სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,დამოუკიდებელი საქართველო და ევროპა (1991-2003 წწ.)’’
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ლევან ტარიელაძე, ასისტენტ პროფესორი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ლევან ტარიელაძე, ასისტენტ პროფესორი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; ჯემალ კარალიძე, პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი; მირიან ფუტკარაძე, ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტი
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 20.03.2024-31.07.2025
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
აქტუალობა:
ისტორიულად, საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ყოველთვის მიისწრაფოდა ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ. მცირე სახელმწიფოებისთვის მნიშვნელოვანი იყო და არის საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში დამკვიდრებისათვის გავლენიანი პარტნიორების მხარდაჭერა.
დღიდან დამოუკიდებლობისა საქართველო მიისწრაფოდა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. ეს მიზანი ჯერ კიდევ ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში გააჟღერა მაშინდელმა მთავრობამ და მას შემდეგ პრაქტიკულად ყველა ხელისუფლება აცხადებდა, რომ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაცია იყო.
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები 1991-1992 წლიდან იღებს სათავეს, მას შემდეგ, რაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და საქართველო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. საქართველო მაშინ ღრმა კრიზისში შედიოდა, რომელიც საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებული ეკონომიკური კავშირების ნგრევის, გასაღების ბაზრების დაკარგვის, შიდა კონფლიქტების, პოლიტიკური არასტაბილურობის, სოციალური გაჭირვებისა და სხვა უამრავი ნეგატიური მოვლენის ფონზე ვითარდებოდა. საქართველოსთვის ევროკავშირის დახმარებამ 90-იან წლებში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარებაში, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის პოლიტიკური მხარდაჭერაც ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვაში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში მისი ინტეგრირების საქმეში.
აღნიშნულიდან გამომდინარე ვფიქრობთ, საკითხი ცალსახად აქტუალურია. კვლევითი პროექტის ფარგლებში, ჩვენთვის კონკრეტულად საინტერესოა, საქართველოს ევროინტეგრაციის გრძელი გზის ის მონაკვეთი, როდესაც გაჩნდა პირველი ურთიერთობები დამოუკიდებელ საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის, გადაიდგა პირველი ნაბიჯები და პირველად დაფიქსირდა საქართველოს მისწრაფება გამხდარიყო ევროპული ოჯახის წევრი. 1991-2003 წლები იყო ურთულესი საქართველოსთვის, დატვირთული შიდა კონფლიქტებით, მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარებით. სწორედ ამ რთულ პერიოდში, საქართველოს მისწრაფებამ ევროკავშირისადმი და ევროპული ქვეყნების სოციალურმა და პოლიტიკურმა მხარდაჭერამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის დასტაბილურებაში.
კვლევის მიზნები:
1. საკითხის ირგვლივ არსებული სამეცნიერო ლიტერატურის, საარქივო და პრესის მასალების, პოლიტიკური თანამდებობის პირების მემუარებისა, ინტერვიუების და კვლევის პროცესში მოპოვებული სხვა წყაროების კრიტიკული ანალიზის და შეჯერების შედეგად, ახალი სამეცნიერო ნაშრომის მომზადება;
2. კვლევის პროცესში მიღებული შედეგები, სათანადო მეცნიერული დამუშავების შედეგად გამოქვეყნდება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალებში;
3. პროექტით განხორციელებული სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია გავრცელდება საჯარო ლექციებისა და მოხსენებების გზით, ადგილობრივ თუ საზღვარგარეთ ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციებზე.
ამოცანები:
- პროექტის სამეცნიერო კონსულტანტთან შეთანხმებით კვლევითი სტრატეგიების შემუშავება;
- ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო უწყებათა არქივებში (საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სააგენტო) მოძიებული მასალების დამუშავება და ბიბლიოგრაფიის შედგენა;
- კვლევის შედეგების გავრცელება სამეცნიერო-საგანმანათლებლო ინსტიტუციებში ლექციებისა და საჯარო მოხსენებების გზით.
- პროექტის კონსულტანთან ერთად კვლევის შედეგების შეჯამება, ნაშრომის სტრუქტურის დაზუსტება და ნაშრომის დაწერა;
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები
კვლევითი პროექტის განხორციელების შედეგად სამეცნიერო/აკადემიურ სივრცეს და საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას შეემატება ახალი ნაშრომი, სადაც დინამიურად იქნება განხილული და გაანალიზებული 1991-2003 წლებში, ახლად დამოუკიდებლობა მოპოვებული საქართველოსა და ევროპის ქვეყნების ურთიერთობების სირთულეები, შემზღუდავი ფაქტორები, სიკეთეები და პროგრესი, რაც მიღებული და მიღწეული იქნა სახელმწიფოს მიერ იმ პერიოდში, ევროპასთან ურთიერთობით.
უკან |