ქობულეთში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ახალი, თანამედროვე სტანდარტების კვლევითი ცენტრის მშენებლობა დაიწყო. აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა, აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა, აჭარის ა.რ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ მშენებლობის სერტიფიკატს მოაწერეს ხელი და საძირკველს საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი. მშენებლობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან ერთი მილიონ 578 ათასი ლარია გათვალისწინებული, საიდანაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის ბიუჯეტიდან პროგრამული დაფინანსებით 800 ათასი ლარი ჩაირიცხება.
პროექტით, ახალი 1100 კვ.მ ფართობის სამსართულიანი შენობა მთლიანად შეესაბამება კვლევითი ინსტიტუტის საერთაშორისო სტანდარტებს და ითვალისწინებს კვლევითი სფეროს სპეციფიკისათვის საჭირო ინფრასტრუქტურას. ინსტიტუტში განთავსდება მოლეკულური ბიოლოგიის ლაბორატორია, მიკრობიოლოგიის ლაბორატორია, მიკოლოგიის ლაბორატორია, ბიომრავალფეროვნების კვლევის ლაბორატორია და სამკურნალო მცენარეთა ლაბორატორია. 5.2 ჰ მიწის ფართობზე განთავსებულია საცდელი ნაკვეთი, სადაც წარმოებს ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურის მცენარეების კვლევა.
კვლევითი ცენტრის მშენებლობას სამშენებლო კომპანია შპს ,,ვექტორი“ ახორციელებს და იგი 2018 წლის ივნისში დასრულდება.
თანამედროვე სტანდარტების ახალი კვლევითი ცენტრის მშენებლობისათვის აჭარის ა.რ. მთავრობამ უნივერსიტეტს ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე მდებარე 5 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 2014 წელს გადასცა.
2012 წლიდან, ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ყოფილი შენობის გასხვისების შემდეგ, კვლევითი ცენტრი მუშაობას საკუთარი შენობის გარეშე აგრძელებდა.
ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევით ინსტიტუტში ქვეყნისათვის ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის კვლევები ხორციელდება, როგორიცაა: მცენარეთა დაავადებების გამოვლენა, მათი დიაგნოსტიკა, მავნებლობის ხარისხის დადგენა და დაავადებებთან ბრძოლის მეთოდების შემუშავება. ინსტიტუტის მეცნიერების მიერ პირველად იქნა საქართველოში აღმოჩენილი და შესწავლილი კარტოფილის, ბზის, კივის, თხილის, ლურჯი მოცვის და სხვა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი კულტურების საკარანტინო, საშიში დაავადებები და მავნებლები.
ინსტიტუტი არის საერთაშორისო ორგანიზაციების (CIMMYT, ICARDA, BGRI, FAO) კოორდინატორი საქართველოში მარცვლოვანთა ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების კვლევის კუთხით. 2004-2012 წლებში დიდი რვიანის გლობალური პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში ინსტიტუტში განხორციელდა საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრის 3 პროექტი.
უკან |