სამეცნიერო კვლევები

ობსიდიანის ტრანსპორტირება და Homo Sapiens-ის მობილურობა დასავლეთ ამიერკავკასიაში ადრე ჰოლოცენის ხანაში

ამეცნიერო პროექტის დასახელებაობსიდიანის ტრანსპორტირება და Homo Sapiens-ის მობილურობა დასავლეთ ამიერკავკასიაში ადრე ჰოლოცენის ხანაში

გრანტის დაფინანსების წყარო:  შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

წამყვანი ორგანიზაცია - აჭარის მუზეუმი

თანამონაწილე ორგანიზაცია - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი:  გურამ ჩხატარაშვილი (ბსუ-ს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის მოწვეული მასწავლებელი)

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: გურამ ჩხატარაშვილი, თეონა ზოიძე (კოორდინატორი), მერაბ ხალვაში (თანახელმძღვანელი), თამაზ დარჩიძე, თენგიზ მეშველიანი, ვალერი მანკო, არტურ პეტროსიანი, ჰაიკ ჰაიდოსიანი

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 01.06.2023-01.06.2024

ობსიდიანი, როგორც ვულკანური მინა წარმოადგენდა საკმაოდ მოთხოვნად ნედლეულს ქვის იარაღების დასამზადებლად. მისი გამოყენების ყველაზე უძველესი ფაქტი უკავშირდება ძალიან შორეულ წარსულს - ოლდუვაის ეპოქას, როდესაც Homo-ს გვარის მატარებელმა უძველესმა წინაპრებმა აფრიკის კონტინენტზე პირველებმა დაამზადეს ობსიდიანის იარაღები. თანდათანობით ობსიდიანი სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი პროდუქტი გახდა, რაც კარგად ჩანს არქეოლოგიური ძეგლების ქვის ინვენტარში.

ობსიდიანის გავრცელება დაკავშირებულია ვულკანური წარმოშობის მთებთან, ე.ი. ობსიდიანის წყაროები მდებარეობს ისეთ ადგილებში, რომლებიც რამდენიმე მილიონი წლის წინ ვულკანის ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნა. ობსიდიანის თითოეულ წყაროს გააჩნია თავისი უნიკალური ,,გეოქიმიური პორტრეტი“ (ანუ ზოგიერთი ელემენტის ქიმიური შემადგენლობა). შესაბამისად, ობსიდიანის არტეფაქტების და მისი წყაროების ზუსტი იდენტიფიცირება და მიღებული მონაცემების ერთმანეთთან შეჯერება იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას თვალი გავადევნოთ უძველეს ადამიანთა მობილურობასა და მიგრაციულ პროცესებს.

საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების დროს ობსიდიანის არტეფაქტებიც საკმაო რაოდენობით გვხვდება. თუმცა, აღსანიშნავია ერთი მნიშვნელოვანი კანონზომიერებაც: პალეოლითურ ფენებში ობსიდიანი ძალიან მცირეა, მეზოლითისა და ნეოლითის ფენებში კი გაცილებით დიდი. უმეტეს შემთხვევაში, მათი რაოდენობა ქვის მთლიანი კომპლექსის 40-45 %-ს აღწევს. როგორც ჩანს, ნეანდერტალელები ნაკლებ მობილურები იყვნენ, ვიდრე Homo Sapiens-ები.

 

    პროექტის ძირითადი მიზნებია:

  ● დასავლეთ ამიერკავკასიის ადრე ჰოლოცენის ეპოქის ძეგლებზე სხვადასხვა დროს მოპოვებული ობსიდიანის არტეფაქტების გეოქიმიური კვლევა.

  ● ლაბორატორიული სამუშაოების ჩატარება: ადრე ჰოლოცენის კოლექციაზე მუშაობის დროს ინტერდისციპლინური კვლევების და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით ჩატარდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ლაბორატორიული ანალიზი. ობსიდიანის გეოქიმიური ანალიზი საშუალებას მოგვცემს გავიგოთ წყაროს ადგილმდებარეობა და განვსაზღვროთ იმდროინდელი ადამიანის მობილურობა; რადიოკარბონული კვლევა (C14 AMS) საშუალებას მოგვცემს ზოგიერთ ძეგლზე მივიღოთ აბსოლუტური თარიღი.

  ● კვლევის შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში: კვლევის შედეგად მიღებული შედეგები სათანადო მეცნიერული დამუშავების შედეგად გამოქვეყნდება Elsevier-ის სამეცნიერო ბაზებში შემავალ ჟურნალებში. ეს უკანასკნელი საშუალებას მოგვცემს მსოფლიოს პრეისტორიული ეპოქის (და არამარტო) სპეციალისტებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ახლადმიღებული ინფორმაცია.

● კვლევით მიღებული შედეგების გავრცელება ფართო საზოგადოებაში: პროექტით განხორციელებული სამუშაოების შედეგად მიღებული ახალი ინფორმაცია გავრცელდება საჯარო მოხსენებებისა თუ პრეზენტაციების (უნივერსიტეტში და მუზეუმებში) საშუალებით, საქართველოს და საზღვარგარეთის საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის გზით. ამასთან ერთად, გამოყენებული იქნება ტრადიციული და სოციალური მედია.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში დაცული ადრე ჰოლოცენის ხანის ობსიდიანის არტეფაქტების კვლევა, რომელიც დაგვეხმარება იმდროინდელ ადამიანთა მობილურობისა და მიგრაციული პროცესების დადგენაში. 

ჩვენი პროექტის წამყვანი (აჭარის მუზეუმი) და თანამონაწილე ორგანიზაციები (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) წარმოადგენს აჭარის რეგიონში მძლავრ სამეცნიერო-კვლევით და საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც მატერიალურ-ტექნიკური ბაზითა და ადამიანური რესურსით უზრუნველყოფენ პროექტის. 

პროექტით გათვალიწინებულია ორი სამეცნიერო სტატიის გამოცემა მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც ხილვადი იქნება ევროპის და, ზოგადად, მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ბაზებში. ამასთან ერთად, გაკეთდება მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე, ჩატარდება საჯარო პრეზენტაციები, ინფორმაცია გადაიცემა მედია (ტრადიციული და სოციალური) საშუალებებით.

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა