ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტში უნივერსიტეტის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: ,,გენეტიკური რესურსების მრავალფეროვნება, დაცვა, შენარჩუნება“. სესიაზე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების მკვლევრებმა მოხსენებები წაიკითხეს დარგის აქტუალურ საკითხებსა და ბოლო პერიოდში წარმოებული კვლევის შედეგებზე. იმსჯელეს ისეთ თემებზე, როგორიცაა: ,,ბიომრავალფეროვნების ცალკეული კომპონენტის კვლევა, დაცვა, შენარჩუნება, გონივრული გამოყენება“, ,,ხეხილოვანი კულტურების მრავალფეროვნება, კონსერვაცია“, ,,შავი ზღვის ძუძუმწოვრები და კოლხეთის თევზების კონსერვაციის ეკოსისტემური მიდგომა“ და ,,კოლხეთი - ბიომრავალფეროვნების ცხელი წერტილი - წარსული, აწმყო, მომავალი“. სამეცნიერო კონფერენცია საველე ტურით დასრულდა. სესიის მონაწილეებმა დაათვალიერეს ინსტიტუტის სათბურები, სადაც მცენარეთა პათოგენური მიკოორგანიზმების შესწავლა ხდება და ასევე ყოფილი ქობულეთის სამკურნალო მცენარეთა ზონალური სადგურის საკოლექციო ნაკვეთი, რომელიც გადმოეცა ინსტიტუტს კვლევებისათვის.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების 55-წლიანი ისტორიის მქონე ინსტიტუტი თავისი ფუნქციური დანიშნულებით ამიერკავკასიაში უნიკალური და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებაა. მეცნიერ-თანამშრომლები ლაბორატორიებში ატარებენ განსაკუთრებული მნიშვნელობის კვლევებს, ექსპერიმენტებს, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგსა და დაცვას.
უკან |