ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერმა თანამშრომელმა ნინო ქედელიძემ სემინარი ჩაატარა თემაზე: ,,ზოგიერთი სუბტროპიკული კულტურის სამედიცინო პერსპექტივები“. მომხსენებელმა სუბტროპიკული კულტურების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სუბტროპიკული კულტურები საქართველოში (უფრო მეტად ქვეყნის დასავლეთ რაიონებში) ფართოდ არის გავრცელებული. მათ ჩვენი რეგიონის ტენიან სუბტ-როპიკებში სრულყოფილად გაიარეს ადაპტაციის პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი, როგორც ფენოტიპური (მცენარის ვარჯი, აგებულება, ჰაბიტუსი), ისე ბიოქიმიური (ნაყოფი, ფოთოლი, ყვავილი) მაჩვენებლებით თითქმის არაფრით ჩამოუვარდება თავიანთ სამშობლოში არსებულ იგივე სახეობის მცენარეებს.
სუბტროპიკული კულტურების ნაყოფები შეიცავს სასარგებლო, ბიოქიმიურად აქტიურ ნივთიერებებს: აქტიურ ბუნებრივ ანტიოქსიდანტებს, მათ გააჩნიათ ფენოლური ბუნება, ფენოლურ ნაერთებს კი თავის მხრივ ახასიათებთ სამკურნალო-გამაჯანსაღებელი თვისება. გარდა ფენოლებისა, ნაყოფი შეიცავს პექტინურ ნივთიერებებს, ნახშირწყლებს, ორგანულ მჟავებს, ვიტამინებს: C, PP, B1 B2, სხვადასხვა მიკრო-ელემენტებს: Cr, Pl, V, Mn, Ni, S, Ti, Fe, მინერალურ ნივთიერებებს, პრებიოტიკებს. ანტიოქსიდანტების შემცველი ნედლეული წარმოადგენს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ღირებულების მატარებელ პროდუქტს. ისინი ბლოკავენ თავისუფალ რადიკალებს და მონაწილეობას ღებულობენ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვითი პროცესების რეგულაციაში, აქვთ უნარი აამაღლონ საკვების ხარისხი და უსაფრთხოება. პრებიოტიკები ანუ საკვები ბოჭკოები მართალია არ შეიწოვება წვრილი ნაწლავების მიერ, მაგრამ მათ გააჩნიათ მნიშვნელოვანი როლი ეფექტურად შეამცირონ საკვებში გლუკოზის დონე, აქვთ ბუფერული ეფექტი და ხელს უშლიან შეკრულობას.
გარდა აღნიშნულისა, სუბტროპიკულ კულტურებს განსაკუთრებულ სამედიცინო პერსპექტივას სძენს ისიც, რომ მათი ექსტრაქტი ხასიათდება ანტისიმსივნური, ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული მოქმედებით, ისინი ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტს, დაბალანსებული და ჯანსაღი კვების აუცილებელ შემადგენელ კომპონენტებს წარმოადგენენ. ადამიანის ჯანმრთელობას მეტწილად ჯანსაღი საკვები განსაზღვრავს. ჯანმრთელობის დაცვა კი ცივილიზებული სამყაროს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და მონაპოვარია.
უკან |