სამეცნიერო კვლევები

„აჭარის ზღვისპირეთის კამელიების მრავალფეროვნების შესწავლა, მონაცემთა ბაზის შექმნა და სადედე კოლექციის განახლება“

სამეცნიერო პროექტის დასახელება: „აჭარის ზღვისპირეთის კამელიების   მრავალფეროვნების შესწავლა, მონაცემთა ბაზის შექმნა და სადედე კოლექციის განახლება“

გრანტის დაფინანსების წყარო: ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამეცნიერო პროექტის ხელმძღვანელი: ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი დალი ქამადაძე.

სამეცნიერო პროექტის შემსრულებელი: უფროსი მეცნიერ თანამშრომელი რამაზ  ჭაღალიძე, აგრონომი ნუგზარ ხარაზი, სტუდენტი  ხატია მესხიძე.

სამეცნიერო პროექტის განხორციელების ვადა: 2019 წ.

პროექტის მიზანი, ამოცანები და აქტუალობა:  პროექტის მიზანია აჭარის ზღვისპირეთში ინტროდუცირებული, კამელიის გვარის უნიკალური ჯიშებისა და ფორმების ბიოლოგიური თავისებურებების აღწერა, გამრავლება და სადედე კოლექციის შექმნა, პირველად საქართველოში ფერადილუსტრირებული სამეცნიერო-პოპულარული შინაარსის ატლასის გამოცემა, რომელიც ღირებული და საინტერესო იქნება რეგიონის, ქვეყნის, საერთაშორისო მასშტაბით დაინტერესებული პირთათვის, მეცნიერთათვის, შეიქმნება ელექტრონული ბაზა ჯიშებისა და ფორმების მრავალფეროვნების შესახებ.

პროექტით განსაზღვრულ ვადაში მოხდება გასამრავლებელი ჯიშებისა და ფორმების დაკალმება, ხოლო შემდგომ პერიოდში პროექტის ფარგლებში დაკალმებული და დაფესვიანებული   მცენარეების   გამოზრდა   და   აგროტექნიკური   ღონისძიებები.   გაიცემრეკომენდაციები მცენარის გამრავლებისა და მოვლის პირობების  შესახებ, როგორც  ღია, ისე დახურული  გრუნტში  (ქოთნის  კულტურადაც),  რომელიც   ხელს   შეუწყობს მრავალფეროვანი, აქამდე უცნობი ასორტიმენტის  ფართოდ  გავრცელებას და გამოყენებას.

საქართველოს  სუბტროპიკული რეგიონები და განსაკუთრებით, აჭარის ზღვისპი- რეთი, გამოირჩევა ინტროდუცირებული, ეგზოტიკური ფლორის მრავალფეროვნებით, უმეტესი მათგანისთვის ეს რეგიონი მეორე სამშობლოდაც კი იქცა, ბევრი მათგანი ჩვენს ტრადიციულ  კულტურებთან  ერთად  უკვე  სოფლის  მეურნეობის,  დეკორატიული მებაღეობის, გამწვანების, ზოგადად ლანდშაფტური დიზაინის წამყვან კულტურად ჩამოყალიბდა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უკანასკნელის მხრივ, არის ზოგიერთი ნაკლოვანება,  კერძოდ,  ნაკლებად  მოიძებნება  შემოდგომით,  ზამთარსა  და  ადრე გაზაფხულზე მოყვავილე სახეობები, ამ მხრივ არსებული ასორტიმენტი მწირია, არადა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად უკვე ტურიზმი და ინფრასტრუქტურა ითვლება, და რომ არაფერი ვთქვათ ადგილობრივი მოსახლეობის ლამაზ და ჯანსაღ ესთეთიკურ გარემოზე მოთხოვნილება, აუცილებლად გასათვალისწინებელია ამ მხრივ ტურისტთა, ვიზიტორთა ინტერესები.
მწვანე  მშენებლობისათვის  ძვირფას  მასალას  წარმოადგენს  ჩვენში ინტროდუცირებული  მაღალდეკორატიული  ღირებულების, სათანადო  ბიოეკოლოგიური თავისებურებების  მქონე  გვარი კამელიის მცენარეთა  სახეობები, ჯიშები და ფორმები, რომელიც  ჩვენში  წარმოდგენილია  3 სახეობითა  და 100  -ზე  მეტი  ჯიშ-ფორმებით.

პროექტის მიზნების მისაღწევად გადასაჭრელია შემდეგი ამოცანები:

  1. კვლევის ობიექტების ექსპედიციური მოკვლევა;
  2. საკვლევი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოძიება, დამუშავება,  მონაცემთა ბაზის შექმნა;
  3. ვეგეტატიური გამრავლებისთვის ჯიშებისა და ფორმების შერჩევა;
  4. გამრავლებისთვის   სუბსტრატის   მომზადება   და   პოლიეთილენის   ტომრებსა   და ქოთნებში მოთავსება;
  5. საკვლევი ობიექტებიდან კალმების აღება და დამზადება;
  6. დაკალმებულ მცენარეებზე აგროტექნიკური ღონისძიებების გატარება;
  7. ფერადილუსტრირებული ატლასისთვის მასალის მოპოვება, შეგროვება, დამუშავება;
  8. საკვლევი ობიექტების ბიოლოგიური თავისებურებების აღწერა;
  9. ატლასის (ორენოვანი ქართულ-ინგლისური) გამოცემის ორგანიზება;
  10. სამეცნიერო ანგარიშის მომზადება;
  11. სადემონსტრაციო დღის მოწყობა.

ჩვენს მიერ დადგენილია, რომ კამელიის დაკალმებისთვის საუკეთესო პერიოდს წარმოადგენს ადრე გაზაფხული (ღია და დახურული გრუნტის პირობებში), დაფესვიანების მაღალ პროცენტს გვიჩვენებს ერთწლიანი და ნახევრად  გამერქნებული კალმები (30-93%).
საველე პირობებში შეგროვილი ინფორმაციის დამუშავებით შეიქმნება მონაცემთა ბაზა
და მოხდება ველზე შეგროვილი კამელიის ყვავილების ფოტომასალის დამუშავება ატლასისთვის.
ცნობიერების ამაღლების მიზნით სადემონსტრაციო დღის ჩატარება  ითვალისწინებს
სტუდენტების, მკვლევარების და ამ დარგით დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას კამელიის მრავალფეროვნების, ბიოლოგიური თავისებურებების (მათ შორის, გამრავლების) ყვავილობის და დეკორატიულობის ღირსებების შესახებ.

სამეცნიერო პროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოში პირველად შეიქმნება ელექტრონული ბაზა რეგიონში არსებული კამელიების ჯიშების შესახებ, გამოიცემა კამელიების ილუსტრირებული ატლასი რომელიც განთავსდება ელექტრონული ვერსიების სახით ეროვნულ ბიბლიოთეკაში და ხელმისაწდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. ნაშრომში   წარმოდგენილი იქნება ჩვენს მიერ იაპონური კამელიების ჯიშები სურათებითა და ბიოლოგიური აღწერებით, რომელიც პოპულარიზაციას გაუწევს აჭარის შავიზღვისპირეთში გავრცელებული კამელიის ჯიშების მრავალფეროვნებას. პროექტის განხორციელებას ექნება სამეცნიერო ღირებულება არა მარტო რეგიონისათვის, არამედ ქვეყნისათვის და ზოგადად მეცნიერებისთვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კამელიების გენეტიკური რესურსების ჯიშობრივი სიწმინდის დაცვას და მათ კონსერვაციას შემდგომი გამოყენების მიზნით.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა