სამეცნიერო პროექტის დასახელება: ,,ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში და მათი გამომწვევი რისკ-ფაქტორების შესწავლა“
გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი მზია ბაქრაძე
სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი:
ფრიდონ ჯაფარიძე - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტი, „ბსუ დენტის“ დირექტორი;
მარიამ გოგოტიშვილი - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის სტომატოლოგიის დეპარტამენტის ასისტენტი.
სტუდენტები:
სალომე გვარიშვილი - სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი;
ლანა ჯაფარიძე - - სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტი;
სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2020 წ.
პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:
კვლევის მიზანია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებში ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების, სავარაუდო წამყვანი ეტიოლოგიური რისკ-ფაქტორებისა და პროფილაქტიკური ღონისძიებების განსაზღვრა.
დასახული მიზნის მისაღწევად საჭიროა შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:
- ბსუ-ს სტუდენტთა სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა;
- პირის ღრუს ჰიგიენური მდგომარეობის შეფასება;
- სტუდენტთა სოციალური, ალიმენტური ფაქტორებისა და ჰიგიენური ჩვევების შესწავლა;
- სტომატოლოგიური მომსახურების დონე (მოცულობა) მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
- ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა რეგიონული ეტიოლოგიური რისკ-ფაქტორების გამოვლენა;
- ეტიოლოგიური რისკფაქტორების ურთიერთკავშირის კორელაციური ანალიზი.
ბსუ-ს სტუდენტთა სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კვლევებით დადგინდება ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა გავრცელებისა და ინტენსივობის მაჩვენებლები, რომელთა საშუალებით დგინდება პროფილაქტიკურ ღონისძიებათა საჭიროება. პირის ღრუს არაჰიგიენური მდგომარეობა არის ერთერთი წამყვანი რისკ-ფაქტორი ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა განვითარებაში, მიღებული მონაცემები საშუალებას მოგვცემს განვსაზღვროთ ჰიგიენურ ღონისძიებათა მასშტაბები. სპეციალურად შემუშავებული კითხვარებით დადგინდება საკვლევი ჯგუფის ინდივიდებში სოციალური სტატუსის და კვების რაციონის თავისებურებები, რომელიც გათვალისწინებული იქნება სხვა რისკ-ფაქტორებთან ურთიერთკავშირში
ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებები (კბილის კარიესი და პაროდონტის ქსოვილთა პათოლოგიები) მსოფლიოში ერთერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებს მიეკუთვნებიან. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით კარიესით დაავადებულია სასკოლო ასაკის მოსახლების 60-90% და მოზრდილი მოსახლეობის თითქმის 100%, ასევე საშუალო ასაკის (35-45 წელი) ადამიანების 15-20% დაავადებულია მძიმე ფორმის პაროდონტიტით.
კბილის კარიესის და პაროდონტის ანთებითი დაავადებების ეტიოპათოგენეზი დღემდე წარმოადგენს მეცნიერული ძიებისა და დისკუსიის საგანს. ზემოაღნიშნული დაავადებები იწვევენ კბილების ნაადრევ დაკარგვას, შედეგად - მეტყველებისა და ღეჭვის ფუნქციის მოშლას, სახის ფორმის შეცვლას, ესთეტიკურ და ფსიქოსოციალურ არასრულყოფილებას, საჭმლის მომნელებელი და ორგანიზმის სხვა სისტემების პათოლოგიებს: ქრონიკული ინფექციური კერების გაჩენას, რეაქტიულობის ცვლილებას და სხვ.
საკითხის პრობლემატურობაზე მეტყველებს სამეცნიერო ნაშრომთა დიდი რაოდენობა, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ თემას სხვადასხვა კონტექსტში განიხილავენ.
კარიესის გავრცელებისა და ინტენსივობის თავისებურებების შესწავლა აუცილებელია კლიმატო-გეოგრაფიული პირობების, სოციალურ-ეკონომიური და ჰიგიენური ფაქტორების გათვალისწინებით.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით კარიესის გავრცელება მერყეობს 70%-დან 100%-მდე და არა აქვს კლების ტენდენცია. ავტორთა უმრავლესობა აღნიშნავს, რომ სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა მიეკუთვნება ერთერთ ეფექტურ მეთოდს ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებების შესამცირებლად, ასევე პაროდონტის დაავადებები ხასიათდება სტაბილური ზრდითა და ფართო გავრცელებით ბავშვთა და მოზრდილ მოსახლეობაში. ბავშვთა მოსახლეობაში უფრო ხშირად პაროდონტის დაავადებები გვხვდება სკოლის ასაკში: 30-50% 12 წლის ასაკში, 55-96% 15 წლის ასაკში.
კბილის კარიესი მიეკუთვნება ყველაზე გავრცელებულ პათოლოგიებს სტომატოლოგიურ დაავადებათა შორის, რომელიც უარყოფით ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს მოსახლეობის ზოგად ჯანმრთელობაზე.
კარიესის გავრცელება და ინტენსივობა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორებზე: გარემოს ეკოლოგიურ და ბიოგეოქიმიურ თავისებურებებზე, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიურ პირობებზე, კვების ხასიათზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, მშობლების განათლებისა და პირველადი პროფილაქტიკის დონეზე.
მოსახლეობაში კარიესისისა და პაროდონტის დაავადებების მაღალი გავრცელება და ინტენსივობა, ასევე პირის ღრუს ჰიგიენის დაბალი დონე ზრდის სტომატოლოგიურ დაავადებების პროფილაქტიკის აქტუალობას.
კბილების კარიესი ფართო გავრცელებისა და მაღალი ინტენსივობის გამო რჩება სტომატოლოგიური სამსახურისათვის ერთერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემად.
ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა რისკ-ფაქტორებს შორის ძალზედ მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პირის ღრუს ჰიგიენურ მდგომარეობას, რამდენადაც არაჰიგიენური მდგომარეობის დროს პირის ღრუში აღინიშნება კბილის ნადებები, რომლებიც მიკროორგანიზმების გროვებს წარმოადგენენ, ნადები მჭიდროდ ეკვრის კბილის ზედაპირის გარკვეულ უბნებს და მათი ცხოველმოქმედების შედეგად გამოყოფილი მჟავები იწვევენ მინანქრის დემინერალიზაციას, რაც კარიესული პროცესის დასაწყისს წარმოადგენს. ნადებების ყველაზე ხშირი ლოკალიზაციის ადგილია კბილის ყელის მიდამო, კბილ-ღრძილოვან ღარში ხდება მიკროორგანიზმების თავმოყრა, მათი ცხოველქმედების შედეგად წარმოიქმნება პროტეოლიზური ფერმენტები - კოლაგენაზა და ესტელაზა, რომლებიც იწვევენ ღრძილის უჯრედებისა და კოლაგენური ბოჭკოების დაშლას და დაზიანებას, რასაც მოჰყვება მათი დესტრუქცია და პაროდონტული ჯიბის წარმოქმნა. პირის ღრუში რბილი ნადების ხანგძლივად დაყოვნების შემთხვევაში ხდება მისი მინერალიზაცია წარმოიქმნება კბილის ქვები რომელიც მიკროორგანიზმების მოქმედების გარდა წარმოადგენს ღრძილების მექნიკური ტრავმირების ფაქტორს. ამგვარად არაჰიგიენური მდგომარეობა წარმოადგენს რისკ-ფაქტორს,
როგორც კარიესის ისე პაროდონტის ანთებითი დაავადებების წარმოშობა - განვითარებაში
ჩვენს ქვეყანაში სტომატოლოგიის დარგის სრულმა კომერციალიზაციამ ხელი შეუწყო დარგის ცალკეული მიმართულებების განვითარებას, ქვეყნის მასშტაბით გაიხსნა ახალი სტომატოლოგიური კლინიკები და კაბინეტები, გადახალისდა ტექნიკა დანადგარები, დაინერგა მკურნალობის თანამედროვე საშუალებები და ტექნოლოგიები, რომლებიც მუდმივად განიცდის განვითარებას და ისინი ძირითადად მიმართულია უკვე განვითარებული დაავადებების სამკურნალოდ.
დადებითი ტენდენციების მიუხედავად დარგის კომერციალიზაციას მოჰყვა ნეგატიური შედეგებიც. კერძოდ, არარენტაბელობის გამო პროფილი შეიცვალა და დაიხურა ბავშვთა სტომატოლოგიური კლინიკები და კაბინეტები, რომლებიც ძირითადად სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკური ღონისძიებები ხორციელდებოდა. Aარსებულ ვითარებას ამძიმებს მოსახლეობის არასახარბიელო სოციალური მდგომარება და სახელმწიფოს მხრიდან პროფილაქტიკური ღონისძებების მიმართულებით ფინანსური მხარდაჭერის უქონლობა.
საქართველოს სტომატოლოგიურ პრაქტიკაში დღემდე არ არსებობს სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის საერთო სახელმწიფოებრივი პროგრამა, რაც ბევრ ქვეყანაში სტომატოლოგიური სამსახურის მრავალწლიან ძირითად სამუშაო გეგმას წარმოადგენს. ძირითადი სტომატოლოგიური დაავადებების გავრცელების მაღალი სიხშირე, მათი ინტენსიური მატება თანამედროვე მოსახლეობაში, განაპირობებს პროფილაქტიკისა და მკურნალობის ახალი მეთოდებისა და საშუალებების მუდმივი ძიების საჭიროებას.
კარიესით დაავადებულთა სამკურნალო მატერიალური დანახარჯები მნიშვნელოვნად აღემატება პროფილაქტიკური პროგრამების ღირებულებას, რაც განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ჯანდაცვის მართვის (მენეჯმენტის) თანამედროვე მექანიზმების პირობებში. ამიტომ აღნიშნული დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობის მეთოდების სრულყოფა სტომატოლოგიის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს.
სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა ეფუძნება ეპიდემიოლოგიურ კვლევებს. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევებით დადგენილია რომ, აღნიშნულ დაავადებათა გავრცელების სიხშირე და ინტენსივობა საკმაოდ მაღალია აჭარის რეგიონის ბავშვთა და მოზარდთა მოსახლეობაში. ეს მაჩვენებლები შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს იუვენილური - სტუდენტური ასაკის (18-25წწ.) კონტინგენტში. საკვლევი ჯგუფის ასაკის შერჩევა განაპირობებულია იმ ფაქტით, რომ ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია კარიესის წარმოშობისა და მიმდინარეობის მაღალი აქტივობა და შესაბამისად ამ პერიოდისათვის კარისის ფტორპროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება საკმაოდ ეფექტურია. სტომატოლოგიური მომსახურების ოპტიმალური ორგანიზაციისა და ნებისმიერი მოცულობის სტომატოლოგიური დახმარების, მათ შორის პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მათი გავრცელებისა და ინტენსივობის სიტუაციური ანალიზი, არამედ მრავალრიცხოვან რისკ-ფაქტორთა მიზეზ - შედეგობრივი კავშირების გამოვლენა და შეფასება, რაც ჩვენი პროექტის კვლევის საგანს წარმოადგენს.
ჩვენს მიერ პირველად ჩატარდება ბსუ-ს სტუდენტებში ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების განსაზღვრა, პირველად დადგინდება ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა რეგიონული წამყვანი ეტიოლოგიური რისკ-ფაქტორები ამ ასაკობრივ ჯგუფში. რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება პროფილაქტიკური ღონისძიებების განისაზღვრა.
პროექტის განხორციელება საშუალებას მოგვცემს კვლევაში ჩავრთოთ სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტები, რითაც ხელს შევუწყობთ მათი სამეცნიერო პოტენციალის, ასევე ბსუ - დენტის ცნობადობისა და დატვირთვის გაზრდას. კლინიკის დატვირთვის (ვიზიტების რაოდენობა) მატება საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ კვოტები დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების (რეზიდენტურა) პროგრამებზე, შესაბამისად გამდიდრდება კლინიკური მასალის (შემთხვევათა ფოტო და ვიდეო რეგისტრაცია) ბაზა, რაც ხელს შუწყობს სწავლა - საწავლების პროცესის გაუმჯობესებას.
უკან |