სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,ოსმალურ საეკლესიო დავთრებში დაცული ცნობები ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ“
გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ პროფესორი, ზაზა შაშიკაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ნიაზ ზოსიძე, ალკაზარ კაშია, თურქოლოგი, ლინგვისტიკის დოქტორი (ახალგაზრდა მეცნიერი).
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 36 თვე (24.12.2021-24.12.2024)
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: პროექტის მიზანია, ოსმალურ საეკლესიო დავთრებში და სხვადასხვა დოკუმენტებში ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ გაბნეული ცნობების მოძიება, თარგმნა და მეცნიერული დამუშავების შემდგომ მათი გამოქვეყნება.
ცნობილია, რომ XVI ს-ში ოსმალეთის იმპერის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდა, როგორც საქართველოს, ასევე მის ფარგლებს გარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების დიდი ნაწილი. განსაკუთრებით ეს ეხება ე.წ. ტაო-კლარჯეთის, იერუსალიმის და კვიპროსის ქართულ სასულიერო კერებს. აღნიშნული პერიოდიდან XIX საუკუნის 80-იან წლებამდე, ანუ ოსმალთა მმართველობის მთელ პერიოდში, აღნიშნული ეკლესია-მონასტრების ცხოვრებისა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საეთოდ არ მოგვეპოვება, თუ არ ჩავთვლით მცირე გამონაკლისს.
ოსმალეთის იმპერიაში ქრისტიანული თემის ყოფის აღსაწერად, მათი საჭიროებებისა და ხარჯების აღსარიცხავად, ეკლესიების და სასულიერო ცენტრების კონტროლის მიზნით ხელისუფლება ქმნიდა ცალკე, საეკლესიო დავთრებს. ისინი გაერთიანებულია ,,სულთნის დივანის (საბჭოს)“ ნუსხებში და გაბნეულია არქივის სხვადასხვა ფონდებში. მათში მრავლადაა ცნობები ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებ.
ჩანაწერების მოძებნა ერთობ რთულია. მიზეზი კი ისაა, რომ საეკლესიო დავთრებში ცალკე არ არის გამოყოფილი ინფორმაცია ქართული ეკლესიების შესახებ და ჩანაწერები უნდა მოიძებნოს ე.წ. მართლმადიდებლურ-ბერძნულ და სომხურ (ცნობილია, რომ აღმოსავლეთ ანატოლიაში ქართული ეკლესია-მონასტრები იმპერიამ თავიდანვე სომხურ საკათალიკოსოს დაუქვემდებარა). ასევე იერუსალიმის დოკუმენტებში, რაც ერთობ შრომატევადი საქმეა. საეკლესიო დავთრებში მოცემულია საინტერესო ცნობები ოსმალთა დაპყრობების პირველ პერიოდში საეკლესიო ცხოვრების შესახება. მათში ასევე ჩანს უფრო შემდგომ პერიოდში ეკლესიების მეჩეთებად გადაკეთების ფაქტები და, რაც ყველაზე საინტერესოა, ქრისტიანული თემის თანდათანობითი ისლამიზაციის პროცესი.
აღნიშნულ დოკუმენტებში ქართული ეკლესიების შესახებ მასალების მოძიება, მათი თარგმნა, დამუშავება და გამოცემა უთუოდ გაამდიდრებს, როგორც ქართული ეკლესიის, ასევე მთლიანად საქართველოს ისტორიას. ოსმალო მოხელეები ზედმიწევნით აღწერდნენ ყველა ფაქტს, ეხებოდა ეს ფინანსებს, თუ სხვადასხვა მილეთს (თემს), რომელიც გაერთიანებული იყო ეკლესიაში.
უკან |