ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლებმა 2016 წლის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ანგარიში წარადგინეს. პრეზენტაციას უნივერსიტეტის რექტორი, მერაბ ხალვაში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ლაშა კომახიძე, რექტორის მოადგილე ნათია წიკლაშვილი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯემალ ანანიძე ესწრებოდნენ.
მეცნიერებმა ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ნარინჯოვანთა გენოფონდის შესწავლის, იშვიათი, ქრობადი, ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული სახეობების, ჰიბრიდების გამოვლენისა და შესწავლის, დაცვა-შენარჩუნების მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგები და ექსპედიციის ფარგლებში მოპოვებული ნარინჯოვნების ათეულობით იშვიათი ჯიში და თხილის 20-ზე მეტი სახეობა წარმოადგინეს; ასევე გააცნეს აჭარის ზღვისპირეთისა და მაღალმთიანეთის ხეხილის მრავალფეროვნების შესწავლის მიმართულებით მოძიებული და აღწერილი 80-ზე მეტი ვაშლისა და მსხლის ჯიში და მაღალმთიანეთში კივის გაშენების ღონისძიებების სამწლიანი კვლევა; რეგიონის ინტროდუცირებული და ადგილობრივი ფლორის სახეობების ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობაზე კვლევის, მათი სიმსივნურ უჯრედებზე ციტოტოქსიკური მოქმედების შედეგები.
ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილების 2016 წლის მუშაობის შედეგად, მსოფლიო წითელ ნუსხაში გლობალური სტატუსი მიენიჭა კოლხეთის 6 მცენარეულ სახეობას, შედგენილია ზურმუხტის ქსელის ჰაბიტატების და სახეობების გის-ის რუკა, მეცნიერული კვლევები დაედო საფუძვლად UNESCO-ში მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის ნომინაციაზე კოლხეთის ტორფნარებისა და ტყეების წარდგენას, განყოფილება და შესაბამისად უნივერსიტეტი გახდა ტორფნარების სამეცნიერო ცენტრის ოფიციალური წევრი; პირველად 30 წლის განმავლობაში დაფიქსირდა შავი ზღვის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების პარამეტრები და მაჩვენებელები ხარისხის შეფასებით ,,კარგი“, აღმოჩენილი იქნა გადაშენებული სახეობის ,,ატლანტური ზუთხის“ იშვიათი სახეობა.
ფიტოპათოლოგიური მიმართულებით 2016 წლის კვლევების შედეგად გამოვლინდა სასოფლო-სამეურნეო და სხვა კულტურების ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებები და შესწავლილ იქნა დაავადებათა გამომწვევი პათოგენების ბიოლოგიური თავისებურებები. მეცნიერ-თანამშრომლები მონაწილეობდნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარული სახელმწიფო კონტროლის 2016 წლის პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში, საქართველოს 12 რეგიონიდან 2000-მდე ნიმუში შემოვიდა, ინსტიტუტის მეცნიერების კვლევის საფუძველზე სხვადასხვა რეგიონში გაიცა რეკომენდაციები დაავადებებთან ბრძოლის მეთოდებთან დაკავშირებით.
გამძლეობის გენეტიკის განყოფილებაში განხორციელდა ხორბლის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებების - ჟანგების პოპულაციურ-გენეტიკური კვლევა. მნიშვნელოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების ადგილობრივი და ინტროდუცირებული სასელექციო მასალის იმუნოლოგიური შეფასება ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადებებისადმი.
ასევე, მეცნიერებმა აჭარის ზღვისპირეთის ინვაზიური ფლორის თანამედროევე მდგომარეობა შეისწავლეს და დაადგინეს ახალი ინვაზიური სახეობები.
უკან |