სამეცნიერო პროექტის დასახელება: „ისტორიისა და კულტურის ძეგლები მაჭახლის ხეობაში“
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის დირექტორი, ისტორიის დოქტორი როინ მალაყმაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნოდარ კახიძე, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი ჯემალ მიქელაძე, დოქტორანტი სულხან მამულაძე, სტუდენტი ანნა ბაგრატიონი,
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2018 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა: მაჭახლის ხეობა ყოველთვის აქტიურ როლს თამაშობდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ეს ხეობა ტერიტორიულად დიდი არ არის, მაგრამ ისტორიამ მას ბედად არგუნა თავისი კულტურული და პოლიტიკური წარსულით ეთამაშა გამორჩეული როლი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ისტორიაში, რაც კარგად ჩანს მისი ისტორიისა და კულტურის ძეგლებში. მართალია, დღემდე ბევრჯერ დაწერილა მაჭახლის ხეობის შესახებ სხვადასხვა ავტორთა მიერ, მაგრამ ასევე ბევრი რამ დღემდე უცნობია ორად გაყოფილი მაჭახლის ცალკეული ერთეულების ისტორიული წარსულის შესახებ. და, ეს პირველ რიგში მისი ისტორიისა და კულტურის ძეგლებს შეეხება. სწორედ ამ ძეგლების ყოველმხრივი და სიღრმისეული კვლევა განაპირობებს საგრანტო თემის აქტუალობასა და სამეცნიერო ღირებულებას.
პროექტში მთლიანობაში იქნება შესწავლილი ორად გაყოფილი (საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკაში მოქცეული) მაჭახლის ხეობის ისტორიისა და კულტურის ძეგლები. ამასთან, ამ ძეგლების აღწერა, შესწავლა და შედეგების მეცნიერულად გაფორმება (მონოგრაფია) პროექტის ფარგლებში პირველად განხორციელდება. თემის აქტუალობას განაპირობებს ისიც, რომ ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გაიზარდა მაჭახლის ხეობისადმი ინტერესი, 2012 წელს შეიქმნა „მაჭახელას ეროვნული პარკი“, რამაც კიდევ უფრო გაზარდა ხეობის ისტორიული ღირებულება და ტურისტული პოტენციალი.
პირველ რიგში ყურადღებას იქცევს ქვითკირით ნაშენი მარან-საწნახლებისა და ხეობის თითქმის ყველა სოფელში მიწაში მრავლად ჩამარხული ქვევრები, საფორტიფიკაციო ნაგებობები. პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ქვის თაღიანი ხიდების აღწერა-შესწავლა. მაჭახლის ხეობის ორივე ნაწილში დღეისათვის ფიქსირდება 10-ზე მეტი ასეთი ხიდი, რომლებიც შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდში უნდა იყოს აგებული ოსმალთა ბატონობამდე. მაჭახლის ხეობა სხვადასხვა სიდიდისა და ფორმის ქვის საცეხველებითაც გამორჩეულია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში. ისტორიისა და მატერიალური კულტურის ძეგლების კატეგორიაში განიხილება წყლის შადრევნები და პურის საცხობი ძველი თონეები. ცალკე და საგანგებო შესწავლას საჭიროებს ქრისტიანული საკულტო ძეგლების ფიქსაცია. ოსმალთა ბატონობის დროს მაჭახლის ხეობაში ყველა ეკლესია დაინგრა და დღემდე მათი ნაშთიც არ შემორჩენილა, გარდა ზედა მაჭახლის ეფრატის ეკლესიისა, რომლის ერთი კედლის ნაშთი და ერთ-ერთი მისი დამხმარე ნაგებობა დღესაც შემორჩენილია. ეს ნაშთები დღემდე შეუსწავლელია. პროექტი ითვალისწინებს მაჭახლის ხეობის იმ ნასოფლარების შესწავლასაც, რომლებიც არსებობს ზედა ჩხუტუნეთში, დავითეთის დასახლებასთან ახლოს (თაგვავრას ნასოფლარი) მეგალითური კულტურის ნაშთების სახით და ქვედა ჩხუტუნეთში (კინტურეთის ნასოფლარი). ამ ნასოფლარების შესახებ მეცნიერებამ და საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცის.
სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება მაჭახლის ხეობის ინტერაქტიული რუკა, სადაც დატანილი იქნება არსებული უმნიშვნელოვანესი ძეგლები. მდიდარი, სათანადოდ სისტემატიზებულ ფოტოგალერეა (ზოგადი ხედების, დეტალების, ამსახველ ფოტომასალას ძეგლის შესაბამისი GPS კოორდინატებთან ერთად), არქიტექტურულ ანაზომები, ნახაზები და მოკლე საინფორმაციო ტექსტი განთავსდება ელექტრონულ ბაზაში, რომელიც პირველ რიგში დიდ სამსახურს გაუწევს საკვლევი რეგიონით დაინტერესებულ სამეცნიერო წრეებს და, ასევე, უკეთესად წარმოაჩენს რეგიონის ტურისტულ პოტენციალს. ასევე, მოხდება რეკონსტრუქცია და ელექტრონულ რუკაზე წარმოდგენა შესასწავლ რეგიონში გამავალი საქარავნო გზებისა. სამეცნიერო მიმოქცევაში შევა მაჭახლის ხეობის არქიტექტურის, ტოპონიმიკისა და ეთნოლოგიის უცნობი თუ ნაკლებად ცნობილი მასალები.
პროექტის ფარგლებში გამოიცემა მონოგრაფია ვრცელი სამეცნიერო გამოკვლევით, ფერადი ილუსტრაციებითა და კატალოგით.
უკან |