ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

“საკარანტინო დაავადების - კარტოფილის კიბოს განვითარება საქართველოში და კიბოსადმი გამძლე ჯიშების გამორჩევა“

შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დოქტორანტების გრანტი:  #PhD_F_17_54 “საკარანტინო დაავადების - კარტოფილის კიბოს განვითარება საქართველოში და კიბოსადმი გამძლე ჯიშების გამორჩევა“

დოქტორანტი: სოფიო ღოღობერიძე

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ზოია სიხარულიძე

პროექტის განხორციელების პერიოდი: 2017-2019

კარტოფილის ნათესები პირველად 1820-იან წლებში გაჩნდა თბილისის ახლომახლო.  საქართველოს  მოსახლეობამ მისი  მოყვანა XIX  საუკუნის  მეორე  ნახევრიდან დაიწყო. საქართველოს მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები და კარტოფილის დიდი შეგუებულობის უნარი საადრეო და საგვიანო პროდუქციის მიღების შესაძლებლობას იძლევა. საქართველოში  კარტოფილის  მოყვანა  თითქმის  არ  ეყრდნობა  ადგილობრივ სელექციას და თესლის წარმოებას. 90-იან წლებში საქართველოში მოღვაწე უცხოურმა ორგანიზაციებმა შემოიტანეს გერმანული და ჰოლანდიური კარტოფილის ჯიშების სარგავი მასალა. ქვეყნის ტერიტორიაზე სარგავი და სასურსათე კარტოფილის იმპორტის წილი დაახლოებით 20%-ია. საქართველოში  კარტოფილის  საშუალო  მოსავალი  ჯერ  კიდევ  დაბალია  და  მერყეობს  10-13ტ/ჰა ფარგლებში. კარტოფილის მნიშვნელოვანი დაავადებებს შორის მაღალი მავნეობით გამოირჩევა საკარანტინო დაავადება - კარტოფილის კიბო. მისი  გამომწვევი  სოკო -  Synchytrium endobioticum -  EPPO-ს  (ევროპისა  და ხმელთაშუაზღვისპირა  ქვეყნების  მცენარეთა  დაცვის  ორგანიზაცია)  საკარანტინო ორგანიზმთა A2 ჩამონათვალშია შეტანილი. კარტოფილის კიბო, აგრეთვე, შეტანილია საქართველოს   მცენარეთა       შეზღუდულად   გავრცელებული   საკარანტინო   ობიექტების ნუსხაში. იგი მსოფლიოს 55 ქვეყანაში არის გავრცელებული. კიბოს მიერ გამოწვეულმა დანაკარგებმა   შეიძლება   მიაღწიოს   50-100%.   კარტოფილის   კიბოს   კონტროლი   ძალიან რთულია    სოკოს    ბიოლოგიური    თავისებურებებისა    და    სხვა        გარემოებების    გამო.

საქართველოში 2012–2013 წლებში ჩატარებული ექსედიციების საშუალებით კარტოფილის კიბო გამოვლენილი იქნა ხულოს რაიონის მხოლოდ რამდენიმე სოფელში. კლასიკური და მოლეკულური მეთოდებით მისი არსებობა დადასტურდა აღებულ ნიმუშებში. დაავადების უფრო  ფართოდ  გავრცელების  თავიდან  ასაცილებლად  აუცილებელია  მისი  უფრო დეტალური შესწავლა წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.

პროექტის  მიზნებსა  და  ამოცანებს  წარმოადგენს  დასავლეთ,  აღმოსავლეთ  და სამხრეთ საქართველოს ძირითად მეკარტოფილეობის რაიონებში არსებული კარტოფილის ნარგაობის და ნაკვეთის გამოკვლევა; კარტოფილის კიბოს გავრცელების და განვითარების ინტენსივობის დადგენა; დაავადების გავრცელების არეალის და საკარანტინო ზონების დადგენა;   დაავადების   ნიმუშების   შეგროვება   როგორც   კარტოფილის   ვეგეტაციის   და მოსავლის აღების პერიოდში, ისე საცავებში, მოსავლის შენახვის შემდეგ; დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმის იდენტიფიცირება ინფიცირებული მცენარის და ნიადაგის ნიმუშებიდან; დაავადების  განვითარების ბიოლოგიური თავისებურებების შესწავლა; Synchytrium endobioticum -  ის   საქართველოში   გავრცელებული   პათოტიპების  დადგენა; პოპულაციის მრვალფეროვნების ხარისხის შესწავლა და  კიბოსადმი გამძლე  კომერციული ჯიშების გამოვლენა კარტოფილის ინტროდუცირებული ჯიშების ბუნებრივ და ხელოვნურ ინფექციურ ფონზე გამოცდის გზით.

პროექტი მიზნად ისახავს, აგრეთვე, საქართველოში ფიტოპათოლოგიური კვლევების სპექტრის გაფართოებას და თანამედროვე სტანდარტების დონეზე აყვანას, რაც მყარ საფუძველს შექმნის საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის და საქართველოს, როგორც   EPPO-ს ახალი წევრი-ქვეყნის, ავტორიტეტის ამაღლებისათვის, შესაბამის სამთავრობო სამსახურებთან, ფერმერებთან, ამავე დარგში მოღვაწე ქართველ და სხვა ქვეყნის მეცნიერებთან ნაყოფიერ თანამშრომლობისათვის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა