გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: გაიოზ ფარცხალაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:
- გაიოზ ფარცხალაძე
- გოჩა ჩავლეშვილი
- მადონა ლორია
- ნინი დონდოლაძე
- ქეთევან ინაშარიძე
- დავით ჩხაიძე
- ნორა მამულაიშვილი
- ნანა დონდოლაძე
- მაია ტუღუში
- მარიამ დუმბაძე
- გვანცა ჯორთმენაძე
- გივი ფუტკარაძე
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 15.03.2024-15.12.2025
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
თანამედროვე მშენებლობის, გემთმშენებლობის, ავიამშენებლობის და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარება მოითხოვს განსაკუთრებით ზუსტად იქნეს დამუშავებული კონსტრუქციების მდგრადობაზე გაანგარიშების თეორიული საკითხები. სამოქალაქო ინჟინერიაში, მანქანათმშნებლობაში, ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვისას არსებობენ შეკუმშული ღეროვანი სისტემები, რომელთა მდგრადობის უზრუნველყოფა წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას, როგორც ზიდვის უნარის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ისე კატასტროფების რისკის შემცირების მიზნით. ეს რისკები მაგ. (ა)- სამოქალაქო ინჟინერიაში გამოწვეულია სეისმური, ქარის პულსაციური, დინამიკური და სხვა ზემოქმედებებით; (ბ) - სამოქალაქო ინჟინერიაში, კერძოდ მანქანათმშენებლობაში საგლინავი ინსტრუმენტების გამოყენებისას, ისეთი როგორიცაა საყრდენები, პუანსონები, ეჟექტორები, ექვემდებარებიან მდგრადობის დაკარგვის მნიშვნელოვან რისკს; (გ) - ნავთობისა და გაზის საბადოების ბურღვისათვის გამოიყენება ღეროები, რომელთა მდგრადობის დაკარგვა ქმნის მნიშვნელოვან პრობლემას ნავთობმოპოვების მრეწველობისათვის.
ღეროვან სისტემებში ძირითად მზიდ კონსტრუქციულ ელემენტებს შეკუმშული ელემენტები წარმოადგენენ, რომელთაც გააჩნიათ მოქნილობის საშუალო მნიშვნელობა და ამ მიზეზით ისინი მუშაობენ მასალის დრეკად-პლასტიკურ არეში. სწორედ დრეკად-პლასტიკურ არეში შეკუმშული ღეროების მდგრადობის განსაზღვრა, ანუ-კრიტიკული ძაბვების მნიშვნელობების დადგენა არის ყველაზე პრობლემატური საკითხი თანამედროვე კვლევებში, რადგან დრეკად-პლასტიკურ არეში დრეკადობის მოდულს არა აქვს მუდმივი მნიშვენლობა. ის კლასიკურ თეორიაში გვხვდება მკვეთი მოდულის სახით, მხები მოდულის სახით, ცვლადი მოდულის სახით, ექსპერიმენტული მნიშვნელობით და სხვ. რაც ქმნის მნიშვნელოვან პრობლემებს კრიტიკული ძაბვების განსაზღვრისას, რადგან ეილერის ფორმულაში, კერძოდ კრიტიკული ძაბვის განტოლებაში შედის დრეკადობის მოდული. მკვლევართა ჯგუფის მიერ შემოთავაზებულია სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული გაანგარიშების ახლებური მიდგომები, რომლთა საშუალებითაც მოხდება შეკუმშული ელემენტების კრიტიკული ძაბვების დაზუსტებული მნიშვნელობების დადგენა, რომელიც შეამცირებს პირველ რიგში კატასტროფების რისკს, აამაღლებს ზიდვის უნარს და უზრუნველყოფს მასალის მნიშვნელოვან ეკონომიას. ეს ახლებური მიდგომები გულისხმობს, რომ ნაშრომში განხილული იქნება ენგესერ-კარმენის, შენლის, ემპირიული მიდგომებით დადგენილი კრიტიკული მრუდები და შედარებული იქნება ავტორთა ჯგუფის მიერ შემუშავებულ ახალ მიდგომებთან, რომელიც შემოწმებული იქნება, როგორც ანალიზურად, ისე ექსპერიმენტული კვლევების საშუალებითაც. ეს მოსაზრებები განსაკუთრებით აქტუალურია მაღლივი შენობების მდგრადობაზე გაანგარიშებისას მათზე რთული ტექნოლოგიური დატვირთვების გათვალისწინებით.
დაპროექტებისა და გაანგარიშების ახალი მიდგომები, მოახდენს კონსტრუქციის ელემენტების მუშაობის თეორიული მოდელის მაქსიმალურად დაახლოვებას მასალის რეალურ მუშაობასთან, კონსტრუქციებში ძალოვანი ფაქტორის შემცირებასთან, კონსტრუქციების ზიდვის უნარის გაზრდასთან და მასალის ხარჯის შემცირებასთან.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები
- პროექტის დასრულების შედეგად მომზადებული იქნება ღეროებისა და კონსტრუქციული სისტემების მდგრადობაზე გაანგარიშების, თეორიული საკითხები და კრიტიკული ძაბვების დაზუსტებული მნიშვნელობები, კერძოდ:
- ანალიზური მეთოდით ცენტრალურად და გარეცენტრალურად შეკუმშული ელემენტებისათვის გაანგარიშებული და დაზუსტებული იქნება კრიტიკული ძაბვების დაზუსტებული მნიშვნელობები მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში;
- დაზუსტებული იქნება გრძივი ღუნვის კოეფიციენტის მნიშვნელობები, საშუალო მოქნილობის ღეროებისათის მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში;
- მიღებული თეორიული შედეგები შემოწმებული იქნება ექსპერიმენტულად;
- მიღებული შედეგებით გაანგარიშებული იქნება კოლონები;
- მიღებული შედეგებით გაანგარიშებული იქნება წამწეები;
- ამ საკითხის წარმატებით დამუშავება ხელს შეუწყობს გარეცენტრალურად შეკუმშული ღეროების მდგრადობის შესწავლას მასალის მუშაობის დრეკად-პლასტიკურ არეში;
- ზემოთმოყვანილ შედეგებს უდიდესი გავლენა ექნება თანამედროვე მშენებლობის, გემთმშენებლობის, ავიამშენებლობის და ეროვნული მეურნეობის სხვა დარგებზე, რომელთა განვითარება მოითხოვს ღეროვანი სისტემების მდგრადობაზე განსაკუთრებით ზუსტ გაანგარიშებებს.
უკან |