სამეცნიერო კვლევები

სპერი-ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა

სამეცნიერო პროექტის დასახელება: სპერი-ისტორიულ-ფილოლოგიური გამოკვლევა (საგრანტო ხელშეკრულება FR-23-6916  18 .12.2023 წ).

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: პროფესორი მამია ფაღავა

სამეცნიერო პროექტის შემსრულებლები: პროფესორი მამია ფაღავა, პროფესორი რამაზ ხალვაში (პროექტის კოორდინატორი), პროფესორი მალხაზ ჩოხარაძე, პროფესორი თინა შიოშვილი, ზაზა შაშიკაძე (მოწვეული სპეციალისტი), პროფესორი ნუგზარ მგელაძე, პროფესორი მერაბ ხალვაში, ისტორიის დოქტორი თემურ ტუნაძე, ფილოლოგიის დოქტორი მარინა მჟავანაძე (ახალგაზრდა მკვლევარი), გულ მუქერემ სეზგინი (უცხოელი კონსულტანტი, რიზეს უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, თურქეთი).

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2024-2026 წლები.

პროექტის მიზნები და კონკრეტული ამოცანები: კვლევის საგანია საველე ექსპედიციების გზით შეგროვებული მასალებითა და ისტორიული, საარქივო და სამეცნიერო ლიტერატურის გამოყენებით ისტორიული ქართული ქვეყნის, სპერის ისტორიის, ეთნოლოგიის, ონომასტიკისა და მატერიალური კულტურის ძეგლების  შესწავლა.

უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიული ცნობები სპერის შესახებ საკმაოდ მწირია. საბჭოთა პერიოდში, - მთელი 70 წლის განმავლობაში ამ კუთხეში (ისევე როგორც თურქეთის საქართველოს სხვა მხარეებში) ქართველ მკლევარს ფეხი არ დაუდგამს. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან შესაძლებელი გახდა თურქეთის რესპუბლიკის ქართულ პროვინციებში სამეცნიერო ექსპედიციებისა და ინდივიდუალური გასვლების მოწყობა.  ქართველი მეცნიერები ყველაზე ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ//იჩენენ სპერისადმი. მიზეზი ალბათ ისაა, რომ სპერელებმა დაივიწყეს ქართული, სპერის ასიმილაციის პროცესი ადრე დაიწყო და იგი დღეს საკმაოდ შორსაა წასული. მნიშვნელოვანია,  რამდენად შეინახა სპერის ქართულმა მიწამ ინფორმაცია... სხვაგვარად, დასრულებულია თუ არა ,,მიწის ასიმილაცია“, ბოლო საფეხური ქვეყნის ასიმილაციისა.

,,თურქეთის საქართველოს“ კვლევის საინტერესო გამოცდილება აქვთ წარმოდგენილი პროექტის მონაწილეებს. ყველა მათგანი მონაწილეობას ღებულობდა ამ მხარეებში რსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიის ცენტრის (ყოფილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, შემდეგ ქართველოლოგიის ინსტიტუტის) მიერ სხვადასხვა დროს მოწყობილ კომპლექსურ ექსპედიციებში, მათვე განახორციელეს პროექტები ,,შავშეთი’’ (გრანტი # A-39-09), ,,კლარჯეთი’’ (გრანტი # 31/69) და ,,ტაო“ (გრანტი # 217996) და გამოაქვეყნეს კომპლექსური მონოგრაფიები: ,,შავშეთი’’ (გამოკვლევა და მასალები ლექსიკონითურთ, თბ. 2011 წ. გვ. 617), ,,კლარჯეთი“ (გამოკვლევა და მასალები ლექსიკონითურთ, თბ. 2016, გვ. 1088), ,,ტაო (გამოკვლევა და მასალები ლექსიკონითურთ, თბ. 2020, გვ. 1214).

სადღეისოდ შექმნილია ყველა პირობა სპერის კომპლექსური შესწავლისათვის, პროექტში მონაწილე მეცნიერები კი -  კომპეტენტური არიან იკვლიონ ისტორიული საქართველოს ეს კუთხე.

დაზვერვითმა ექსპედიციებმა ცხადყო, რომ სპერის ქვეყანა მოფენილია ქართული მატერიალური კულტურის ძეგლებით, დაცულია ქართული ონომასტიკა (მოსახლეობას ჯერ კიდევ ახსოვს ძველი გეოგრაფიული სახელები, ოფიციალურად უკვე ხმარებიდან ამოღებული), გადარჩენილია ქართული ყოფის ელემენტები, სპერელთა თურქულ მეტყველებაში ისმის ქართული ტონალობისა და დიქციის კვალი...

და ბოლოს, სპერში კომპლექსური კვლევების წარმოება გულისხმობს მრავალ სიახლეს ისეთ დარგებში, როგორიცაა ონომასტიკა, ისტორიული გეოგრაფია, ყოფა, კულტურა, კულტურათშორისი კომუნიკაციები, ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები, ენის დიგიტალური დოკუმენტირება და არქივირება (დოკულინგვისტიკა) და ა.შ.

კვლევის შედეგები გამოადგებათ ენათმეცნიერებს, ისტორიკოსებს, ეთნოლოგებს, ისტორიული გაოგრაფიის მკვლევრებს... არაერთი არსებითი პრობლემის გადასაწყვეტად. კვლევებში ჩაერთვებიან ახალგაზრდა სპეციალისტები - მაგისტრანტები და დოქტორანტები. 

მოსალოდნელი შედეგებიპროექტის საბოლოო მიზანია მრავალპლანიანი მონოგრაფიის, - ,,სპერი“ შექმნა.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა