 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 10 ესედი ყურუში;

სიმინდი 93 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 11,5 ესედი ყურუში 20 ახჩა;

შირა 100 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 5 ესედი ყურუში;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 6 ესედი ყურუში;

ჯამი 37,5 ესედი ყურუში  და 20 ახჩა.

სოფელი ყოროლისთავი:

ღომი (Pasta) 37 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 9 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

სიმინდი 98 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 12 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

შირა 115 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 5 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 6 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 6 ესედი ყურუში;

ჯამი 38,5 ესედი ყურუში და 1 ახჩა.

სოფელი აგარა:

ღომი (Pasta)  30 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 7,5 ესედი ყურუში;

სიმინდი 80 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 10 ესედი ყურუში;

შირა 66 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 3 ესედი ყურუში, 1 მეოთხედი და 8 ახჩა;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 2 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2,5 ესედი ყურუში;

ჯამი 25 ესედი ყურუში 1 ახჩა და 8 ფარა.

სოფელი კაპრეშუმი (ხელნაწერში კაპრეშული - ზ.შ.):

ღომი (Pasta) 35 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 8,5 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

სიმინდი 100 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 12,5 ესედი ყურუში;

შირა 100 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 5 ესედი ყურუში;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 2 ყურუში ესედი;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2,5 ესედი ყურუში.

ჯამი 30,5 ესედი ყურუში.

სოფელი მახინჯაური:

ღომი (Pasta)  44 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 11 ესედი ყურუში;

სიმინდი 120 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 15 ესედი ყურუში;

შირა 130 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 6,5 ესედი ყურუში;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 4 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 5 ესედი ყურუში;

ჯამი 41,5 ესედი ყურუში.

საკუთრივ ბათუმის შემოსავლის ჯამი 300 ესედი ყურუში,

1 ახჩა და 28 ფარაა.

 

ბათუმის ნავსადგურში დაჭერილი თევზისათვის:

ბათუმის ნავსადგურში თევზჭერისთვის 12 ესედი ყურუში.

ზღვაპატრას ტბაზე თევზჭერისათვის 12 ესედი ყურუში.

ჭოროხის მახლობლად ადგილი, რომელსაც ზღმას

ეძახიან, 12 ესედი ყურუში.

კვლავ ბათუმის ნაჰიეში შემავალი სოფელ ერგეს მოსაზღვრე სოფლების მოსავლიდან  მიღებულ

შემოსავალს გაცნობებთ:

სოფელი ერგე:

ღომი (Pasta)  36 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 9 ესედი ყურუში;

სიმინდი 120 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 15 ესედი ყურუში;

შირა 90 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 4,5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2 ესედი ყურუში.

ჯამი 30,5 ესედი ყურუში.

სოფელი ჯოჭო:

ღომი (Pasta)  29 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 7 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

სიმინდი 84 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 10,5 ესედი ყურუში;

შირა 80 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 4 ესედი ყურუში;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 2,5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2 ესედი ყურუში;

ჯამი 26,5 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი.

სოფელი ხელვაჩაური:

ღომი (Pasta) 8 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 8 ესედი ყურუში;

სიმინდი 28 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 3,5 ესედი ყურუში;

შირა 23 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 1 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2 ესედი ყურუში;

ჯამი 7,5 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი.

სოფელი კიბე:

ღომი (Pasta) 24 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 6 ესედი ყურუში;

სიმინდი 110 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 13,5 ესედი ყურუში;

შირა 90 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 4,5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2 ესედი ყურუში;

ჯამი 26 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი (TT.D 122: A).

სოფელი კაპნისთავი:

ღომი (Pasta)  29 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 7 ესედი ყურუში;

სიმინდი 89 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 10 ესედი ყურუში;

შირა 60 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 3 ესედი ყურუში;

გამოსაღები სკაზე, სავარაუდოდ 2,5 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2 ესედი ყურუში;

ჯამი 24,5 ესედი ყურუში და 1 მეოთხედი.

სოფელი ოსანაური:

ღომი (Pasta)  4 ქილა, [ფასი] მეოთხედი, 1 ესედი ყურუში;

სიმინდი 16 ქილა, [ფასი] 20 ახჩა, 2 ესედი ყურუში;

შირა 80 ბათმანი, [ფასი] 8 ახჩა, 1 ესედი ყურუში;

ბადჰავა და საპატარძლო გადასახადი 2 ესედი ყურუში;

ჯამი 5 ესედი ყურუში (TT.D 122: A).

შემდეგში მოცემულია ვრცელი მინაწერი:

„ბათუმის სანჯაყში გურიელის ქვეყნისადმი დაქვემდე­ბა­რებული ბათუმის ნაჰიე ადრე დავთრის გარეშე წერილობითი პირობით, წლიური ორმოცდათხუთმეტი ათასით, გონიოს სანჯ­აყბეგების ხასად იყო აღწერილი, მაგრამ ამ დრომდე გურიელთა კუთვნილებაში და მფლობელობაში იყო; და ვინაიდან გონიოს ბეგებს ისინი არ ეკავათ, ხსენებული ნაჰიე გურიელის ქვეყანას და მის მფლობელობას ჩამოერთვა და შემოისაზღვრა. ამიერიდან უზენაესი ხაზინის მიერ იქნა დაკავებული და მირლივას თან­ხმობით ახლიდან აღიწერა ხსენებული ნაჰიეს მთლიანი შემ­ოს­ავლის დადგენის მიზნით და დავთარში იქნა შეტანილი. თოთხმეტი სოფლის უშრის საფასური მთლიანად, თევზის ბაზ­არი, ტბები და სხვა; ბადჰავა და საპატარძლო გამოსაღები ოთხას ოცდაათ ნახევარი და მეოთხედი ყურუშია. რამდენიმე წლის გან­მ­ავ­ლობაში, სანამ ეს წესი დამკვიდრდება, მოსახლეობა სხვ­ამხ­რივ არ შეაწუხოთ. [1]115 წლის მარტის თვიდან მოყო­ლებ­ული ადრე რაჭველის ციხის დაცვაში მყოფ, ქვემო აჭარის სანჯ­აყბეგ იუსუფ ბეგსა და მის ძმას მეჰმედს აქვს დაკისრებული. ხსენებულ ნაჰიეში სავარგულების სიმცირის და მოსახლეობის ზედმეტად სიღარიბის გამო, მოსახლეობა თავიდანვე გათავი­სუ­ფლდეს [ზედ­მეტი გადასახადებისაგან -ზ.შ.], ბათუმის ნავსა­დ­გურთან ახლოს ხელახლა ჩასახლებულების გარდა. ციხის გალა­ვნის ხითა და ქვით გამაგრების სამუშაოები დასრულდეს, აგრ­ეთვე დამ­თ­ავრდეს სხვა დაზიანებული კედლების აღდგენა. მხო­ლოდ უშრის დადგენილი საფასური იქნეს გადახდილი და უზე­ნაესი ხაზ­ინის მხრიდან ურჯულოთაგან მათი დამსახურების მიხე­დ­ვით წელიწადში დადგენილი თითო კეთილშობილი ოქრო ჯიზ­იეს აკრეფის შემდეგ, საბუთი გაიცეს. ამის გარდა ხსენებულ ნაჰ­იეში მცხოვრები მუსლიმი და არამუსლიმი მოსახლეობა ავარ­იზით, ურფისა და შაკკას გადასახადებით და ფირმანით დაკი­ს­რებული არცერთი გადასახადით არ იქნას შეწუხებული და შევიწროებული. არ გაიყიდოს ბათუმის ნაჰიეს არცერთი რეაია. თუ გაყიდვა გამოაშკარავდა, მათი ადგილსამყოფელიდან უკან დააბრუნონ და ძველ ადგილებზე დაასახლონ და გამყიდველები დაისაჯონ. თუ ვინმე გურიიდან, იმერეთიდან ან სხვა ადგი­ლე­ბიდან ჩამოვა და ისლამის პატივს ეზიარება, შარიათის მხრიდან ხსენებულ ნაჰიეში თავისუფალი ადგილები აჩვენეთ და დაას­ახლეთ. ხსენებული პირობებით მთავარ საანგარიშოში ჩაიწეროს და მოსახლეობას ეცნობოს, საპატიო ბრძანება გაიცეს და დავთ­რის სახე მიეცეს. არზრუმის გამგებელმა უკეთილშობილესმა ჰალილ ფაშამ წარდგინება და საბუთი და თამასუქი გამოაგზავნა მთავარ დავთარხანაში. შემოწმების დროს ბათუმის სანჯაყის მოკლე და ვრცელ [დავთრებში - ზ.შ.] ხსენებული სოფლები არ იყო აღრიცხული. დავთარჰანეს მთავარმა ხსენებული ვეზირის გაგზავნილი საბუთის და თამასუქის და წარდგინების მიხედვით ბრძანა, დადგენილი კანონის მიხედვით, ხსენებული ნაჰიეს შემოსავალი ოთხას ოცდაათნახევარი და მეოთხედი ყურუშის ოდენობით მთავარ საანგარიშოსა და დავთარხანაში დამოწ­მე­ბ­ულიყო. [1]115 [წლის] მარტიდან დაწყებული, ხსენებულ იუსუფ ბეგსა და მის ძმას მეჰმედს დაეკისროს და გონიოს ბეგები აღარ ჩაერიონ და ხაზინის საკუთრებად გამოცხადდეს. ხოლო ჯიზიე, მინდობილი საბუთის ძალით, ტრაპიზონის ჯიზიადარმა აკრ­იფოს და შარიათის ნებით რამდენ ქაღალდსაც გასცემს, ნუსხის სახით ჯიზიეს საანგარიშოს გაუგზავნოს. წარდგინების მიხე­დ­ვით არსებული პირობების დატოვებით საპატიო ბრძანება გაიცა, დავთარში დამოწმებისათვის ცნობა გაიცა. ცნობის მიხედვით ადგილზე დამოწმების შესახებ უზენაესი ფირმანი გამოვიდა და მთავარ დავთა­რხანეში დამოწმებულ იქნა. 24 ჯუმაზი ელ-ეველი, წელი 1116“ (TT.D. 122: B).

მოკლე დავთარი:

(სურ. 4, 5, 6).

თუღრა:

ზეამეთი 4, თმარი 81.

ათინას ნაჰიე, არხოვას ნაჰიე.

ზეამეთი, რაოდენობა 13.

თიმარები რაოდენობა 72 – 25 მოწმობით (თეზქერე), 47 მოწმობის გარეშე.

ციხის მცველებზე, რაოდენობა 16.

ბათუმის ლივაში:

ამიერიდან, [ქვემოთ] ნახსენებ ოსმანს პატივი მიეგო, ფირმანით გასწორების გარეშე, მაღალი ბრძანების თანახმად დავთარში გატარდა.

ამიერიდან, ციხის მცველთა რეგისტრაცია, ფირმანის გამოცემამდე, უზენაესი ბრძანების თანახმად დამოწმდა და გამოსწორდა.

ზეამეთი ფოთის სანჯაყბეგის, ოსმანის სახელზე.

სოფელი ოსტროვილი, ექვემდებარება არხოვას, ჯამი 25000, წილი 13000.

სოფელი ისქელე [ნავსადგური – ზ.შ.], ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 9000, წილი 4500.

სოფელი პელეგრივატი, მეორე სახელი ბორილი, ექვემდებარება ათინას, ჯამი 5000, წილი 2500.

ჭილი სოფელ ტაღვანიდან, მეორე სახელი ღესი, ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 7000, წილი 3250.

ერთიანად 26889.

ვინაიდან ტრაპიზონის ეიალეთში შემავალი ბათუმის სანჯაყის მიწები მუქათაას სახით ხაზინას დაექვემდებარა, მთავარ დავთარხანეში შესაბამისი ადგილების ჩასწორების და შემოსავლებისა და გასავლების მთავარ სამსახურში დარეგისტრირების, სხვა საჭიროებების შემთხვევაში ფირმანის გამოიცემის, აგრეთვე, ხსენებული ლივის ზეამეთებისა და თიმარების სახელწიფო ხაზინისადმი დაქვემდებარების გამო, შესაბამისი ჩანაწერების გასწორების, რის შესახებაც მთავარ დავთარხანეში შესაბამისი ადგილების გასწორების თაობაზე, მოქმედი დავთარდარის, ემირთა შორის სანაქებოსა და დიდებულის, ისმაილის, ხანგრძლივი იყოს დიდებულება მისი, მოთხოვნის შესაბამისად, ხსენებულ ლივის ზეამეთები და თიმარები, მიწის ნაკვეთების ჩანაწერის დამატების და მთავარ კანცელარიაში შესაბამისი ადგილების ჩასწორებისა და დავთარში დამატების თაობაზე მომართვის შემდეგ უზენაესი ბრძანება გამოიცა და დავთარში ჩაიწერა.

Dდაიწერა 1107 წლის რეჯების თვის შუა რიცხვებში

თქვენი მონა-მორჩილი მეჰმედი, ბეჭდის დამსმელი.

ქვემოთ მოცემული გასწორების მიხედვით, ჩასწორებულია, როგორც ჩილდირის გამგებლების იურთლუქი და ოჯაქლიქის წესით მფლობელობაში მყოფი ხდასები.

[1]105 წლის ჯემაზი ელ-ახირის 16.

აი ეს, ოთხი ათას ოთხასი ახჩა მინაწერით, ქვემოთ მოცემული განმარტების მიხედვით, სულთნის ხასად არის ჩასწორებული.

ესეც, ზეამეთი აჰმედის სახელზე:

სოფელი ბაღოვითი, ექვემდებარება არხოვას, ჯამი 9000.

სოფელი ორჯი, ამავე სოფლის ტყის გადასახადთან ერთად, ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 8 000.

სოფელი ჭაჭორივათი, მეორე სახელია პერვენიდი, ხსენებულ სოფის თევზის უშრთან ერთად. Eქვემდებარება ხსენებულს. ჟამი 4400, წილი 2 200.

სოფელი ოლაკა, მეორე სახელი ქებირშაჰი, ხსენებული სოფლის თევზის უშრთან და ბრინჯის მოსავალზე გაწერილ გადასახადთან ერთად, ექვემდებარება ათინას. ჟამი 10000, წილი 4 000.

სოფელი კოსტივათი, მეორე სახელი ოლაკა და ბაგოვა, ამავე სოფლის ტყის გადასახადთან ერთად, ექვემდებარება ათინას. ჟამი 1 200.

სოფელი ზურღე, მეორე სახელი საქრივარა, ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 4 700, წილი 1 000.

ერთიანად 25 400.

ესეც, მეჰმედის ზეამეთიდან:

სოფელი ოსტროვილი, ექვემდებარება არხოვას, ჯამი 25 000, წილი 6 000.

სოფელი ისქელე, ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 9 000, წილი 2 250.

სოფელი პელეგრივატი, მეორე სახელი ბორილა, ექვემდებარება ათინას, ჯამი 5 000, წილი 2 500.

სოფელი კვარვათი (კვარიათი?), ექვემდებარება არხოვას,  ჯამი 3 980, წილი 980.

სოფელი ბაბუჩხა, მეორე სახელი … [წაშლილია], ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 2 800.

სოფელი ხუდისა, ექვემდებარება ათინას, ჯამი 7 000, წილი 1 000.

სოფელი ღერე, მეორე სახელი ბაშქოი, ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 12 000, წილი 2 200.

ერთიანად 17 730.

ესეც ფეიზულაჰ აბდულგანის ძის ზეამეთიდან:

წილი სოფელ ვენეკიდან, მეორე სახელი ზელექი, ექვემდებარება ათინა, ჯამი 5 170.

სოფელი არხოვა, ექვემდებარება არხოვას, ჯამი 8 512.

წილი სოფელ ტაღვათიდან, მეორე სახელი საქრივარა, ექვემდებარება ხსენებულს, ჯამი 2 440.

ერთიანად 16 122.

ბათუმისა და გონიოს სანჯაყებში ზეამეთებისა და თიმარების მფლობელების მიწის გადასახადი შეადგენს წლიურ ოთხი ათას ხუთას ყურუშს, მაგრამ ფულის ხშირი გაუფასურების და გაუმჯებესების გამო, ექვსი წელია მფლობელებს ვალი ვერ გადაუხდიათ და ოცდაშვიდი ათას ცხრაას ოთხმოცდაათი ყურუში ვალი მოუგროვდათ. ამის გამო, სივასის, ამასიისა და ჯანიქის სანჯაყებში, ვენეკისა და სხვა ნაჰიეებში, სოფელ არმუსის და სხვათაგან სამოცდაოთხი ათას ცხრაას ცხრა ახჩა ზიამეთის მფლობელი, ადგილობრივი მეჰმედ ჩავუშის ზეამეთი, თოქათის სავოევოდოს  კანცელარიამ ერთიანად, წლიური ათას ხუთასი ყურუშის ფასად გაყიდა, ხსენებული ზეამეთი ათას ხუთასი ყურუშის საქონლით, ას ოცდაცხრის  მარტიდან, თოქათის სავოევოდოს დანამატის სახით, ხსენებული ზეამეთი ადგილობრივ სასულთნო ხასად გადაკეთდა. სანაცვლოდ აღნიშნული მუქათაას საქონლის საფასური სამი ათასი ყურუშიდან, ათას სამას ოცდაცამეტნახევარი ყურუში, ყოველწლიურად გონიოს ციხის ჯარისკაცებს მიეცემათ, ხოლო, რაც დააკლდება, ყოველწლიურად სახელმწიფო ხაზინაში ჩაბარების პირობით, ას ოცდაცხრის მარტიდან, უვადოდ, ხსენებულ მეჰმედს დაეკისრება და ხსენებული ბათუმისა და გონიოს სანჯაყბეგობა ებოძება. ყოველივე ამის გამო მოკლე დავთარი მოიტანეს, ათას ხუთასი ყურუში საქონლით, ას ოცდაცხრის მარტიდან, თოქათის სავოევოდოს დანამატის სახით ხსენებული ზეამეთი ადგილობრივი კანცელარიის მიერ სულთნის ხასად გადაკეთების და დავთარში შეტანის თაობაზე მოსული უზენაესი ბრძანების თანახმად ჩასწორდა.

1129 წლის ჯუმაზი ელ-ეველის პირველი დღე.

ყურუში - ვერცხლის ფული, რომელმაც ოსმალეთში 1687 წელს გაუფასურებული ახჩა შეცვალა. უდრიდა 80 ახჩას. მანამდე ყურუში (გროში) ეწოდებოდა ევროპის სახელმწიფოთა ვერცხლის ფულს, რომელიც ოსმალეთშიც ტრიალებდა. ევროპელები ოსმალურ ყურუშს პიასტრს უწოდებდნენ (შენგელია, 1987:286). ესედი ყურუში (ლომიანი ყურუში) - ლომის გამოსახულებიანი ჰოლანდიური ფულის მიბაძვით დაბეჭდილი ოსმალური მონეტა. პირველად 1691 წელს მიჭრა, ზარაფხანების ანგარიშებში კი 1701 წლიდან გვხვდება (Sahillioğlu, 1995: 368-369). 

ახჩა - ვერცხლის ფული ოსმალეთის იმპერიაში, რომელიც პირველად 1328  წელს მოიჭრა.

ჩურუქ ახჩა - სპილენძის ფულის წვრილი ერთეული, რომლის რაოდენობაზეც იყო დამოკიდებული ფარას ერთეული. ერთი ფარა შეიცავდა ოთხ ჩურუქ ახჩას. ჰქონდა დაბალი სყიდვითუნარიანობა, ამიტომაც სააპირისპიროდ იხმარებოდა ,,საღლამ ახჩაა“ ან საღლამ ფარა“ (შენგელია, 1987: 288).

შირა - ყურძნის წვენი.

ჯარიმები და საქორწინო გადასახადი. ამ და სხვა ოსმალური გადასახადების შესახებ აჭარაში ვრცლად იხილეთ (შაშიკაძე, მახარაძე, 2011: 22-34).

სოფელი ყოროლისწყალი ხელნაწერში ამ ფორმით არის მოცემული. ტოპონიმის მეორე ნაწილი გათურქულებულია - Su - წყალი.

აღნიშნული ტოპონიმი დაზუსტებული ფორმა არ არის, თუმცა ხელნაწერის ამოკითხვის ვარიანტი გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ აწინდელი ბათუმის ტერიტორიაზე ძველად არსებულ რომელიმე ტბას „ზღვაპატრა“, ან „ზღვაპატარა“ ერქვა.

აღნიშნული ტოპონიმიც სავარაუდოთ ზღვას უნდა უკავშირდებოდეს.

აჭარაში დაწესებული ოსმალური გადასახადები დაწვრილებით არის შესწავლილი 1574 წლის აჭარის ლივის ვრცელი დავთრის მიხედვით (შაშიკაძე, მახარაძე, 2011).

ციხის სახელწოდება აშკარად იკითხება როგორც რაჭველ (რაჯვილ, რაჯველ). საფიქრებელია, რომ საუბარია ოსმალთა მფლობელობაში არსებული, დასავლეთ საქ­ართველოს, კერძოდ რაჭაჩი მდებარე ციხეზე.

გადასახადები ოსმალეთის იმპერიაში, რომლებიც საომარი და საგანგებო მდგ­ომარეობის დროს იკრიბებოდა.

ქრისტიანი გლეხი.

1704 წლის 24 სექტემბერი.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა