ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში ჩატარდა სემინარი თემაზე: ,,მიკოტოქსინები“. სემინარს უძღვებოდა გამძლეობის გენეტიკის მეცნიერი თანამშრომელი ქეთინო სიხარულიძე. მიკოტოსინების თემა უაღრესად აქტუალურია მსოფლიოს მოსახლეობისთვის. მიკოტოქსიგენური სოკოები (Aspergillus, Alternaria, Claviceps, Fusarium, Penicillium და Stachybotrys) და მათ მიერ პროდუცირებული მიკოტოქსინები სოფლის მეურნეობისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვისათვის მნიშვნელოვან პრობლემას (ბიოლოგიურ საფრთხეებს) წარმოადგენს.
მიკოტოქსიგენური სოკოები ვითარდება არა მარტო სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების მომწიფებისას, არამედ მოსავლის აღების, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების, არასწორი შენახვისა და ტრანსპორტირების დროს. ისინი იწვევენ სხვადასხვა სასოფლო–სამეურნეო პროდუქტების გაფუჭებას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განვითარებადი ქვეყნების სოფლის მეურნეობის ეკონომიკაზე და ამავდროულად, მათ მიერ პროდუცირებული მეორადი მეტაბოლიტები – მიკოტოქსინები წარმოადგენენ ადამიანთა და ცხოველთა დაავადებათა მიზეზის გამომწვევებს მათი კანცეროგენული და მუტაგენური თვისებების გამო. გარდა ამისა, აქვეითებენ ორგანიზმის იმუნიტეტს, აზიანებენ თირკმელებს, ღვიძლს, ნერვულ, სისხლის მიმოქცევისა და საჭმლის მომნელებელ სისტემებს, იწვევენ ასევე სისხლის დაავადებებს, სეპტიურ ანგინას, არღვევენ ორგანიზმში მიმდინარე ნორმალურ ჰორმონოპოეზს და აქვეითებენ გამრავლების ფუნქციასაც. მიკოტოქსინები წარმოადგენენ ძირითად პრობლემას სურსათის უვნებლობის დარგში. მიკოტოქსინები თავს ესხმიან და იზრდებიან პრაქტიკულად ნებისმიერი ტიპის საკვებზე ნებისმიერ დროს. მინდვრის კულტურები როგორიცაა: მარცვლოვნები, კაკალი, ლობიო, პომიდორი, ვაშლი და სანელებლები. მიკოტოქსიები მათ აზიანებს როგორც მინდორში, ისე შენახვისას. სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) შეფასებით, მსოფიო მოსავლის 5%-ის დაკარგვას სწორედ მიკოტოქსინები იწვევს. მეცნიერული შესწავლა და მკაცრი კონტროლი არის პრობლემის მოგვარების საშუალება.
უკან |