ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

„საქართველოსთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადების- კარტოფილის რბილი სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიების სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათ მიმართ ბაქტერიოფაგების მგრძნობელობის შესწავლა“

სამეცნიერო პროექტი - ,,საქართველოსთვის ეკონომიკურად მნიშვნელოვანი დაავადების- კარტოფილის რბილი სიდამპლის გამომწვევი ბაქტერიების სახეობრივი მრავალფეროვნებისა და მათ მიმართ ბაქტერიოფაგების მგრძნობელობის შესწავლა“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მცენარეთა დაავადებების მონიტორინგის, დიაგნოსტიკისა და მოლეკულური ბიოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი გალინა მეფარიშვილი

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: მაკა მურადაშვილი - კოორდინატორი; ზოია სიხარულიძე - მკვლევარი.

პროექტის ხანგრძლივობა: 2022-2025წწ.

პროექტის მიზანი, ამოცანა, აქტუალობა: სტრატეგიული სასოფლო სამეურნეო კულტურების დაავადებებთან ბრძოლა დღემდე რჩება ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემად მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით, როცა დაავადება მასშტაბურ ხასიათს იღებს და ქვეყანას მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს აყენებს. კარტოფილს მაღალი კვებითი ღირებულების გამო, დიდი ადგილი უკავია მსოფლიოს სამომხმარებლო ბაზარზე და მათ შორის, საქართველოს  მაღალმთიანი  რეგიონებისთვის  (ახალქალაქის,  ახალციხე,  ნინოწმინდა,  ადიგენი, წალკა, დუშეთი, თიანეთი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ხულო, მესტია, ონი) მას ძირითადი სასოფლო-სამეურნეო ღირებულება გააჩნია. სათესლე კარტოფილისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ბაქტერიული დაავადება, როგორიცაა  შავფეხა ანუ რბილი (სველი) სიდამპლე, რადგან დღემდე არ არსებობს მათ წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტური საშუალება.  მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ რბილი სიდამპლის გამოწვევა შეუძლია მიკროორგანიზმთა ფართო ჯგუფს, რომლებიც მიეკუთვნებიან Enterobacteriaceae - ის ოჯახის ორ  სხვადასხვა  გვარს: Pectobacterium  და  Dickeya.

პროექტის მიზანია, აქამდე შეუსწავლელ, საქართველოს სხვადასხვა აგროეკოლოგიურ მეკარტოფილეობის ზონებში (ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ზემო სვანეთი)  და რაიონებში კარტოფილის რბილი (სველი) სიდამპლის გამომწვევი მიკროორგანიზმების გავრცელება - განვითარების თავისებურებების, Pectobacterium და Dickeya გვარის სახეობრივი და შიდასახეობრივი მრავალფეროვნების განსაზღვრა, სპეციფიკური ბაქტერიოფაგების მიმართ  Pectobacterium  spp. და Dickeya spp. ადგილობრივი შტამების მგრძნობელობის და გამორჩეული ბაქტერიოფაგების ანტიმიკრობული ეფექტურობის შესწავლა.

მოცემული პროექტის განხორციელების შედეგად შესაძლებელი გახდება, პირველად საქართველოში, მავნეობით გამორჩეული კარტოფილის ბაქტერიული დაავადების-რბილი სიდამპლის გავრცელების არეალის და გავრცელების დონის დადგენა მეკარტოფილეობის ყველა ზონაში, დაავადების გამომწვევი პათოგენების სახეობრივი სტრუქტურის და შიდასახეობრივი მრავალფეროვნების (რასების და ბიოვარების) იდენტიფიცირება, გამოვლენილი ბაქტერიული შტამების მიმართ ფაგომგრძნობელობის შესწავლა და საბოლოო ჯამში, დაავადების გამომწვევი ბაქტერიებისადმი ეფექტური სპეციფიკური ფაგების იდენტიფიკაცია მოცემული დაავადების ბიოლოგიური კონტროლის მიზნით.

დაგეგმილი   კვლევა   ინტერდისციპლინურია, რადგან   მოიცავს   კვლევის ფიტოპათოლოგიურ, მიკრობიოლოგიურ, ბიოქიმიურ,   მოლეკულურ მეთოდებსა და ფაგების შესწავლის ტექნოლოგიებს. აქედან გამომდინარე, კვლევის შედეგები ერთნაირად საინტერესო და სასარგებლო იქნება აგრარული და საბუნებისმეტყველო დარგის სპეციალისტების, მეცნიერებისა და სხვა დაინტერესებული პირებისათვის. აღნიშნული დაავადების მართვის ეფექტური ღონისძიებების შემუშავება და დროულად გამოყენება თავიდან აგვაცილებს დაავადების მასობრივ გავრცელებას, დაიცავს მცენარეს აღნიშნული დაავადებით გამოწვეული მავნე ზემოქმედებისაგან და უზრუნველყოფს მოსავლის შენარჩუნებას. პროექტი მიზნად ისახავს, აგრეთვე, უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიური მიმართულების განვითარებას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, რაც უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგებს შეუქმნის ნაყოფიერ საფუძველს შესაბამის სამთავრობო სამსახურებთან, ამავე დარგში მოღვაწე ქართველ და სხვა ქვეყნის მეცნიერებთან თანამშრომლობისათვის.

კვლევის თეორიული და პრაქტიკული მნიშვნელობა მდგომარეობს, აგრეთვე, იმაშიც, რომ იგი გარკვეულწილად ხელს შეუწყობს ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა