ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების მთავარმა მეცნიერ თანამშრომელმა, გამძლეობის გენეტიკის განყოფილების უფროსმა ზოია სიხარულიძემ 26-28 ივნისს ვაგენინგეში (ნიდერლანდები) გამართულ კარტოფილის კიბოს გამომწვევი სოკოვან პათოგენისადმი -Synchytrium endobioticum მიძღვნილ საერთაშორისო ვორკშოფში მიიღო მონაწილეობა. ზოია სიხარულიძემ წარადგინა მოხსენება: „კარტოფილის კიბოს მიმართ კარტოფილის ჯიშების გამძლეობის წინასწარი შეფასება საქართველოში” და მონაწილეობა მიიღო ვორქშოფის საბოლოო დასკვნების ჩამოყალიბებაში.
კონფერენცია ემსახურებოდა საკარანტინო დაავადების კარტოფილის კიბოს გამომწვევ სოკოვან პათოგენზე Synchytrium endobioticum მომუშავე მკვლევარების ქსელის გაფართოებას, ერთმანეთისთვის ცოდნის, გამოცდილების გაზიარებას, კვლევებთან დაკავშირებული საჭიროებების დადგენას და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებას.
კონფერენციის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტმა ფიტოსანიტარული კვლევისა და კოორდინაციის ევროპის ქსელში Euphresco ჩართვის უფლება მიიღო. 2020 წლიდან ფიტოპათოლოგიის და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი ქსელის ახალ საერთაშორისო პროექტში მიიღებს მონაწილეობას. Euphresco 2006 წელს შეიქმნა და მასში 50 ქვეყნის 70 ორგანიზაციაა გაერთიანებული.
სამუშაო შეხვედრებზე ბათუმის, ბულგარეთის, პოლონეთის, საბერძნეთის, ჩეხეთის, გერმანიის და ნიდერლანდების ვაგენინგის უნივერსიტეტებს შორის სამეცნიერო მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობა დაიგეგმა.
საერთაშორისო ვორკშოფში საქართველო პირველად მონაწილეობდა და მასში 22 ქვეყნის 49 წარმომადგენელი იყო ჩართული. კონფერენცია კანადის სურსათის ორგანიზაციისა და ვაგენინგენის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
უკან |