სამეცნიერო კვლევები

„ბიზანტია და სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ახ.წ. IV-VII საუკუნეებში - არქეოლოგიური ძეგლები“

გრანტის დაფინანსების წყარო: შოთა რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი თამაზ დარჩიძე
 

დისერტაციის ხელმძღვანელი: ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი შოთა მამულაძე

დისერტაციის თანახელმძღვანელი: ბსუ-ს ემერიტუს-პროფესორი ამირან კახიძე

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2021-2023

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: კვლევა მიზნად ისახავს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ადრე შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის არსის, მისი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური მნიშვნელობის, ხასიათის დადგენას. რეგიონში საქალაქო ცხოვრების შესწავლას და მისი თავისებურებების განსაზღვრას.

ადრე შუასაუკუნეები საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი საკვანძო ეტაპია. აღმოსავლეთ რომის იმპერიაში დაწყებული გარდაქმნების კვალდაკვალ ჩვენს რეგიონშიც ხდება უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, ძვრები როგორც ეკონომიკაში ასევე პოლიტიკურ ცხოვრებასა და კულტურაში. არსებითია ის, რომ სათავე დაედო ახალ ეკონომიკურ ფორმაციას ფეოდალური ურთიერთობების სახით, მიმდინარეობს გაუთავებელი ომები ახლადწარმოშობილ ლაზიკის სახელმწიფოში ჰეგემონობისათვის ირანელებსა და ბიზანტიელებს შორის და ა.შ. ქვეყანაში გავრცელდა ახალი ქრისტიანული იდეოლოგია, ადრე შუასაუკუნეების ბოლო ეტაპისათვის მომზადდა ნიადაგი საქართველოს გაერთიანებისათვის. ახ.წ IV-VII საუკუნეებში სამხრეთ დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვანი რეგიონალური პროცესების აქტიური მონაწილე იყო. „დიდი ომიანობა“ ლაზეთში ბიზანტიასა და ირანს შორის ამ ისტორიული პროცესების მნიშვნელობას განსაკუთრებით წარმოაჩენს. ბიზანტიის აღმოსავლური ექსპანსიის შედეგად სამხრეთ-დასავლეთ საქართველო მეტწილად ექცევა ბიზანტიური ეკონომიკის, კულტურისა პოლიტიკის გავლენის ქვეშ. ამავე პერიოდში წარმოიქმნენ და განვითარდნენ ახალი საქალაქო ცენტრები, რომელთა სამხედრო და სამოქალაქო ხასიათი, განვითარების თავისებურებები, მათი ეკონომიკური და პოლიტიკური კონტაქტები, აღზევება და დაცემა კვლავ რჩება მეცნიერული ინტერესის სფეროდ და კვლევითი სამუშაოების გაღრმავებას მოელის.

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად დაგროვილი ცოდნის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეტრა-ციხისძირი ადრე შუა საუკუნეების დაწინაურებული საქალაქო ცენტრია მისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურითა და არქიტექტურული კონპლექსებით. ციხისძირი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ეგრისში წარმოებულ სამხედრო მოვლენებში, ამის მანიშნებელია ძეგლის მძლავრი საფორთიფიკაციო სისტემა, რომელიც გაშლილია ორ ბორცვზე და წარმოადგენდა საზღვაო-სახლმელეთო სივრცის კონტროლის ძლიერ სისტემას. პეტრა-ციხისძირში ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიებით მოპოვებული მასალები გარკვეულ წარმოდგენას გვაძლევს ძეგლის ხასიათზე მაგრამ მრავალი საკითხი საჭიროებს მეცნიერულ შესწავლასა და ხელახალ დაზუსტებას. მაგალითად: ა) ძეგლის სტრატიგრაფია და დანიშნულების კვლევა, პეტრას აკროპოლისის მშენებლობისა და განვითარების ეტაპების დადგენა; ბ) აკროპოლისის შენობა-ნაგებობათა კვლევა, რომელთა ფუნქციური დანიშნულებაც ამ ეტაპზე დაუდგენელია; გ) პეტრას საქალაქო ტიპის დასახლების განვითარების წინაპირობები და დასახლების სოციალურ-ეკონომიკური სტრუქტურა, პეტრას აკროპოლისის დაცემის შემდგომ მისი განვითარების ხასიათი და თავისებურებები; დ) პეტრას ლოკალიზაცია და მისი ციხისძირთან იდენტიფიკაციის პრობლემები, ძეგლთან დაკავშირებული წერილობითი და ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შეჯერება და ანალიზი;

აღსანიშნავია, რომ პეტრა-ციხისძირის დეტალური შესწავლა რეგიონში საქალაქო ცხოვრების განვითარების ხანგრძლივ და მეტნაკლებად უწყვეტ სურათს მოგვცემს, რაც შესაძლებელს გახდის გავაკეთოთ დასკვნები სხვადასხვა საისტორიო პრობლემაზე. ადრეშუასაუკუნეებში საქალაქო ცხოვრებაში მნიშნელოვანი ცვლილებები შეიტანა ქრისტიანული რელიგიის გავრცელებამ. ქრისტიანული ხუროთმოძღვრული ძეგლები ამ ეპოქის ქალაქების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. პეტრა-ციხისძირი ის იშვიათი ძეგლია სადაც საფორთიფიკაციო, სამხედრო მნიშვნელობის მქონე პუნქტში განვითარდა საეკლესიო ხუროთმოძღვრება, საეკლესიო ცენტრი, რაც უფრო ამძაფრებს ძეგლის ყოველმხრივი შესწავლის აუცილებლობას, მით უფრო, როცა ჯერ კიდევ ბუნდოვანია ციხისძირში შესწავლილი ზოგიერთი საეკლესიო ნაგებობის ნაშთებისა და ნივთიერი მასალის ქრონოლოგიური კუთვნილება.

ადრე შუა საუკუნეებში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში დასახლების ნიშნები ჩანს ფიჭვნარსა და გონიო-აფსაროსშიც. ფიჭვნარის ტერიტორიაზე გამოვლენილია და შესწავლილი საკმაო რაოდენობის ადრე შუა საუკუნეების სამარხები, სამარხეული ინვენტარი წარმოდგენას გვაძლევს იმ დროინდელი მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობზე, საზოგადოების ცხოვრების ამა თუ იმ მხარეზე. ფიჭვნარის ადრე შუა საუკუნეების მასალები კომპლექსურ შესწავლას საჭიროებს, რაც აქამდე არ განხორციელებულა, როგორც ჩანს, ადრე შუა საუკუნეებში ფიჭვნარში საქალაქო დასახლება ანტიკური ხანის ნაქალაქარის ტერიტორიაზე კვლავ აღმოცენდა, მნიშვნელოვანი იქნება, რომ გამოკვლეული იქნას ფიჭვნარის ტერიტოტრიაზე ადრებიზანტიური პერიოდის შესაძლო საქალაქო დასახლება და მისი ინფრასტრუქტურა.

კვლევის შედეგები საშუალებას მოგვცემს უკეთ დავინახოთ ბიზანტიის გავლენა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ზღვისპირეთზე, აქ განვითარებულ საქალაქო ცხოვრებაზე, მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მდგომარეობაზე, რეგიონის საერთაშორისო კონტაქტებზე. კვლევის შედეგად უკეთ გავიაზრებთ ადრე შუასაუკუნეების ზღვისპირეთის არქეოლოგიური ძეგლების მნიშვნელობას და მათ თავისებურებებს. შეიქმნება ამ ძეგლების დაცვის, წარმოჩენისა და პოპულარიზაციისათვის საჭირო უფრო მეტი თეორიული ცოდნა. კვლევის შედეგად შესწავლილი ისტორიული პროცესები და მასთან დაკავშირებული არტეფაქტები დადებით გავლენას მოახდენს ამ მიმართულებით სამომავლოდ დაგეგმილ კვლევით სამუშოებზე და შეიტანს მნიშვნელოვან წვლილს რეგიონის არქეოლოგიური შესწავლის საქმეში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა