ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტი

გლობალური წითელი ნუსხის ლაფანის კონსერვაცია კოლხეთის ეროვნული პარკში

სურათი

სუფსის მხარეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ბსუ-ს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სანერგეში, კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის სამეცნიერო განყოფილების ბაზაზე გაზრდილი გლობალური წითელი ნუსხის სახეობის, ლაფანის დარგვა დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ინსტიტუტის სანერგის თანამშრომლები, ეროვნული პარკის დირექტორი ალექსანდრე ხაბეიშვილი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და სხვადასხვა დაწესებულების წარმომადგენლები.

კოლხეთის დაბლობზე წარსულში ტყის არასწორმა მენეჯმენტმა, დრენაჟმა და ირიგაციულმა და მელიორაციულმა პროცესებმა, რომელსაც დაერთო მძიმე სოციალ–ეკონომიკური პირობები, სავალალო მდგომარეობამდე მიიყვანა კოლხეთის დაბლობის რელიქტური კოლხური ტყეების შემქმნელი სახეობები: ლაფანი, ჰართვისის ანუ კოლხური მუხა, კოლხური ბზა. ამ სახეობებს პრობლემა აქვს კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზეც.  ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის კოლხეთის ტორფნარებისა და წყლის ეკოსისტემების კონსერვაციის განყოფილება (განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი იზოლდა მაჭუტაძე) გლობალურ მსოფლიო წითელ ნუსხასთან (IUCN),  შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის ბიოლოგიის დეპარტამენტთან და ფრიბურგის ბუნების ისტორიის მუზეუმის მეცნიერებთან ერთად, ახორციელებს ერთობლივ მეცნიერულ კვლევებს რელიქტური მერქნიანი სახეობების კონსერვაციის შესახებ.

ლაფანის გამოყვანილი ნერგები ირგვება კოლხეთის დაცულ ტერიტორიებში სხვადასხვა უბანზე იმის შესასწავლად თუ სად, როგორ გაიხარებს, რა პრობლემებია ტყის ამ სახეობების ბუნებრივი სახით აღდგენისათვის. მეცნიერული კვლევები საფუძვლად დაედება შემდგომში კოლხური რელიქტური კოლხური ტყეების აღდგენის ისეთი პროექტების განხორციელებას,  რომელთაც ეკოლოგიური და სოციალური სარგებელი ექნება. პროექტი გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობას და მათთვის ე.წ. „ტყის პლანტაციების“ გაშენებას. სამეცნიერო კვლევების მიზანია, გლობალური წითელი ნუსხის სახეობების: ლაფანის, კოლხური მუხის, ბზის, კოლხური ლეღვის კონსერვაცია, პოპულარიზაცია და პლანტაციების გაშენება.

უნივერსიტეტის მეცნიერების ჩართულობით განხორციელდება ჭარბტენიან გარემოსთან შეგუებული ე.წ. “პალუდიკულტურა“ ეკოლოგიურად და ეკონომიკურად მომგებიანი პროექტები ლანჩხუთში ეროვნული პარკის მიმდებარედ. ამ სამომავლო პროგრამებსა და ღონისძიებებს ითვალისწინებს კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის მენეჯმენტის 20-წლიანი გეგმები. მენეჯმენტის გეგმას ახორციელებს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი გურიის სამხარეო ადმინისტრაციასა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმების ფარგლებში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა